"ადამიანებზე დაკვირვება მიყვარს, აეროპორტი საამისოდ საუკეთესო ადგილია. იქ სხვადასხვა ეროვნების, აღმსარებლობის, კულტურის ხალხი იყრის თავს, ზოგი ლოცულობს, ზოგი შიშველი ფეხით დადის... ყველაზე მრავალფეროვანი ადგილია", - ამბობს ტანმოვარჯიშე ქეთი ხატიაშვილი. რა ენატრება ყველაზე მეტად, რა არის სიყვარული, თავისუფლება, როგორი დედაა და რა თვისება არ მოსწონს საკუთარ ხასიათში? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.
- დაბადების თარიღი...
- ...1989 წლის 24 მარტი.
- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...
- ...ბორტგამცილებელი. ეს სურვილი პირველად მაშინ გამიჩნდა, როდესაც ოჯახის წევრებთან ერთად ოდესიდან თბილისში ჩამოვფრინდი. შემდეგ ფილმი "მიმინო" ვნახე და ლარისა ივანოვნამ ძალიან მომხიბლა, სურვილი კიდევ უფრო გამიმძაფრდა.
- ჩემზე ამბობენ...
- ...ბევრს შრომობსო. ამას უმეტესად ოჯახის წევრები და ნათესავები ამბობენ. მეგობრების თქმით, მზრუნველი ადამიანი ვარ, საკუთარ თავზე ლაპარაკი ცოტათი რთულია, სხვა კარგ რაღაცებსაც ამბობენ, მაგრამ არ ჩამოვთვლი, უხერხულია.
- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...
- ...არაფერს შევცვლიდი, არც იმ შეცდომებს ავირიდებდი, რომლებიც გაკვეთილებად ვაქციე. არაფერს შევცვლიდი, რადგან ბედნიერი ვარ იმ ადამიანებით, რომლებიც ჩემ გარშემო არიან და იმ საქმით, რომელსაც ვაკეთებ. ალბათ ყველაფერი ასე უნდა მომხდარიყო.
- ჩემი პირველი წარმატება...
- ...იყო 9 წლის ასაკში, როცა პირველად საერთაშორისო ტურნირზე გავედი და მეორე ადგილი დავიკავე. მაშინდელი სიხარული რაღაც ახალი შეგრძნება იყო, ჩემს თავს სხვაგვარად შევხედე, ბევრ რამეს ახალი მნიშვნელობა მივანიჭე, საქმე კიდევ უფრო შემიყვარდა. ეს მიღწევა ჩემთვის იყო უდიდესი სტიმული, მეტი მემუშავა, განვითარებაზე თავდაუზოგავად მეზრუნა.
- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვით...
- ...მშობლებს და მწვრთნელებს. რომ არა ეს ადამიანები, დღეს ჩემს საქმეში ასეთი შემდგარი და წარმატებული ალბათ ვერ ვიქნებოდი.
- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ გამოვასწორო...
- ...ხშირად რაღაცები მავიწყდება, მათ შორის - მნიშვნელოვანი ამბებიც. ერთი პერიოდი ამ თვისებამ იმდენად შემაწუხა, ჩემს თავთან პირობა დავდე, რომ ტელეფონში ჩანაწერი გამეკეთებინა და შეხსენების რეჟიმი გამომეყენებინა, მაგრამ ჩემში ეს თვისება დღემდე ვერ დავძლიე. რამდენიმე დღის წინ, ჩემს შვილს დაბადების დღე ჰქონდა, ერთმა პიროვნებამ საჩუქარი მოართვა. იმ დროს გაკვეთილი მქონდა, ვარჯიშზე ვიყავი. ის ადამიანი გულში დიდხანს ვლოცე, როგორი ყურადღებიანია, საკუთარ შვილებს მოაკლო და იზრუნა, დაიხარჯა, რა მნიშვნელობა აქვს, 1 ლარი ღირს თუ - 10... მოკლედ, ჩემს ფიქრებში ძალიან მადლიერი ვიყავი, მაგრამ იმ დღეს მისთვის მადლობის გადახდა დამავიწყდა. ღამე გამახსენდა, ძალიან შევწუხდი, მაგრამ გვიანი იყო, ამიტომ მადლობა მეორე დღეს გადავუხადე.
- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...
- ...ძალიან ბევრი რამ, ცხოვრება ვისწავლე, ყველა შეცდომა გაკვეთილად გამოვიყენე და ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ დაშვებულმა შეცდომებმა ძალიან შემცვალა. შეიძლება, ვიღაც სხვა ადამიანის შეცდომა ათასჯერ გაიგო, გული გეტკინოს, მაგრამ ბოლომდე მაინც ისე ვერ მიიტან გულთან, როგორც საკუთარს. ამ დროს სხვა შეგრძნებები მოდის.
- როცა მომავალზე ვფიქრობ...
- ...პანდემიის პერიოდში მომავალზე ნაკლებად ვფიქრობ. სანამ ეს ვირუსი გავრცელდებოდა, გეგმა მქონდა დაწყობილი, სად მემოგზაურა, რომელ ტურნირებზე გავსულიყავი, რა გამეკეთებინა... ახლა ხვალინდელი დღით ვცხოვრობ, 6 თვის შემდეგ რა იქნება, უკვე ვეღარ გათვლი.
- ვამაყობ...
- ...რომ მყავს არაჩვეულებრივი გოგო. ანასტასია უკვე 9 წლის არის. ერთი პერიოდი ტანვარჯიში აღარ აინტერესებდა და სურდა, კოსმონავტი გამოსულიყო, ახლა ისევ ტანვარჯიშმა გაიტაცა. თავად ამბობს, რომ მეგობრული დედა ვარ. ხანდახან სიმკაცრესაც ვიჩენ, თუმცა მეგობრულ ურთიერთობას ამ შემთხვევაშიც ვინარჩუნებთ. გვაქვს პრინციპები და მოვალეობები, რომლებიც უნდა დაიცვას. მე ვმუშაობ, ოჯახს უზრუნველვყოფ, დედა საჭმელების გაკეთებაში გვეხმარება. ანასტასიას მოვალეობა კარგი სწავლაა. იცის, რომ პირადი ჰიგიენა უნდა დაიცვას და ივარჯიშოს. ეს სამი რაღაც ევალება. შეგნებული ბავშვია.
განაგრძეთ კითხვა