ჯანდაცვის სამინისტრო ნინოწმინდის პანსიონატიდან ბავშვების გაყვანის საკითხზე განცხადებას ავრცელებს, ამავდროულად ვრცელდება საპატრიარქოს განცხადება, რომელშიც ნატქვამია, რომ გაასაჩივრებს სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას.
ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ ნინოწმინდის პანსიონიდან ჯამში 11 არასრულწლოვნის გამოყვანა უზრუნველყო, რომელთა შორის 1 შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვია.
სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოში აცხადებენ, რომ სააგენტოს ალტერნატიული ფორმები, სადაც ბავშვების გადაყვანა ხორციელდება, უკვე მოძიებული აქვს, კერძოდ, ეს ეხება ბიოლოგიურ ოჯახში ინტეგრაციას, მცირე საოჯახო ტიპის სახლებსა და მინდობით აღზრდაში განთავსებას.
"სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო ნინოწმინდის პანსიონატიდან ბავშვების გამოყვანას მათი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით აგრძელებს.
ამასთანავე, 2021 წლის 5 ივნისის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის დროებითი განჩინების აღსრულების პროცესი - ნინოწმინდის პანსიონატიდან შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე ბავშვების გამოყვანის ნაწილში უკე დაწყებულია.
ამ დროისთვის სააგენტომ, როგორც მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანომ, კიდევ 5 არასრულწლოვანი ზრუნვის სხვა ფორმაში უკვე გადაიყვანა.
სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ ნინოწმინდის პანსიონიდან ჯამში 11 არასრულწლოვნის გამოყვანა უზრუნველყო, რომელთა შორის 1 შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვია.
ადგილზე სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების ჯგუფი, როგორც დღის, ასევე ღამის განმავლობაში, აგრძელებს მუშაობას.
ამ ეტაპზე, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს არასრულწლოვნებისთვის ზრუნვის სხვა ალტერნატიული ფორმები უკვე მოძიებული აქვს. ეს ეხება ბიოლოგიურ ოჯახში ინტეგრაციას, მცირე საოჯახო ტიპის სახლებსა და მინდობით აღზრდაში განთავსებას.
ზემოაღნიშნული მოქმედებები ბავშვების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებითა და დაცვით ხორციელდება.
სახელმწიფოს უმთავრეს პრიორიტეტს ბავშვთა უფლებებისა და მათი საუკეთესო ინტერესის დაცვა წარმოადგენს. ამ პრინციპებზე დაყრდნობით სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო ნინოწმინდის პანსიონში მუშაობას აგრძელებს,“- აღნიშნულია განცხადებაში.
საქართველოს საპატრიარქო კი სასამართლო გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს, რომელიც ნინოწმინდის პანსიონიდან ბენეფიციართა გამოყვანის პროცესს ეხება.
ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც საზოგადოეაბსთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სასამართლოზე წარმოდგენილი არ ყოფილა შესაბამისი მტკიცებულებები იქ მყოფ არასრულწლოვნებზე უღირსი მოპყრობის და ძალადობის დამადასტურებელი ფაქტების შესახებ.
ამასთან, საპატრიარქო მიიჩნევს, რომ პანსიონიდან ბენეფიციარების გაყვანის დაჩქარებული პროცესი არ შეესაბამება ბავშვების საუკეთესო ინტერესს.
გვინდა აღვნიშნოთ, რომ ნინოწმინდის პანსიონში სახალხო დამცველის შესვლასთან დაკავშირებული პრობლემების თაობაზე ჩვენთვის არავის მოუმართავს და იგი მასმედიის საშუალებით გახდა ცნობილი. ამიტომაც მოგვიანებით ჩავერთეთ. ამჟამად ვითარება შეცვლილია. იქ სოცმუშაკები იმყოფებიან და ბენეფიციარებზე სადღეღამისო დაკვირვება ხორციელდება. ბავშვებთან მიმართებაში ეკლესია კვლავაც ითანამშრომლებს სათანადო უწყებებთან და ორგანიზაციებთან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სტანდარტების დაცვით. ამასთან, ვაცხადებთ, რომ გავასაჩივრებთ სასამართლო გადაწყვეტილებას, რომელიც ეხება ნინოწმინდის პანსიონიდან ბენეფიციართა გამოყვანის პროცესს, რადგან სასამართლოზე წარმოდგენილი არ ყოფილა შესაბამისი მტკიცებულებები იქ მყოფ არასრულწლოვნებზე უღირსი მოპყრობის და ძალადობის დამადასტურებელი ფაქტების შესახებ; აგრეთვე, პანსიონის ადმინისტრაციას და პერსონალს არ მისცემია შესაძლებლობა, დაეფიქსირებინათ საკუთარი პოზიცია. აუცილებელია, შესაბამისმა სამსახურებმა დროულად და ობიექტურად მოახდინონ გაჟღერებული ბრალდებების გამოძიება, რათა სამართლიანი შეფასება მიეცეს მოვლენებს. ვთვლით, რომ პანსიონიდან ბენეფიციარების გაყვანის დაჩქარებული პროცესი არ შეესაბამება ბავშვების საუკეთესო ინტერესს, რადგან არ განხორციელებულა სოციალური მუშაკების მიერ იქ არსებული ამჟამინდელი ვითარების შეფასება და არც სათანადო დასკვნა დადებულა კომპეტენტური სპეციალისტების მიერ. ჩვენი პოზიციით, გადაყვანის დაუსაბუთებელი და ნაჩქარევი პროცესი მხოლოდ დააზარალებს აღსაზრდელებს და წინააღმდეგობაში მოდის მათი უფლებების სათანადო დაცვასთან. მიგვაჩნია, რომ გათვალისწინებული უნდა იქნეს თითოეული ბავშვის უფლება და უზრუნველყოფილი მიუმხრობელი და მათზე ორიენტირებული ინდივიდუალური გეგმის განხორციელება, რათა არ მოხდეს, ერთი მხრივ, არასრულწლოვანთა ტრამვირება და, მეორე მხრივ, მათი გამოყენება ანტიეკლესიური მიზანმიმართული კამპანიისათის”, - ნათქვამია განცხადებაში.