13 წლის ნიკოლოზ აბრამიშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება. მას თირკმლის ქრონიკული უკმარისობის ბოლო ტერმინალური სტადია აქვს და საზღვარგარეთ ძვირადღირებული ოპერაცია სჭირდება. ბავშვი ახლა იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ კლინიკაში წევს. მის დიაგნოზსა და ახლანდელ მდგომარეობზე დედა თეონა არაბული გვიყვება:
- ბავშვის დიაგნოზი თირკმლის ქრონიკული უკმარისობის ბოლო ტერმინალური სტადიაა. ამჟამად, თირკმლის ჩანაცვლებით თერაპიაზე, პერიტონეულ დიალიზზეა. თითქმის წელიწად-ნახევარი ჰემოდიალიზზე იყო, თუმცა კათეტერიზაცია აღარ ხდება და მუცლის დიალიზზე გადაიყვანეს. პარალელურად, გულზეც აქვს პრობლემები, ასევე, მაღალი არტერიული წნევა. ძვლები კალცს ვეღარ იწოვს. იაშვილის კლინიკაში საკმაოდ მწვავე მდგომარეობით შემოვედით, ახლა რეანიმციულ განყოფილებაში აღარ ვართ, მაგრამ ჯერჯერობით მდგომარეობა ისევ მწვავე რჩება. ოჯახის წევრები დონორებად არ გამოვდექით. ოპერაციის ჩატარება თურქეთის კლინიკაშია შესაძლებელი. ოფიციალური კალკულაცია ჯერ არ მაქვს, მაგრამ 43 ათასი დოლარია საჭირო, რითაც წინასაოპერაციო კვლევები, ოპერაცია, იქ ყოფნის პერიოდი და პოსტოპერაციული პერიოდის თანხა დაიფარება. ბავშვი ახლა შედარებით უკეთაა, წუწუნებს, წოლით დაიღალა, სტკივა კათეტერის ადგილები, ნაჭრილობევი მუცელი და არტერიული წნევაც მაღალი აქვს. ზუსტი დიაგნოზი, შეძენილია თუ თანდაყოლილი, არ ვიცით.
თავიდან, პირველი მიზეზი, რის გამოც ექიმს მივმართეთ, იყო ის, რომ 6 თვის ასაკში მუცელი არ მომეწონა. პედიატრმა მითხრა, რომ ეს იყო რაქიტული მუცელი და ბავშვს არაფერი სჭირდებოდა. 2 წლამდე ჩივილები აღარ ჰქონია, 2 წლის ასაკში კი შარდი არ მოგვეწონა. გავაკეთეთ ანალიზი და არაფერი გამოჩნდა. ექოსკოპიაზე მაინც წავიყვანეთ. რომ გადავუღეთ, აღმოჩნდა, რომ თირკმლის მწვავე უკმარისობა ჰქონდა. მაგრამ, ექიმმა მდგომარეობის დასტაბილურება მოახერხა. 10 წლის მანძილზე გეგმიურად დავდიოდით ანალიზებზე, სტაბილური მდგომარეობა იყო. ბავშვი დარბოდა, თამაშობდა, სკოლაში დადიოდა, აღმავალი ინფექციაა და ასაკის მატებასთან ერთად, მდგომარეობა დამძიმდა. ახლა მარცხენა თირკმელი საერთოდ არ ფუნქციონირებს. დღეს, ჩვენს ქვეყანაში იმდენ ბავშვს უჭირს და აქვს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა, რომ, თითქოს, მერიდება, რომ მეც ვთქვა და საზოგადოებას მივმართო, მაგრამ, მისი ჯანმრთელობა ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.
დახმარების მსურელებს თანხის ჩარიცხვა შეგიძლიათ:
თიბისი ბანკი: GE54TB7830845061600019
მიმღები: თეონა არაბული.
საქართველოს ბანკი: GE66BG0000000498999826
მიმღები: თეონა არაბული.