გარემოს ეროვნული სააგენტო ზაფხულის ამინდის პროგნოზს აქვეყნებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ტემპერატურა ცალკეულ რაიონებში 40 გრადუსამდე მოიმატებს. პროგნოზს უცვლელად გთავაზობთ:
"საქართველოს ტერიტორიაზე ზაფხულის სეზონის ჰაერის მრავალწლიური საშუალო ტემპერატურა (ნორმა) დასავლეთ საქართველოს დაბლობზე +21, +23; მთაში +19, +21; მაღალ მთაში +15, +17; აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +21 +23; მთაში +17, +19; მაღალ მთაში +14, +16 გრადუსს შეადგენს.
ზაფხულის სეზონის ნალექების ნორმა დასავლეთ საქართველოს დაბლობზე 250-600 მმ, მთასა და მაღალ მთაში 200-300 მმ, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 120-180 მმ, მთასა და მაღალ მთაში 120-200 მმ-ის ფარგლებშია.
2021 წლის ზაფხულის სეზონის ჰაერის საშუალო ტემპერატურა შავი ზღვის სანაპირო ზოლში ნორმის ფარგლებში, ხოლო ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიაზე 1-2 გრადუსით მაღალია მოსალოდნელი.
ატმოსფერული ნალექების რაოდენობა, სანაპირო ზოლში ნორმის ფარგლებში, ხოლო ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიაზე - ნორმაზე ნაკლებია მოსალოდნელი.
სპეციალისტები სეზონის განმავლობაში, ცალკეულ დღეებში, საქართველოს დაბლობსა და ბარში ტემპერატურის მომატებას +37, +40; მთიან რაიონებში +36, +39, ხოლო მაღალმთიან რაიონებში +32, +35 გრადუსამდე ვარაუდობენ, რისი პროგნოზირებაც მხოლოდ რამდენიმე დღის წინსწრებითაა შესაძლებელი."