სერიალ "ჩემი ცოლის დაქალების" ბოლო სერია ძალიან ამაღელვებელი აღმოჩნდა საზოგადოებისთვის. ტასოს, ნიცას და ელენკას შორის "ტიკტოკიდან" დაწყებული უთანხმოება ქუჩური გარჩევების და მოზარდების ჯგუფური დაპირისპირების მიზეზი გახდა. როგორც სოციალური ქსელის მომხმარებლები წერენ, სერიაში განვითარებულმა მოვლენებმა, ჯგუფურმა გარჩევებმა და ხელჩართულმა ჩხუბმა დავით სარალიძის მკვლელობა გაახსენათ.
რას ფიქრობს საზოგადოება მოზარდებს შორის დაპირისპირებაზე, რომელიც ხშირად უბედურებით მთავრდება - წარმოგიდგენთ კომენტარებს, რომლებიც მაყურებლებმა სოციალურ ქსელში დააფიქსირეს.
"ტასო და მისი მეგობარი ვერ აცნობიერებენ, რომ "ტიკტოკი" და ზოგადად სოციალური ქსელები არის საჯარო პლატფორმა და თუ აქტიური მომხმარებელი ხარ, შენ მიმართ ერთგვაროვანი დამოკიდებულება არ იქნება, ვიღაცას უბრალოდ არ მოეწონები. ნეგატიურ კომენტარებთან ბრძოლა და “ჰეითერი” მომხმარებლის დაბლოკვა უბრალოდ სასაცილოა, უნდა შეეგუო ამგვარ რეალობას, ვინაიდან საჯარო პირი ხარ და თავისთავად ცხადია, რომ უარყოფითი შეფასება იქნება შენი მისამართით. თუმცა ამას ვერ იაზრებენ, და პრობლემის მოგვარებას სთხოვენ ძველბიჭური მენტალობის მქონე ყმაწვილს, რომელმაც ქუჩის და ცემა-ტყეპის მეტი არაფერი იცის. აშკარად ჩანს, რომ კონფლიქტი უფრო მეტად გამწვავდება და ჯგუფურ დაპირისპირებაში გადაიზრდება, რომელსაც სავარაუდო მსხვერპლი მოყვება. სწორედ ესაა ჩვენი რეალობა, ამგვარ ყოფაში გვიწევს ცხოვრება, ქურდული აზროვნების მქონე არამზადები ერთმანეთს უაზრო მიზეზის გამო უპირისპირდებიან, შემდგომ კი ამას მოყვება სისხლიანი გარჩევა და მსხვერპლი. ბოლო ხანებია არაერთი ახალგაზრდა შეეწირა ამგვარ გარჩევებს, ესაა ჩვენი უმძიმესი ყოფა და მადლობა სცენარისტს, ქეთი დევდარიანს ამ უმნიშვნელოვანესი პრობლემის წარმოჩენისთვის." ესაა ბევრი ოჯახის სახე... არც ამათ ჰყავთ მიმხედი გამკონტროლებელი და არც ტასოს და მის დაქალს. ოჯახებში მხელა პრობლემებია, შვილებისთვის არ სცალიათ. "ეგ ელენე კი ღირსია, ერთხელ გალანძღე, მაგრამ რას გადაეკიდა არ მოსწონს და ძალით ვინ აყურებინებს, მეტი საქმე არ აქვს და ვიდეოებს წერს. ახლა მაგისი გოიმობის გამო ძმას დაუბრიდავენ სულ ტყუილად". "ასეთ უაზრო მიზეზებს მივყავართ სუიციდამდე, ქუჩურ გარჩევამდე, დაჭრა-მკვლელობამდე..." "ყველაზე ცუდი მამაკაცურ მენტალიტეტში იცით რა არის? რომ ურეკავ ადამიანებს და საჩხუბრად მიგყავს, ნუ აკეთებთ მაგას. ძალიან ბევრი უდანაშაულო ბიჭი მოკვდა ასე, საჩხუბრად გაიყოლეს და ამიტომ. აბა, ძმაკაცი რისთვისაა? აი, რომ დაფიქრდე ადამიანი, ღირს, არ ღირს.. არაა, აყრიან საძმაკაცოს, უბანს და ერთის უღიმღამო შეცდომის გამო სხვები კვდებიან. ბევრი და ძალიან მძიმე ისტორია ვიცი ასეთ, სახლში რომ მოადგა ძმაკაცი, წაიყვანა საჩხუბრად და მერე ხელში ჩააკვდა. იმედი მაქვს უფრო ცუდი რაღაც არ მოხდება და სიკვდილით არ დამთავრდება... 13-14 წელი არ არის ისეთი პატარა ასაკი, რომ მსგავსი შედეგი ვერ გაიზროთ! გოგონებო, თუ იღებთ ვიდეოებს, დებთ და მერე ვიღაცეები უარყოფითს გიწერენ, ამისთვის მზად უნდა იყოთ! ბიჭების ჩარევები, და მერე მკვლელობები, ესაა ბოლო!" "მეორე მხარე, შეეშვით სხვის ბულინგს და დაცინვას! შეეშვით სხვის ხარჯზე ლაიქების და კომენტარების მოგროვებას! აქაც ეს შედეგი გვაქვს. სამწუხაროდ, ამ ბავშვების მატრაკვეცობას ბოლო ცუდი ექნება, ასეა რეალურ ცხოვრებაშიც! ტვინი უნდა დააყოლოთ ყველა მოქმედებას. ამ კაცების ჩარევას და გარჩევებს საერთოდ დაანებეთ თავი, ბოლოს და ბოლოს, თქვენ იყავით იმდენად ძლიერები, რომ თუ რაღაცას აკეთებთ, გააკეთეთ ბოლომდე, აიღეთ პასუხისმგებლობა საკუთარ თავებზე!"