"დღემდე ვერაფრით ვისწავლე, რომ შეუგნებელ ადამიანებთან ურთიერთობა არ ღირს, დროის კარგვაა", - ამბობს რეჟისორი მაია დობორჯგინიძე. რა ესმის ყველაზე ხშირად საკუთარ თავზე, რის გამო იღებს საყვედურებს, რა ენატრება, რითი ამაყობს და რას ნანობს? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.
- დაბადების თარიღი...
- ...1978 წლის 2 მაისი.
- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...
- ...მსახიობი. სტუდია "საფეხურებში" დავდიოდი, რაც თავი მახსოვს, სულ მსახიობობა მინდოდა და ავისრულე. სხვა პროფესიაზეც მიფიქრია, მაგრამ ყოველი "გადახრა" ხელოვნებასთან კავშირში იყო: ხან ფოტოგრაფობა მინდოდა, ხან - თიხაზე მუშაობა.
- ჩემი სავიზიტო ბარათია...
- ...ხუჭუჭა თმა და დინჯი ხასიათი, გაწონასწორებული ვარ.
- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...
- ...ბევრ უცხო ენას ვისწავლიდი და ეს ძალიან კარგი იქნებოდა.
- ჩემი პირველი წარმატება...
- ...იყო, როცა თეატრალურში ჩავაბარე და შალვა გაწერელიას ჯგუფში მოვხვდი. მის გვერდით ბევრი წელი გავატარე და ეს იყო ბედნიერება. შემდეგი წარმატება "თავისუფალი თეატრი" გახლდათ.
- როცა მომავალზე ვფიქრობ...
- ...უნდა ვცხოვრობდე წყნარ, დამშვიდებულ ქვეყანაში, ირგვლივ ჩემი ოჯახის წევრები მყავდნენ და წარმატებული ვიყო.
- ვიბნევი...
- ...წონასწორობას ვკარგავ...
- ...როცა ვხედავ ჩაგვრას, უსამართლობას და სიტუტუცეს. სამწუხაროდ, ეს იშვიათად არ ხდება.
- მაკვირვებენ...
- ...ადამიანები, რომლებიც ერთმანეთზე, ქვეყანაზე არ ზრუნავენ, როცა ერთმანეთს პატივს არ სცემენ, როცა ვერც კი ხვდებიან, რა არის სიკეთის კეთება. ადამიანებში სიყვარულის უნარის, გაცემის უნარის უქონლობა ძალიან მაწუხებს; ასევე მაწუხებენ ე.წ. ნეიტრალური ადამიანები, არაფერზე რეაქცია რომ არა აქვთ, არც არაფერი უხარიათ, არც სწყინთ... ამ ასაკში, ასეთ ადამიანებთან ურთიერთობისთვის დროს აღარ ვკარგავ, ასეთებს წარსულში ვტოვებ. დრო ფილტრაციას აკეთებს, ეს ბუნებრივი პროცესი მგონია.
- ყოველთვის შეუძლია, კარგ ხასიათზე დამაყენონ...
- ...ჩემმა შვილებმა. მათ შეუძლიათ ცუდ ხასიათზეც დამაყენონ, მაგრამ მაშინ, როცა ძალიან დაღლილი ვარ, მათთან ურთიერთობა ჩემთვის ყველაზე დიდი "წამალია", ისევე, როგორც მეგობრებთან ურთიერთობა.
- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე...
- ...არიან ჩემი შვილები.
- ვამაყობ...
- ...მეუღლით, შვილებით, იმ ოჯახით, სადაც დავიბადე და გავიზარდე..
- ხშირად მსაყვედურობენ...
- ...რომ მთელი დღე გარეთ ვარ გასული, რომ საქმეს ბევრ დროს ვუთმობ. გოგა (მეუღლე - მსახიობი გოგა ბარბაქაძე) ამას არ მეუბნება, რადგან თავად ჩემზე მეტად გასულია. უმეტესად დედა და შვილები მსაყვედურობენ.
განაგრძეთ კითხვა