უჩვეულო ინციდენტი ამერიკაში მოხდა, სოლტ-ლეიკ-სიტიში, 2 ივნისს. საგზაო პოლიცია ავარიაზე გავიდა - მსუბუქი ავტომანქანა სატვირთო ფურგონს შეეჯახა. პოლიციელები გაოგნდნენ, როცა საჭესთან 9 წლის გოგონა აღმოაჩინეს, მისი თანამგზავრი კი მისი 4 წლის დაიკო იყო. როგორც გაირკვა, წინა დღეს მშობლებმა ქალიშვილებს გაუმხილეს გეგმა, მთელი ოჯახი დასასვენებლად კალიფორნიაში წასულიყო, ოკეანის სანაპიროზე. თუმცა გოგონებმა გადაწყვიტეს, არ დალოდებოდნენ არდადეგებს და უფრო ადრე გამგზავრებულიყვნენ. მათ უბრალოდ აიღეს მანქანის გასაღები, ჩასხდნენ და გაეშურნენ თავგადასავლებისკენ...
მშობლებს არც კი შეუმჩნევიათ ბავშვების გაუჩინარება და შოკში ჩაცვივდნენ, როცა პოლიციიდან დაურეკეს. გოგონებს რამდენიმე კილომეტრის გავლა მოუსწრიათ. ადრიანი დილა იყო, გზა არ იყო დატვირთული. გოგონას საკმაოდ სწრაფად მიჰყავდა მანქანა, მკვეთრად აბრუნებდა მოსახვევებში და სწორედ ერთ-ერთ მოსახვევში შეეჯახა ფურგონს... საბედნიეროდ, გოგონები გადარჩნენ - შეჯახებისას უსაფრთხოების ბალიში გაიხსნა. პოლიციელები ამბობენ, რომ გოგონებს ძალიან გაუმართლათ, რადგან ძალიან დიდი იყო ცუდი დასასრულის შანსები...