სახლი ბავშვისთვის სამყაროში ყველაზე უსაფრთხო გარემოა. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ პატარები სახლში, ყველაზე ახლობელ გარემოში ვერაფერს დაიზიანებენ. ინტერესი ყველაფრის მიმართ, სხვადასხვა ნივთის შესწავლის სურვილი მათ ხშირად გაუცნობიერებლად ისეთი აქტივობისკენ უბიძგებს, რაც გარკვეული საფრთხის შემცველია. თან პრინციპი, რომ ბავშვისთვის ყველაფერი აკრძალული უფრო საინტერესოა, ნამდვილად მუშაობს. რაც მეტჯერ ეტყვით მას, რომ დენცქვიტას არ მიუახლოვდეს, მით მეტჯერ ეცდება თითისა თუ სხვადასხვა ნივთის შეყოფას, რაც უფრო ხშირად გააფრთხილებთ, რომ ღია ფანჯარას არ მიუახლოვდეს, მით უფრო აქტიურად ეცდება ფანჯარაზე აცოცებას და იქიდან გადახედვას.
იმისთვის, რომ ბავშვის ოთახში ყოფნა მაქსიმალურად უსაფრთხო იყოს ნიკა ყაზიშვილმა 4 წლის წინ ფანჯრის სპეციალური ბარიერების დამზადება დაიწყო. ბავშვის უსაფრთხოებისთვის შექმნილი ეს კონსტრუქცია შეგიძლიათ სურვილისამებრ, მარტივად დაამაგროთ ფანჯარაზე და ასევე ადვილად მოხსნათ. მისი უპირატესობების გამო საბავშვო ბარიერები საკმაოდ პოპულარული პროდუქტი გახდა და ჩვენს მკითხველშიც დიდ დაინტერესებას იწვევს. ამიტომ მასზე უფრო დეტალურად სასაუბროდ თავად ნიკა ყაზიშვილს მივმართეთ.
- საქართველოში ეს პროდუქტი პირველად თქვენ შესთავაზეთ მომხმარებლებს. სად გაიგეთ მის შესახებ და რატომ მოგეწონათ?
- დიახ, საქართველოში პირველად ჩვენ შევთავაზეთ მომხმარებელს ეს მნიშვნელოვანი პროდუქტი. მის შესახებ ინტერნეტ სივრცეში გავიგე და ძალიან მომეწონა. თუმცა ნანახი პროდუქტი პირდაპირ არ გადმოვიღეთ. ჩვენ მიერ შექმნილი ბარიერები ბაზარზე არსებულ სხვა ანალოგებთან შედარებით უფრო ძლიერია სიმყარისა და გამძლეობის თვალსაზრისით. ბევრი ვარიანტი ვცადეთ და საბოლოოდ საუკეთესო პროდუქტი შევქმენით.
- ზოგადად, ამ პროდუქტმა რატომ დაგაინტერესათ?
- სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაშიც ხდება მძიმე უბედური შემთხვევები, როდესაც ბავშვები ფანჯარაზე გაუაზრებლად ადიან და შედეგად, იღუპებიან ან მძიმედ შავდებიან. ჩემი მთავარი მიზანი ასეთი შემთხვევების შემცირება და ნულამდე დაყვანა იყო. სწორედ ამ სურვილით გადავწყვიტე, შემექმნა მარტივი და ამავედრულად, გონივრულად დაპროექტებული სხვადასხვა ტიპის ბარიერი. ეს ბარიერები ჩვენთვის ყველაზე ძვირფასების, ჩვენი პატარების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს იცავს.
- რა არის დამცავი ბარიერების უპირატესობები სხვა ტიპის გისოსებთან შედარებით?
- ე.წ. გისოსებს ბავშვის დაცვის ფუნქცია არ აქვს. ისინი შეიქმნა იმისთვის, რომ სახლი ძარცვისა და ქურდობისგან დაიცვას. ამავდროულად კი, ბავშვების დაცულობასაც უზრუნველყოფს. მისი ამ სარგებლიანობის მიუხედავად, ყველამ კარგად ვიცით, რომ ის ცვლის და ამახინჯებს ფასადის დიზაინს. რეალურად, კანონით ნებადართულიც არ არის.
