თოჯინების განახლებული თეატრი ბავშვებს საოცარ წარმოდგენებზე ელოდება - "ეს არ იქნება ადგილი მხოლოდ პატარებისთვის, აქ მშობლებსაც ექნებათ საკუთარი სივრცე"
თოჯინების განახლებული თეატრი ბავშვებს საოცარ წარმოდგენებზე ელოდება - "ეს არ იქნება ადგილი მხოლოდ პატარებისთვის, აქ მშობლებსაც ექნებათ საკუთარი სივრცე"
დღეს თოჯინების თეატრის ზღაპრულ სამყაროზე უნდა მოგითხროთ, რომელიც გაახლდა, გალამაზდა, გამრავალფეროვნდა და მაყურებელს ელოდება.

თეატრს საკმაოდ დიდი ისტორია აქვს. თბილისის თოჯინების სახელმწიფო თეატრი 1934 წელს დაარსდა ცნობილი საზოგადო მოღვაწის, რეჟისორის და მსახიობის - გიორგი მიქელაძის მიერ. ცნობილია, რომ პირველი დასი მხოლოდ 15 მსახიობისგან შედგებოდა. იდგმებოდა ძალიან საინტერესო და შთამბეჭდავი სპექტაკლები, რომელთა ამსახველი ფოტომასალაც არქივმა შემოგვინახა. 

ასწლიანი ისტორიის განმავლობაში თეატრს არაერთი პრობლემის დაძლევა მოუხდა. მოგეხსენებათ, წლების განმავლობაში თოჯინების თეატრს არ ჰქონდა საკუთარი შენობა და სხვადასხვა სივრცეში უწევდა „თავის შეფარება“. მიმდინარე სეზონი
თეატრისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მრავალი წლის შემდეგ, მაყურებლის მიღება უკვე საკუთარ სივრცეში, ახლად გარემონტებულ შენობაში შეუძლია. რა გზა გაიარა თეატრმა და რა სიახლეები იგეგმება მომავალში, ამის შესახებ თბილისის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, ნიკოლოზ საბაშვილი გვესაუბრა.
mshoblebi
- ჩვენი თეატრი თითქმის ერთი საუკუნის არის. ჩვენი მშობლები, ბებია-ბაბუები სწორედ ამ თეატრში გაიზარდნენ. ძალიან ბევრი ფუნქცია გააჩნია თეატრს. გარდა იმისა, რომ ბავშვი გაართოს, თეატრი შეაყვაროს, ის ზრდის მოქალაქეს. სწორედ თოჯინების თეატრი ამზადებს ბავშვს შემდეგი ეტაპებისთვის. თოჯინების თეატრი პირველი საფეხურია, რის შემდეგაც ბავშვი ხვდება მოზარდ მაყურებელთა თეატრში, შემდეგ - დრამატულ თეატრში და ა.შ. ზოგადად ბავშვი სრულყოფილ მოქალაქედ რომ ჩამოყალიბდეს, თოჯინების თეატრს ამაში ძალიან დიდი როლი მიუძღვის.

- წლების
განმავლობაში თეატრს არ ჰქონდა საკუთარი შენობა. რა პრობლემების გადალახვა მოუხდა დღემდე?

- დიახ, გარკვეული პერიოდი თეატრს თავისი საკუთარი შენობა არ გააჩნდა და ქირაობდა სხვადასხვა სივრცეს.
როდესაც მოხდა აღმაშენებლის გამზირის რესტავრაცია (მაშინ მე არ ვიყავი ხელმძღვანელი), თეატრს მოუწია ქუჩაში დარჩენა. მარჯანიშვილზე გამოუყვეს ოფისი, ფაქტობრივად დანგრეული შენობა, სადაც ერთ სართულზე იყვნენ შეკეტილები. თეატრს ეს ფაქტი ძალიან უშლიდა ხელს სრულფასოვნად მუშაობაში. საკუთარ ქალაქში „ლტოლვილად“ იყო თეატრი გადაქცეული. საბედნიეროდ, რამდენიმე წლის წინ თეატრს გადმოეცა ეს შენობა, გაკეთდა პროექტი და დაიწყო შესაბამისი სამუშაოები. საბოლოო ეტაპამდე ჯერ კიდევ შორს ვართ, თუმცა შეგვიძლია ვთქვათ, რომ გავქვს საკუთარი შენობა, დარბაზი, სივრცე, სადაც აქტიურად ვაგრძელებთ მუშაობას და ეს ძალიან ბევრს ნიშნავს. იმედი მაქვს, მალე ყველაფერი ისე წარიმართება, როგორც ჩაფიქრებულია. ეს თეატრი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და საინტერესო თოჯინების თეატრი იქნება. ის არ იქნება მხოლოდ პატარებისთვის, აქ მოვაწყობთ მშობლებისთვის განკუთვნილ სივრცესაც. მშობელი შვილის ხათრით არ უნდა მოდიოდეს თეატრში, მასაც უნდა ჰქონდეს ინტერესი. მინდა, ოჯახით მოდიოდნენ ჩვენთან და ეს იყოს ადგილი, სადაც ადამიანები სულიერად დაისვენებენ.
ასევე, ჩვენი ძალებით პირველ სართულზეც ვაკეთებთ დამატებით კიდევ ერთ თეატრალურ სივრცეს და შევძლებთ მაყურებელს დიდი სიყვარულით ვუმასპინძლოთ.
mshoblebi

- როგორ მიმდინარეობდა რემონტის პროცესი? როგორც ვიცი, მთელ გუნდს დიდი წვლილი მიუძღვის თეატრის მოწყობაში, გალამაზებაში.

