კახა კუჭავა პარლამენტის თავმჯდომარედ რამდენიმე კვირის წინ აირჩიეს. მას მეუღლე და 3 შვილი ჰყავს. ტელეკომპანია "იმედზე" გადაცემაში "ნოესთან" მან მეუღლის გაცნობის ისტორიასა და ცხოვრების რთულ ეტაპზე ისაუბრა, როცა ცოლს მშობიარობისას ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა:
- მე და ლიზამ ერთმანეთი 2007 წელს გავიცანით. მხოლოდ ერთი დღით შევხვდით. სამსახურიდან სხვა ქვეყანაში მიწევდა გაფრენა და კარგად გაცნობა ვერ მოვასწარი. თუმცა, ერთი წლის შემდეგ მისი დაქალი ჩემმა ძმაკაცმა მოიყვანა ცოლად. შესაბამისად, ის ქორწილში მეჯვარე იყო. მე კიდევ თამადობა მთხოვეს. იქ გავიხუმრე კიდეც, ძალიან მალე ჩემი ცოლი გახდები-თქო. გაეცინა, მაგრამ, საბოლოო ჯამში აღმოჩნდა, რომ 3-4 კვირის ურთრიერთობა გვქონდა, რომ ხელი ვთხოვე და ცოლად მოვიყვანე.
- მე და ლიზას სამი ბავშვი გვყავს: ელენიკო, ნიკუშა და ანა. ანაზე მშობიარობა საკმაოდ მძიმე აღმოჩნდა, გარკვეული პირობების გამო. კარგი ორსულობა ჰქონდა, უპრობლემო, მაგრამ გართულება მოჰყვა. პროფესიონალმა ექიმებმა გადაარჩინეს მისი სიცოცხლე, თუმცა, წარმოიდგინეთ, როდესაც ელოდები, რომ ბავშვის დაბადება უნდა მოგილოცონ და სანაცვლოდ, პირველი რაც მითხრეს, იყო ის, რომ სასწრაფოდ სისხლი უნდა მომებილიზებინა. ამ დროს, წამიერად გაგიელვებს თავში "ვაი", მაგრამ მობილიზაციის უნარი მაქვს. განსაკუთრებით კრიზისულ პერიოდებში. ოპერაციამ ძალიან კარგად ჩაიარა, შემდეგ უკვე ღუდუშაურის საავადმყოფოში გადავიყვანეთ, სადაც ერთი კვირა რეანიმაციაში მკურნალობა გააგრძელა. შემდეგ ისევ იმ სამშობიაროში დააბრუნეს და რეაბილიტაციის პერიოდი ბავშვთან ერთად გაატარა. მახსოვს, ერთი კვირის განმავლობაში ღუდუშაურში ვიყავი, ნახევარი დღე ლიზასთან და ნახევარი ბავშვთან, რომ მარტო არ ყოფილიყო. მას ვეთამაშებოდი და ვცდილობდი, მშობელი ეგრძნო. ასე რომ, არ იყო მარტივი პერიოდი, მაგრამ ყველაფერი კარგია, რაც კარგად მთავრდება. ამის შემდეგაც იყო გარკვეული გართულებები, ორი ოპერაციის გაკეთება დასჭირდა, მაგრამ ახლა ძალიან კარგადაა და ყველა ეს პრობლემა უკანაა.