ინციდენტი, რომელიც საბედნიეროდ, ტრაგიკულად არ დასრულდა, 28 მაისს მოხდა ამერიკუს ფლორიდის შტატში, მდინარე სეინტ-ჯონსზე. ქალაქ ჯეკსონვილის მცხოვრები სტივენ პუსტი თავის ორ შვილთან ერთად მდინარეზე სეირნობდა პატარა ნავით. სტივენი გეგმავდა, რომ შუა მდინარეში ეთევზავა და 7 წლის ჩეიზსა და 4 წლის ებიგეილს ედევნებინათ ამ პროცესისთვის თვალი. დანიშნულების ადგილამდე რომ მივიდა, ნავიდანვე დაიწყო თევზაობა, ბავშვებს კი დართო ნება, ებანავათ. მოულოდნელად ებიგეილმა, რომელიც ჩვეულებრივ ნავს ეჭიდებოდა და ისე ბანაობდა, ხელი გაუშვა და ძლიერმა დინებამ წაიღო. ჩეიზმა დის დახმარება სცადა, მაგრამ დინებამ ისიც წაიღო.
მამა წყალში ჩახტა, რომ ბავშვებს დაწეოდა, თუმცა არაფერი გამოუვიდა. ამიტომ უბრძანა ჩეიზს, რომელიც კარგად ცურავდა, ნაპირამდე გაეცურა და დასახმარებლად ეხმო ხალხისთვის. თავად კი ეცადა, ებიგეილამდე მიეცურა როგორმე, რომელსაც, საბედნიეროდ, სამაშველო ჟილეტი ეცვა, თუმცა დინებას სულ უფრო შორს მიჰყავდა.
ჩეიზმა დაიწყო ცურვა ნაპირამდე და მთელი საათი მოუნდა იქამდე მიღწევას, თუმცა მიაღწია. როგორც მოგვიანებით თქვა, ხან ზურგზე ცურავდა, ხან ჩვეულებრივ, რომ ძალებიც დაეზოგა და ბოლომდე მიეღწია. ნაპირზე მისულმა უახლოეს სახლთან მიირბინა და დახმარება ითხოვა.
მხოლოდ ერთი საათის შემდეგ იპოვეს მაშველებმა სტივენი და ებიგეილი და ამოიყვანეს წყლიდან - ამასობაში ისინი ნავიდან 2,5-3 კილომეტრის მოშორებით იყვნენ უკვე.
პატარა ჩეიზი კი ნამდვილ გმირად იქცა და მასზე ახლა მსოფლიო მედია წერს.