არასამთავრობო ორგანიზაციამ "მშობლები განათლებისთვის" გუშინ ძალიან საინტერესო ვებინარი გამართა თემაზე "ქცევის მართვა პოზიტიური კომუნიკაციით". ვებინარი ოჯახის მხარდამჭერი პროგრამებისა და პოზიტიური მშობლობის კვირეულის ფარგლებში გაიმართა, რომელიც გაეროს ბავშვთა ფონდის ინიციატივითა და ევროკავშირის მხარდაჭერით ჩატარდა. ცნობილმა ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ ბევრ აქტუალურ შეკითხვას უპასუხა და მშობლებს გამოცდილებაც გაუზიარა. მან საკუთარ ბავშვობაზეც ისაუბრა და საინტერესო დეტალები გაიხსენა:
- თავიდან ძალიან ცელქი ბავშვი ვიყავი. ჰიპერაქტიურობით გამოვირჩეოდი და ახლაც ასე ვარ. ჩემს თავს რომ ვუყურებ, განცდა მაქვს, რომ არ ვირყევი, მაგრამ მერე, როცა ჩემს გამოსახულებებს ვხედავ, მუდმივად მოძრაობაში ვარ. ჩემი ექსპრესია, ჰიპერაქტივობა დღესაც მაქვს და რაღაცნაირად ვარეგულირებ. ეს დიდად პრობლემას არ მიქმნიდა, მაგრამ რაღაცებში ხელს მაინც მიშლიდა. დედაჩემი მთელი ორი წელი სკოლაში იყო დაბარებული და ეუბნებოდნენ, რომ ეს ბავშვი მოაშორეთო. ყველაზე დიდი და მოჩხუბარი ვიყავი, ყველას ვერეოდი, მაგრამ ტვინით ვერ ვჯობნიდი იმიტომ, რომ ასაკით პატარა ვიყავი. ისინი ჩემი რეაქციებით მანიპულირებდნენ. მეც ჩხუბზე გადავდიოდი. ჩემი მიზანი იყო, რომ ყველას მოვრეოდი. სხვათა შორის, ვახერხებდი კიდეც. საწყალ დედაჩემს ყოველდღე ურეკავდა მასწავლებელი, დაიბარებდნენ და ეუბნებოდნენ: "ეს ბავშვი გააჩერეთ, უზრდელია..." მაგრამ კარგად ვსწავლობდი.
რაღაც პერიოდის მერე, მივხვდი რომ ასეთი ქცევა არ მაწყობდა. აღარ ვჩხუბობდი და მასწავლებლებსაც ეს უნდოდათ. თინეიჯერობაში "ოპოზიციონერი" კი ვიყავი, მაგრამ ძლიერი რყევები არ მქონია. კითხვა და ფიქრი ძალიან მიყვარდა. კი გამოვხატავდი ხოლმე აგრესიას, მაგრამ მერე ვფიქრობდი, რატომ მოხდა ასე. ფსიქოლოგიურზეც ამიტომ ჩავაბარე. მაინტერესებდა, უცებ რატომ "ახტებიან და დახტებიან" ხოლმე ადამიანები.