მშობლებს ყოველდღიურად არაერთი კითხვა უჩნდებათ, რომელზე პასუხის მისაღებადაც ხშირად ვერ უკავშირდებიან პედიატრს და სამწუხაროდ უწევთ სხვების გამოცდილების გათვალისწინება ან გადაწყვეტილებების თავად მიღება. ეს შეიძლება ეხებოდეს როგორც მედიკამენტების გამოყენებას, ასევე კვებისა და ძილის რეჟიმს ან ბავშვების ეკრანებთან დამოკიდებულებას.
მშობლებისთვის ყველაზე აქტუალურ საკითხებზე გთავაზობთ „ნიუ ჰოსპიტალსის“ ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის სტაციონარული განყოფილების ხელმძღვანელის, პედიატრ ნინო ჭითანავას რჩევებს.
კლინიკური სურათით, გარეგნულად, შეიძლება თქვენი და სხვისი შვილის ჩივილი ერთნაირად აღიქვათ, მაგრამ რეალურად ბავშვები შესაძლოა საჭიროებდნენ სხვადასხვა დონის სამედიცინო დახმარებას, განსხვავებულ კვლევებს და მკურნალობას. მაგალითად, ნაწლავთა მოქმედება თხელი განავლოვანი მასებით დღეში 3-4-ჯერ შეიძლება არ იყოს საგანგაშო მოზრდილი ბავშვისთვის, მაგრამ ის საკმაოდ საყურადღებო იყოს ჩვილისთვის, რადგან ის დეჰიდრატაცია-გაუწყლოვანების სწრაფად განვითარების რისკის შემცველია, რის გამოც ბავშვს დროულად უნდა ჩაუტარდეს პედიატრის კონსულტაცია და სწორედ მისი რეკომენდაციით უნდა დაიგეგმოს შემდგომი მენეჯმენტი პაციენტის ასაკის, დიარეის ტიპის, გაუწყლოვანების ხარისხის გათვალისწინებით;
იგივე შეიძლება ითქვას ხველაზეც. მშობლები ხშირად ექიმის გარეშე, ახლობლების რეკომენდაციის საფუძველზე, იყენებენ სხვადასხვა ამოსახველებელ საშუალებებს, რაც არცთუ იშვიათად მდგომარეობის გართულების და ბავშვის კლინიკაში მოხვედრის მიზეზი გამხდარა. ე.წ ამოსახველებელი საშუალებები ზოგჯერ (უპირატესად ჩვილებში) იწვევენ ნახველის გათხევადებას, მატებას, ძნელდება მისი ევაკუაცია სასუნთქი გზებიდან და შესაბამისად, ჭარბი სეკრეტის ევაკუაციის პრობლემა შეიძლება გამოვლინდეს სუნთქვის გაძნელებით, სუნთქვის მწვავე უკმარისობით;
აუცილებელია ვიცოდეთ, რომ, მაგალითად, გახანგრძლივებული ცხელება ან „ყელში ჩირქი“ ყოველთვის არ წარმოადგენს მიზეზს ანტიბიოტიკის აუცილებლად დანიშვნისთვის. ანტიბიოტიკის მიღება უნდა მოხდეს მკაცრად მხოლოდ ექიმთან ვიზიტის შემდეგ, მისი დანიშნულებით.
აუცილებელია, წამლები გქონდეთ შენახული ცალკე უჯრაში, ჩაკეტილ და შედარებით მაღალ ადგილას, რათა ნაკლებად მისაწვდომი იყოს ბავშვისთვის. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ასევე სხვადასხვა საწმენდ საშუალებებს, რომლებიც ძირითადად ინახება აბაზანებში - ბავშვებისთვის მარტივად მისაღწევ ადგილას; ხშირია ბავშვების მიერ მათი დალევის მცდელობა, რაც ზოგჯერ კანისა და ლორწოვანის, მაგ. საყლაპავის დამწვრობით და სავალალო შედეგებით შეიძლება დასრულდეს.
აუცილებელია გეგმიურად, წესების დაცვით, მოხდეს პაციენტის ვიზიტი პედიატრთან და გაგრძელდეს გეგმიური ვაქცინაცია. სასურველია, ყოველწლიურად მოხდეს ბავშვის ვაქცინაცია სეზონურ გრიპზეც, ვინაიდან გრიპი წარმოადგენს კლინიკაში მიმართვიანობის ერთ-ერთ ხშირ მიზეზს და ხასიათდება გართულებების მაღალი რისკით. ამერიკის შეერთებულ შტატებში 2018-2019 წლის მონაცემებით გრიპით დაავადდა დაახლოებით 35,5 მილიონი ადამიანი, აქედან 16,5 მილიონს დასჭირდა სამედიცინო დახმარება (ბავშვები დაახლოებით 2,5 მლნ) და 490 600 ჰოსპიტალიზაცია; დაფიქსირდა 34200 სიკვდილი აღნიშნული ვირუსის გამო. გრიპის ვირუსის საწინაღმდეგო ვაქცინაცია შესაძლებელია ჩატარდეს 6 თვის ასაკიდან;
დიდი მნიშვნელობა აქვს კვების რეჟიმის სწორად დაგეგმარებას ბავშვობიდან და ამაში მშობლების ჩართულობას. ეცადეთ თქვენს პატარებთან ერთად შეარჩიოთ დღის საკვები რაციონი, მოამზადოთ მათთან ერთად სადილები და მიირთვათ საათობრივად და მცირე ულუფებით. იცოდეთ, რომ პირველ რიგში სწორედ თქვენ, მშობლები, წარმოადგენთ თქვენი შვილებისთვის მისაბაძს და ზუსტად ბავშვობის ასაკში დამკვიდრებული კვებითი თუ ცხოვრების ჯანსაღი წესი იქნება მათთვის მისაბაძი.
