სხვადასხვა ეპოქაში მოდური არა მხოლოდ სამოსი თუ ინტერიერი შეიძლება იყოს, არამედ სახელებიც. სულ უახლოეს წარსულსაც რომ გადავავლოთ თვალი, მეოცე საუკუნეში მაგალითად, რამდენიმე სახელი იყო ძალიან აქტუალური - მაგალითად, ნინო, გიორგი, დათო, და ახალშობილების უმრავლესობას ამ სახელებს არქმევდნენ. ეს ტენდეცია დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელდა, XXI საუკუნეშიც გადმოჰყვა, თუმცა 21-ე საუკუნეს ჰქონდა თავისი "ჰიტები" - ლიზი, მარი, საბა, ლუკა, ანდრია, მათე, ანა და ა.შ.
თუმცა ბოლო პერიოდში, როგორც საზღვრებს გარეთ, ისე ჩვენს ქვეყანაში, ასევე ერთგვარ ტენდენციად იქცა უჩვეულო სახელების დარქმევა, იშვიათის ან სულაც, უნიკალურის, რომელიც სხვას არავის ჰქვია.
სწორედ ამის დასტურად შეიძლება იმ ცნობილების შვილების სახელები მოვიყვანოთ, რომელთაც არ შეეშინდათ საზოგადოების რეაქციის და გამორჩეული სახელები დაარქვეს პატარებს. რასაკვირველია, თავდაპირველად ამაზეც იყო მითქმა-მოთქმა თუ გაუგებრობა, მაგრამ თანდათან ესეც ჩვეულ მოვლენად იქცა და ასეც უნდა ყოფილიყო.
ერთ-ერთი პირველები, ვინც გამორჩეული სახელი დაარქვეს შვილს, გიორგი ყიფშიძე და მისი მეუღლე იყვნენ - უფროს ვაჟს კოსმო ჰქვია. ამ ტენდენციას არც მერე უღალატეს და რამდენიმე თვის წინ დაბადებულ გოგონას ლუნა დაარქვეს.
მსახიობ გიორგი მახარაძის გოგონას სახელმაც თავიდან დააბნია საზოგადოება, რადგან გიორგისა და მარიამ ნადირაძის გოგონას ნიკა ჰქვია.
გაოცების გარეშე არ ჩაუვლია ილო ბეროშვილისა და ანი ბებიას ბიჭის სახელს - ჯერი, ასე ჰქვია მოუსვენარ და ლამაზთვალება პატარას.
ნუკი კოშკელიშვილმა, რომელიც ამერიკაშია გათხოვილი და ბავშვიც იქ გააჩინა, შვილს ოლივერი დაარქვა და ოვის ეძახის.
მომღერალ სოფო ნიჟარაძის ქალიშვილის სახელი ელის მარიაა.
ცოტა ხნის წინ ჯანო იზორიას შეეძინა შვილი და მანაც იშვიათი სახელი - თებე დაარქვა, ხოლო ანკა ვასაძის მეორე ქალიშვილის სახელი ტუსიაა, თამუნა მუსერიძის ქალიშვილსაც უჩვეულო სახელი ჰქვია - ანიკა.
თეკლა ჟვანია