თსსუ-ის პერველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, რეანიმატოლოგი ლევან რატიანი საზოგადოებამ უფრო კარგად მას შემდეგ გაიცნო, რაც საქართველოში კორონავირუსის შემთხვევები დაფიქსირდა და კლინიკასთან ერთად, ბრძოლის წინა ხაზზე აღმოჩნდა. ის გადაცემაში "ნოესთან" საკუთარ პროფესიაზე, მთავარ სირთულეებსა და გამოწვევებზე საუბრობს. იხსენებს, განცდებს, რა ხდება მაშინ, როდესაც სიცოცხლეზე სიკვდილი იმარჯვებს და რატომ აქვს ექიმის დამაიმედებელ თუნდაც ერთ სიტყვას ძალიან დიდი მნიშვნელობა:
- როდესაც ინფორმაციას ვიძიებდი, აღმოვაჩინე, რომ თითქოს სიტყვაძუნწი ხართ, ეს იმიტომ, რომ არ გიყვართ ჟურნალისტებთან დიალოგი, სიმორცხვის ბრალია თუ უბრალოდ არ არის კომფორტის ტერიტორია?
- ალბათ, სამივე ერთად. მაგრამ, ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, განსაკუთრებით რეანიმატოლოგებისთვის, მთავარია საქმე, ვიდრე ლაპარაკი. ეს ჩვევა ჩამიჯდა. ესაა პროფესია, როდესაც სიჩუმეში აკეთებ შენს საქმეს. ამიტომ, ერთადერთი, სადაც ბევრს ვლაპარაკობ, სტუდენტებთან ლექციებია.
- თუმცა, ბოლო ერთი წლის განმავლობაში აღმოაჩენდით, რომ მაინც საჭიროა მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდება და ალბათ, ეს წელი ცოტა გარდამტეხი აღმოჩნდა ამ მიმართულებით.
- გეთანხმებით, ნამდვილად ასე იყო. კლინიკის ხელმძღვანელი გახლავართ, მინდოდა თუ არ მინდოდა, აუცილებლად უნდა გამოვსულიყავი და მელაპარაკა. რა თქმა უნდა, ეს ჩემთვის დისკომფორტს წარმოადგენდა. მაგრამ, სხვა გზა არ იყო. მესმის, ხშირად საუბარი კარგია, მაგრამ ხანდახან ჯობს ერთი სიტყვა თქვა, გამამხნევებელი და იმედის მომცემი, ვიდრე 10 წინადადება ილაპარაკო.
- ხშირად გიწევთ ადამიანების გამხნევება?
- კი, ძალიან ხშირად. ხანდახან ერთი სიტყვაც, განსაკუთრებით რეანიმაციული პაციენტის პატრონისათვის, სიცოცხლის გაგრძელებას ნიშნავს. ყველა ადამიანის სიცოცხლე მთავრდება სიკვდილით, გააჩნია, როდის და როგორ დადგება ეს სიკვდილი. იმ გზაზე, რომელსაც სიცოცხლიდან სიკვდილამდე მისვლა ჰქვია, ძალიან დიდი მნიშნელობა აქვს გამამხნევებელ სიტყვას. ერთი პაციენტი მყავდა, არასდროს დამავიწყდება, ვაიმედებდი. თავადაც კარგად იცოდა, როგორ დამთავრდებოდა, ძალიან ცუდი დიაგნოზი ჰქონდა, სიმსივნე, მეოთხე სტადია, ახალგაზრდა ბიჭი იყო, დაახლოებით 52-53 დღე და ღამე მის გვერდით ვიყავი. თურქეთში მკურნალობდა და ბოლოს ჩვენთან ჩამოიყვანეს. ოცნება ჰქონდა, რომ სახლში წასულიყო და ერთი ღამე იქ გაეთია. ოცნება აისრულა. ამიტომ, როდესაც სტუდენტებთან და რეზიდენტებთან შევდივარ, სულ ვეუბნები, რომ შენ, როგორც ექიმი, შეიძლება გულის სიღრმეში ხვდები, რომ რაც არ უნდა აკეთო მასთან, სამწუხაროდ, შესაძლოა სიცოცხლე სიკვდილით დასრულდეს, მაგრამ არასდროს არ უნდა შექმნა გარემო, რომ სიცოცხლის გადარჩენის გეშინია.
- ასეთი სიტყვები გაქვთ ნათქვამი: "ეს პროფესია ღმერთის გარეშე წარმოუდგენელია." "ზოგჯერ ისეთი განცდა მაქვს, რომ ჩემ უკან ღმერთია მაშინ, როცა ვმუშაობ."
- დამეთანხმებიან ექიმები, განსაკუთრებით რეანიმატოლოგები, ესაა დარგი, სადაც ღვთის გარეშე მუშაობა წარმოუდგენელია. ძალიან ძნელია, მთელი ცხოვრება, როცა აქტიური ექიმი ხარ, უყურო იმ განცდას და გრძნობას, რაც რეანიმაციულ განყოფილებაში ხდება. ღმერთი გაძლევს ძალას, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია, რომ სხვისი სიცოცხლე გადაარჩინო იმ ბრძოლაში, რასაც სიცოცხლესა და სიკვდილს შორის ომი ჰქვია. აღნიშნულიდან გამომდინარე, სულ ამას ვამბობ. არა მარტო გულში, ვინც ჩემს გუნდში მუშაობს, ძალიან კარგად იციან ჩემი განცდის შესახებ, რომ არ არსებობს ღმერთის გარეშე გადაწყვეტილების მიღება. ჩვენ მხოლოდ მისი შემოქმედებით ვაკეთებთ ამ ყველაფერს. დამარცხებაც და გამარჯვებაც ღვთის განგების ნებაა.
- განიცდით, როდესაც პაციენტს ვერ შველით?
- რა თქმა უნდა, რაც გამოიხატება უძილო ღამეებში და იმ გრძნობაში, რასაც პაციენტის დაკარგვა ჰქვია. მაგრამ, ეს არასდროს გამომიხატავს გუნდის წინაშე. გარემოს არ ვაგრძნობინებ, რომ მე დავმარცხდი. მაგრამ, შინაგანად ძალიან განვიცდი ამ ყველაფერს. სიმართლე რომ გითხრათ, ბოლო 20 წელია რეანიმაციის გარეშე არ მიცხოვრია. დღესაც მახსოვს ყველა პაციენტი, რომელიც ჩემს ხელში გამოჯანმრთელებულა და, სამწუხაროდ, ჩემს ხელში დაღუპულან. მაგრამ, ასე ხდება. რაც არ უნდა აკეთო, სული და გული ჩადო, არის მომენტები, როდესაც სიკვდილი სიცოცხლეზე იმარჯვებს.
- შეგიძლიათ, გაიხსენოთ შემთხვევა, სადაც ყველაზე მეტად ინერვიულეთ?
- რამდენიმე შემთხვევა იყო. თუმცა, ერთს გავიხსენებ, როდესაც ჩემი პროფესორი დაიღუპა. ის ჩემი პაციენტი აღმოჩნდა. სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, ბატონი თემურ პეტრიაშვილი იყო, რომელმაც ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა. რაიონიდან ვარ. ის დედა, მამა, და-ძმა - ყველაფერი იყო ჩემთვის. ასეთი ადამიანი რომ გეღუპება, ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მძიმე წერტილი იყო.