ჩვენ მიერ შეთავაზებული ბარიერები აბსოლუტურად განსხვავდება ე.წ გისოსებისგან. ბარიერი არის დასაშლელ-ასაწყობი მარტივი კონსტრუქცია და პირდაპირ ეკვრის ფანჯრის ჩარჩოს. ის არ არის გამოსული ფასადზე და ითვლება ფანჯრის აქსესუარად, ისევე როგორც მწერებისგან დამცავი ბადე.
გარდა ამისა, მარტივად იხსნება და იშლება და გამოიყენება, როგორც დროებითი უსაფრთხოების ბარიერი ბავშვის კონკრეტულ ასაკამდე.
- რა ასაკის ბავშვების უსაფრთხოებისთვის უკვეთავენ უმეტესად აღნიშნულ ბარიერებს?
- შეკვეთების ძირითადი ნაწილი არის 1+ასაკიდან. ეს არის ასაკი, როდესაც ბავშვი იწყებს დამოუკიდებლად გადაადგილებას, ცოცვას, ხოხვას, სიარულს, ასაკის ზედა ზღვარი არ არსებობს. ეს უკვე მშობელსა და თავად, ბავშვზეა დამოკიდებული.
- რომელ ოთახებშია მისი დამონტაჟება სასურველი?
- ჩვენი რეკომენდაციაა, აუცილებლად დამონტაჟდეს ბავშვის საძინებელ ოთახში. სასურველია გაკეთდეს იმ ოთახებშიც, სადაც ავეჯი ფანჯარასთან ახლოს დგას და არსებობს მცირე რისკიც მაინც, რომ ბავშვი მასზე აცოცდეს და ფანჯრის კიდეებს მიუახლოვდეს.
- რა ტიპის დატვირთვას უძლებს ბარიერები?
- ბარიერები არის საკმაოდ მყარი და ის 150-250კგ დატვირთვას უძლებს. შეუძლებელია ბავშვმა კონსტრუქცია დააზიანოს.
- რა დრო სჭირდება ბარიერების დამზადებას და როგორია პროცედურა?
- ბარიერების სიმაღლე სტანდარტულია, რაც საშუალებას გვაძლევს, რომ წინასწარ მარაგი გვქონდეს. შედეგად კი პროდუქციის მიწოდება შეკვეთიდან ძალიან მალევე, ხშირ შემთხვევაში, მეორე დღესვე ხდება.
რაც შეეხება პროცედურას, ესეც ძალიან მარტივია. მომხმარებელი, რომელიც გვიკავშირდება, როგორც წესი, თავადვე გვაწვდის ფანჯრის ზომების შესახებ ინფორმაციას. თუ ეს ვერ ხერხდება, მაშინ ჩვენი წარმომადგენელი მიდის ადგილზე და ზუსტ ზომებს ადგენს. შემდეგ კი უკვე მონტაჟი ხდება, რისი ღირებულებაც მხოლოდ 15 ლარია და ეს თანხა 4 წლის მანძილზე არ შეგვიცვლია.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ ანგარიშსწორება ბარიერების დამონტაჟების შემდეგ ხდება.
- როგორც თქვით, კონსტრუქცია მრავალჯერადი გამოყენებისაა. მოხსნისას არ ზიანდება?
- ბარიერი რკინის მსუბუქი მასალისგანაა დამზადებული. გადაკვეთის წერტილები სპეციალური პლასტმასის ხუფებითაა დაფარულია. მისი თითოეული დეტალი და მათ შორის, საღებავი მაღალი ხარისხისაა, შესაბამისად, მოხსნისა და კვლავ მონტაჟის შემთხვევაში არ ზიანდება.
- მომსახურება მხოლოდ თბილისში გაქვთ თუ საქართველოს სხვადასხვა რეგიონშიც შესაძლებელია ბარიერების დამონტაჟება?
- მომსახურება გვაქვს საქართველოს ყველა დიდ ქალაქში. თუმცა ძალიან ხშირად შეკვეთებს ქვეყნის სხვადასხვა წერტილიდან ვიღებთ. ნებისმიერ მოხერხებულ ადამიანს შეუძლია შეიძინოს ჩვენთან ბარიერები და თავადვე დაამონტაჟოს.