სახელი, გვარი: ნინო მუმლაძე.
პროფესია: მსახიობი.
განათლება: დაამთავრა თეატრალური უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტი.
ამჟამინდელი საქმიანობა: არის ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა და სოხუმის თეატრების მსახიობი. ასევე მონაწილეობს სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები".
ჰობი: წერა, კულინარია, ხატვა.
- ნინო, მსახიობობის გარდა, ყველაზე უკეთ რომელი საქმე გამოგდის?
- კულინარია. სამზარეულოში ექსპერიმენტების ჩატარება მიყვარს: გურმანი ვარ და მუდამ ახალ გემოებს ვეძებ.
- შენი საფირმო კერძი რომელია?
- ალბათ, უნგრული კერძი - პაპრიკაში.
- შენი ცხოვრების მთავარი მოტივატორი რა არის?
- რაკი ამჟამად დაოჯახებული არა ვარ, ვერ ვიტყვი, - შვილებისთვის ვიღვწი-მეთქი... ჩემთვის მთავარი პრიორიტეტი ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების ჯანმრთელობა და კომფორტია, რის გამოც ვმუშაობ, ვწვალობ, ვიბრძვი და წინ მივდივარ.
- როცა სარკეში იყურები, ვის ხედავ?
- თუ დილით ადრე ავდექი, მაშინ - გაბურძგნილ და დაღლილ ქალს (იცინის). თუ გამოძინების საშუალება მაქვს, მაშინ - არა უშავს...
- როცა არასასურველი ადამიანი გეფლირტავება, როგორ იქცევი?
- არ ვიმჩნევ (
იცინის). თუ ეს ინტერნეტში ხდება, ვაიგნორებ, ხოლო თუ რეალურ ურთიერთობაში, ვცდილობ, ლამაზად მოვიშორო და აგრესია არ გამოვიწვიო: 1-2 გაღიმებით ვაგრძნობინებ, რომ მისი ფლირტი ჩემთვის სასურველი არ არის. თუ შეუგნებელია, შეიძლება, პირდაპირ ვუთხრა კიდეც.
- აგრესიის გამოხატვისგან თავშეკავებას როდის ვერ ახერხებ?
- ხშირად ვერ ვახერხებ - მართლა ძალიან ფეთქებადი ხასიათი მაქვს. შეიძლება, ერთი შეხედვით პოზიტიური ადამიანის შთაბეჭდილებას ვტოვებ - სულ გაღიმებული ვარ, მაგრამ როგორც კი ჩემს ფეთქებად ხასიათს ვავლენ, ადამიანების დიდ გაოცებას ვიწვევ. ყველაფრის გამო არ ვმწარდები, მაგრამ შეიძლება, რაღაც გულზე ცუდად მომხვდეს ან ჩემს თავმოყვარეობას შეეხოს რაღაც ისეთი, რაც სხვისთვის წარმოუდგენელია. ამ დროს თუ ძალიან აღვშფოთდი, თავს ვერ ვიკავებ. საერთოდ, ემოციური ადამიანი ვარ - დადებითსაც და უარყოფით ემოციებსაც მკვეთრად ვავლენ.
- როგორი გოგოა შენი პერსონაჟი - ნათია სერიალში - "ჩემი ცოლის დაქალები"?
- ბოლო სეზონის განმავლობაში, სულ "უთავმოყვარეო" მეძახეს (
იცინის). მგონია, რომ სიყვარული, პირადი ურთიერთობა ადამიანს ხშირად აიძულებს, თავმოყვარეობა თუ ამპარტავნება დაივიწყოს, რადგან ვერ დავიჯერებ, რომ შეყვარებული ადამიანი ჯერ თავმოყვარეობაზე ფიქრობს, მერე კი - პირად ურთიერთობაზე. ვფიქრობ, რაც ნათიას თავს ახლა ხდება, ლოგიკურია: ბოლოს და ბოლოს, მას დათოსგან შვილი ჰყავს. შვილის გაზრდაში დათოც ეხმარება. საერთო შვილის გარდა, ის ფაქტორიც მოქმედებს, რომ ნათია დაავადებულია და შეიძლება, ხვალ-ზეგ სხვა მამაკაცთან თავი კარგად ვეღარ იგრძნოს. დათო ის ადამიანია, რომელთანაც ნათიას დიდი რომანი, წლები, შვილი აკავშირებს და როცა საშუალება მიეცა, ამ ადამიანთან ერთად ეცხოვრა და ამით მისთვის დახმარება გაეწია, შანსი გაუჩნდა, რომ გარკვეულწილად, თავისი პირადი ცხოვრება დაელაგებინა. ასეთ სიტუაციაში მისი ქმედება ჩემთვის გასაგებია. არ მიმაჩნია, რომ რაღაც გამაოგნებლად უთავმოყვარეო ჩაიდინა, რადგან კაცმა უთხრა, - ცოლი არ მყავს, დახმარება მჭირდება. თან, შენთან თავს კარგად ვგრძნობ და მინდა შენ გვერდით ვიყოო. ამას ის ადამიანი რომ გეუბნება, რომელთანაც შვილი გყავს და ურთიერთობაც გინდა, რომელი ქალი არ დათანხმდებოდა (
იცინის)?..
- ნათიას თავს გადამხდარი ამბები შენს რეალურ ცხოვრებაზე გავლენას ახდენს?
- რა თქმა უნდა. მკვეთრ და ნაკლებად მკვეთრ შეფასებებს ვიღებ, მაგრამ ეს ჩვენი პროფესიის ნაწილია და ჩემთვის სასიამოვნოა, როდესაც ადამიანები სერიალის განხილვაში ასე აქტიურად ჩართულები არიან, კარგ კომენტარებს აკეთებენ. ყველაფერი იმის მიმანიშნებელია, რომ სერიალს მაყურებელი ჰყავს და მსახიობის როლი ვიღაცისთვის საინტერესო და განსახილველია. ჩემი მთავარი მიზანიც ეს არის...
განაგრძეთ კითხვა