ბოლო პერიოდია რუსულ შოუბიზნესში აგორდა კამპანია მამაკაცების მხრიდან გამოვლენილი სქესობრივი შევიწროების თემაზე და ცნობილი ქალბატონები თავიანთ მწარე გამოცდილებაზე გახსნილად საუბრობენ. სწორედ ამ კამპანიის "მსხვერპლი" გახდა ცნობილი პროდიუსერი კონსტანტინე მელაძე.
ერთ-ერთი პირველი, ვინც მასზე ალაპარაკდა, რუსული შოუბიზნესის ვარსკვლავი ანი ლორაკია. მისი თქმით, პროდიუსერის მხრიდან იყო ისეთი შეთავაზებები, რომლებისთვის თავად არ იყო მზად:
"მე ჩემებური გაგება მქონდა, ჩემი ღირსება... ის სამუშაო, რასაც იგი მთავაზობდა, განვითარების ის გზა, მე არ შემეფერებოდა. არ მინდა თანამშრომლობის პირობებზე საუბარი, რასაც ის მთავაზობდა, მაგრამ ზედმეტად პირად სიბრტყეზე გადიოდა ეს პირობები. ზრდასრული ადამიანები ვართ და ალბათ ყველას გესმით, რას ვგულისხმობთ... იცით, არის მომენტი, რაზე ხარ წამსვლელი პოპულარობისთვი, წარმატებისთვს და ა.შ. პირობები, რასაც ის სთავაზობდა თავის მომღერლებს, მე არ ვიყავი მზად ამისთვის..." - აღნიშნა ანი ლორაკმა ერთ-ერთ ტელეეთერში საუბრისას. თუმცა დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა და საკმაოდ ბევრი კითხვის ნიშანიც დატოვა, რამაც მღელვარების ტალღა გამოიწვია. ბევრმა დაადანაშაულა ცილისწამებაში, სწერდნენ, რომ ან ბოლომდე ეთქვა სათქმელი, ან საერთოდ არ ელაპარაკა. კონსტანტინეს მისამართით კი, რა თქმა უნდა, შეურაცხყოფის და აგრესიის დიდი ნაკადი წავიდა.
საბოლოოდ, ამ წნეხის თუ შოუბიზნესის ისეთი გრანდის გადაკიდების შიშით, როგორიც კონსტანტინე მელაძეა, ანი ლორაკმა გადაწყვიტა, უკან წაეღო თავისი სიტყვები. "ცუდ დროში ვცხოვრობთ, ნებისმიერი სიტყვა შეიძლება შემოგიტრიალონ და შეცვალონ. ასე მოხდა, როცა ჩემი ინტერვიუდან მცდარი დასკვნები გამოიტანეს. ამის შემდეგ დაიწყო უსაფუძვლო საჯარო ბრალდებები და შეურაცხყოფა იმ ადამიანის, რომლის მიმართაც მხოლოდ სიყვარული და პატივისცემა მაქვს - დიდებული კომპოზიტორის კონსტანტინე მელაძის მისამართით. ყველას გთხოვთ, შეეშვით ამ თემას. სიკეთე გაიმარჯვებს", - დაწერა ლორაკმა ინსტაგრამზე.
თავად კონსტანტინეს ჯერ არ გაუკეთებია არავითარი კომენტარი. ვალერი მელაძემ კი აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი გამონაგონია და უსაფუძვლო. თუმცა მხოლოდ ანი ლორაკს არ უსაუბრია ამ თემაზე. გაცილებით მკაფიოდ და დეტალურად ილაპარაკა მელაძის ცნობილი ჯგუფის "ვია გრას" ყოფილმა სოლისტმა ტატიანა ნაინიკმა და 20 წლის წინანდელი შემთხვევა გაიხსენა.
ტატიანა ერთ-ერთ ტელეშოუში იყო სტუმრად და გაიხსენა დრო, როცა 23 წლის ასაკში ჯგუფის სოლისტი გახდა, 2002 წელს. "თავიდან კოლექტივში მხოლოდ პროფესიონალური ურთიერთობები იყო. აღტაცებული ვიყავი მელაძის ინტელიგენტურობით და აღზრდით. თუმცა პირველად მაშინ შევცბი, როცა სასტუმროს ნომერში შემოვიდა და მთხოვა, საცვლებამდე გამეხადა ყველაფერი, რათა სასცენო კოსტიუმი მომერგო. მაშინ ამ თხოვნამ იმდენად არ შემაშფოთა, საცვლებით ფოტოსესიების დროს არაერთხელ გვიპოზიორია.
შემდეგ გამოვიდა კლიპი და დაიწყო გასტროლები. მელაძე რაღაცით უკმაყოფილო იყო და შეხვედრა დამიგეგმა, რომ სირთულეები განგვეხილა. გასტროლებიდან დაბრუნებული გამომიძახა. ინტელიგენტურად საუბრობდა, მშვიდად. მოულოდნელად მითხრა: "რა მოგიხერხო? რაღაც არ გამოგვდის. ცუდად ცეკვავ". კურდღელივით შეშინებული ვუყურებდი, ძალიან ვიყავი მისით აღტაცებული. უცებ მუხლებზე დამისვა და თეძოებზე დამიწყო მოფერება. დავიძაბე, თუმცა მისი ხელები არ გაჩერებულან...", - გაიხსენა ნაინიკმა და დასძინა, რომ მისთვის შეუფერებელი და მიუღებელი იყო ამგვარი ურთიერთობა და ამას ვერასდროს შეეგუებოდა, რაზეც მიანიშნა კიდეც პროდიუსერს.
ამ შემთხვევიდან ნახევარი წლის შემდეგ ის ჯგუფიდან დაითხოვეს. მომღერლის თქმით, მალე ჯგუფიდან კიდევ ერთი წევრი წავიდა - ალიონა ვინიცკაია. ნაინიკი დარწმუნებულია, რომ მანაც იგივე მიზეზით მიიღო გადაწყვეტილება - პროდიუსერისგან გამოვლენილი ზედმეტი ყურადღების გამო.
კონსტანტინეს არც ამაზე გაუკეთებია კომენტარი. სკანდალს ასევე არ გამოხმაურებია მელაძის მეუღლე - ასევე ყოფილი ვიაგრელი ვერა ბრეჟნევა.