ნუ გაანებივრებთ პატარებს კონსერვირებული საკვებით, ჩიფსებით. ნუ მისცემთ უფლებას იკვებონ ეკრანის წინ, ვინაიდან ეს იწვევს გაუთვითცნობიერებლად მეტი კალორიების მიღებას. ყოველდღიურად ერთად მოამზადეთ ფერადი, სხვადასხვა სახეობის ხილის ასორტი, მოათავსეთ ლანგარზე (უნდა იყოს ვიზუალურად ფერადი, ლამაზი და საინტერესო) და მიირთვით დღის მანძილზე, რაც საკმარისი იქნება დღის რაციონისთვის.
აკონტროლეთ ყოველდღიურად ბავშვის ფიზიკური აქტივობა, იარეთ ერთად ცურვაზე, ისეირნეთ სუფთა ჰაერზე ველოსიპედით, წაახალისეთ და მიეცით სტიმული ბავშვს ამ აქტივობებისთვის.
უწილადეთ ბავშვს თქვენი ოთახი და არა თქვენი საწოლი! ხშირად დაღლილ დედას შეიძლება ჩაეძინოს ღრმად და ვერ მიაქციოს სათანადო ყურადღება ბავშვს, ამიტომ კვების დროს უმჯობესია იჯდეთ სკამზე ან სავარძელზე და კვების დასრულების შემდეგ ბავშვი ჩააწვინოთ თავისსავე საწოლში.
ჯანდაცვის მსოფლიო რეკომენდაციით, 2 წლამდე ბავშვებში აკრძალულია ეკრანებთან დროის გატარება. 2-დან 4 წლამდე ასაკის პატარებისთვის დასაშვებია მაქსიმუმ 1 საათი. შემდეგ ასაკში უკვე დასაბალანსებელია მშობლისა და ბავშვების მიერ.
ციფრული ტექნიკის ჭარბი გამოყენება იწვევს დამოკიდებულებას ეკრანზე, მცირდება რეალური სამყაროს აღქმა და სოციალური უნარ-ჩვევები, ბავშვები უარს ამბობენ ფიზიკურ აქტივობებზე, იზრდება აგრესიულობა, მცირდება ადამიანებთან კომუნიკაციის სურვილი, ასევე იცვლება კვება - უარს ამბობენ საკვებზე, ლიმიტირებული ხდება ხმოვანი მეტყველება, ჩნდება პრობლემები სახლში ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ურთიერთობაში, ხშირად ვლინდება მხედველობის გაუარესება.
ყოველივე ამის თავიდან ასაცილებლად საჭიროა ოჯახის წევრების მაქსიმალური ჩართულობა - ყოველდღიური საერთო აქტივობების დაგეგმვა, ეკრანთან ლიმიტირებული დროის წინასწარ განსაზღვრა-შეთანხმება, ყოველ 20 წუთში შესვენება და თვალის ვარჯიშების ჩატარება, ღამის ძილის მოწესრიგება.
თვალყური ადევნეთ ბავშვებს ცურვის დროს, რათა თავიდან იქნას აცილებული ტრაგიკული შედეგები. აიცილეთ თავიდან მაღალი ტემპერატურით გამოწვეული ზემოქმედებები - გადახურება. მიეცით ბავშვებს სითხეები დიდი რაოდენობით, მოარიდეთ ხანგრძლივი დროის განმავლობაში მზის პირდაპირ სხივებს, განსაკუთრებით დღის პიკ საათებში, აუცილებლად გამოიყენეთ მზისგან დამცავი საშუალებები (მინიმუმ 30 SPF), ჩააცვით ბუნებრივი მასალისგან დამზადებული თხელი, ფართე, ღია ფერის ტანსაცმელი, უმჯობესია გრძელ სახელოებიანი, რათა დაიცვას მწერებისგან. ფრთხილად იყავით სათამაშო მოედნებზე ყოფნის დროს. ყოველწლიურად გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში 200 000-ზე მეტი ვიზიტია განპირობებული გასართობ მოედნებზე მიღებული ტრავმების გამო. ზაფხულის დღეებში წინასწარ შეამოწმეთ გასართობი მოწყობილობების ტემპერატურა ხელის შეხებით და შეურჩიეთ თითოეულ ბავშვს მისი ასაკის შესაფერისი. ყურადღებით იყავით პიკნიკების მოწყობისას, იცოდეთ რომ არსებობს რისკი ხანძრის გაჩენის. არ დატოვოთ საპიკნიკე ადგილი სრულად მოწესრიგების გარეშე. ქუჩაში ველოსიპედით მოძრაობისას, იმოძრავეთ მანქანების მოძრაობის მიმართულებით. ეცადეთ, ბავშვები და თქვენც იყოთ ადვილად აღსაქმელი მძღოლების მიერ - ჩაიცვით ფერადი, არეკვლადი ტანსაცმელი. გზა ყოველთვის გადაკვეთეთ სპეციალურ გადასასვლელ ადგილას - ზებრაზე.
13 წლამდე ასაკის ბავშვები აუცილებლად უნდა ისხდნენ მანქანის უკანა სავარძლებზე. 2 წლამდე ასაკის ბავშვებში მოწოდებულია მანქანის სავარძელი დამაგრდეს უკანა სალონში ისე, რომ ბავშვს სახე უკან ჰქონდეს მიმართული. სავარძელში ბავშვს უნდა ეცვას შედარებით თხლად (ზამთარში არ ჩააცვათ ქურთუკი).
კონსულტაციაზე ჩასაწერად დაუკავშირდით ნიუ ჰოსპიტალსს 032 2 190 190