როგორ შევაყვაროთ ბავშვებს კითხვა, როგორ წავაკითხოთ ის კლასიკური ნაწარმოებები რომლებზეც გავიზარდეთ და ძალიან გვინდა, რომ მათ ჩვენი შვილებიც გაეცნონ? - ეს იმ კითხვების მოკლე ჩამონათვალია, რომლებსაც მშობლები ბავშვთა ფსიქოლოგებსა თუ პედაგოგებს უსვამენ. გულწრფელ სურვილში, რომ ბავშვებს კლასიკა შევაყვაროთ, ცუდი არაფერია, მაგრამ რამდენად მზად არიან ისინი მოზარდობის პერიოდში დიდი მოცულობისა და კომპლექსური სიუჟეტური ხაზის მქონე ტექსტებს შეეჭიდონ?
სწორედ ამიტომ, დიდი გამოხმაურება მოჰყვა გამომცმელობა „პალიტრა L-ის“ პროექტს „კლასიკა მოკლედ“, რომელიც კლასიკურ ნაწარმოებთა ადაპტირებულ ვარიანტებს აერთიანებს და მათ ბავშვებისთვის უფრო მარტივად გასაგებს ხდის. აღნიშნული სერიის წიგნები მაქსიმალურად ხელმისაწვდომი რომ იყოს, მათ შეძენას 20 მაისიდან ჟურნალ „გზასთან“ ერთად სპეციალურ ფასად შეძლებთ. სერიის პირველი წიგნია შარლოტა ბრონტეს „ჯეინ ეარი“. წიგნის სპეციალური ფასია 7 ლარი, ჟურნალთან ერთად - 9 ლარი.
„კლასიკა მოკლედ“ იმ წიგნებს მოიცავს, რომლებიც 8 წლიდან ნებისმიერი ასაკის ბავშვმა შეიძლება წაიკითხოს. აქ თავმოყრილია მსოფლიო ლიტერატურის კლასიკური ნაწარმოებები, რომლებიც, ჩვეულებრივ, მათი დიდი მოცულობის გამო დიდხანს რჩება მოზარდების ყურადღების მიღმა. „კლასიკა მოკლედ“ ბავშვებს კლასიკურ ნაწარმოებებთან მარტივი გზით მიიყვანს და მათ კარგ მკითხველებად ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს.
როგორც გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ მთავარი რედაქტორი მაია ალუდაური აღნიშნავს, „კლასიკა მოკლე“, უპირველეს ყოვლისა, გათვლილია მოზარდებზე, რომლებიც დიდ წიგნებთან შეხებას სწორედ ახლა იწყებენ: „როგორც წესი, სქელტანიანი წიგნები მათ ცოტა აფრთხობთ ხოლმე, კლასიკური ლიტერატურა კი ძირითადად ასეთი ფორმატისაა. ასევე, არსებობს ადამიანების კატეგორია, რომლებსაც გაწელილი პასაჟების კითხვა არ უყვართ. კლასიკაში კი ხშირად შეხვდებით ბუნებისა და გარემოს აღწერებს, ხანგრძლივ მსჯელობებს რელიგიასა და ფილოსოფიაზე. შემოკლებული ვარიანტი მათთვის საუკეთესო გამოსავალია,“ - აღნიშნავს მაია ალუდაური.
სერიის ფარგლებში უცხოელი კლასიკოსი მწერლების ნაწარმოებები გამოიცემა. შემცირებული მოცულობის მიუხედავად შენარჩუნებულია ავტორის სტილი, მთავარი სიუჟეტური ქარგა და ნაწარმოების სხვა მთავარი ღირსებები. სერია აერთიანებს ისეთ კლასიკურ ნაწარმოებებს, როგორებიცაა: „ჯეინ ეარი“, „სამი მუშკეტერი“, „სიამაყე და ცრურწმენა“, „ტომ სოიერის თავგადასავალი“, „პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი“ და სხვ.
აღსანიშნავია, რომ სერიის ყველა წიგნი გამორჩეულია მრავალფეროვანი ილუსტრაციებით, რაც ტექსტის მარტივად აღქმასა და ინტერესის გაძლიერებას უწყობს ხელს.
საბოლოოდ, „კლასიკა მოკლედ“ - ეს არის კლასიკურ ნაწარმოებთა ადაპტირებული საკოლექციო სერია, რომლებიც ბავშვებს კლასიკური ლიტერატურის სამყაროში ღირსეულ მეგზურობას გაუწევს.
შეგახსენებთ, სერიის პირველი წიგნი - შარლოტა ბრონტეს „ჯეინ ეარი“ - 20 მაისიდან ჟურნალ „გზასთან“ ერთად გამოვა. წიგნის სპეციალური ფასია 7 ლარი, ჟურნალთან ერთად - 9 ლარი.