- ერთი ადამიანი ვერაფერს შეძლებს. თეატრს ქმნის პირველ რიგში იდეა და შემდეგ ის გუნდი, რომელიც ამ იდეას ემსახურება. მე არ ვარ მარტო, ეს არის დიდი ოჯახი, სადაც ყველა ერთ საქმეს ემსახურება. რასაც აქ ხედავთ, ყველაფერი ხელნაკეთი და საავტორო ნამუშევარია. ისტორია, რომელიც მინდა, რომ მაყურებელს აქ დახვდეს, ჯერ კიდევ არ არის დასრულებული. ყველა თოჯინა, რომელიც ჩვენს მშობლებს, ბებიებს, ბაბუებს ახსოვთ, ახლა ამ სივრცეშია გამოფენილი. იყო შემთხვევები, უფროსი თაობის წარმომადგენლებს უთქვამთ, რომ ბავშვობიდან ახსოვთ ესა თუ ის თოჯინა და უზომოდ აბედნიერებთ მისი კვლავ ხილვა. ჩემთვისაც ძალიან სასიხარულო და ემოციურია, როცა ეს ადამიანები ბავშვობაში ბრუნდებიან.
გვინდოდა ინტერიერის საშუალებით ოჯახური გარემო შეგვექმნა აქ მოსული მაყურებლისთვის. თეატრში იქნება ორი დარბაზი. ერთ დარბაზში პატარებისთვის გაიმართება ჩვენება, პარალელურად მეორე დარბაზში - უფროსებისთვის. უფროსი თაობისთვის უკვე გვაქვს რეპერტუარში „შინელი“, რომელიც ჯერ არ გადმოგვიტანია ახალ სცენაზე. დაიდგა ახალი სპექტაკლი „უსახური“, რომელიც ასევე არის უფროსი თაობისთვის განკუთვნილი. ჩემი საავტორო სპექტაკლია „საქართველო“, რომელსაც ოჯახურ სპექტაკლად მოვიხსენიებ, რადგან ბავშვმაც შეიძლება უყუროს და უფროსი თაობის მაყურებელმაც.
mshoblebi
ასევე, თეატრში შემოვიტანეთ მარიონეტიც. საქართველოში ძალიან დიდი კულტურის მქონე მარიონეტების თეატრია, ამიტომ ძალიან რთულია, შეეპარო ასეთი სტილის თოჯინას და ეს დიდი პასუხისმგებლობა გაინაწილო შენს თავზე. თუმცა ძალიან საინტერესო და კარგი დასი გვყავს, ამიტომ დარწმუნებულო ვარ, წარმატებით გაართმევენ თავს ამ საქმეს.
ერთ-ერთ კომპანიასთან ერთად ვაფორმებთ მემორანდუმს, სადაც ძალიან მაგარი ხარისხის თოჯინები გვექნება. ეს იქნება დიდი, ჩასაცმელი თოჯინები, რომლის მსგავსი საქართველოში არ არის.

- ძველი თოჯინების გამოყენებაც ხდება თუ სრულად ჩაანაცვლეთ ახალი თოჯინებით?

- ძველი თოჯინების ძალიან მდიდარი არქივი გვაქვს. ჩვენს საწყობში ძალიან ბევრი თოჯინა ინახება და ამის გამომზეურება გვინდა სპეციალურად განკუთვნილ სივრცეში. არის რაღაც თოჯინები, რომლებსაც ვეღარ გამოვიყენებთ, რადგან შესაძლებელია დაზიანდეს. ამიტომ ამ თოჯინებს, როგორც სამუზეუმო ექსპონატს, ისე გამოვფენთ. თოჯინების ნაწილი უკვე გამოფენილია თაეტრის კედლებზე. ისინი ერთ-ერთი უძველესი, დაახლოებით 100 წლის წინანდელი თოჯინებია და თითოეული ნამდვილი საგანძური გახლავთ ჩვენი ქვეყნისათვის. ჩვენ გვაქვს საოცარი ესკიზები, უნიჭიერესი მხატვრების ნამუშევრები, რომელიც ინახება თეატრში. რეპროდუქციები გავაკეთეთ და გამოვფინეთ კიდეც ისინი. სამწუხაროდ, ეს ნამუშევრები იყო ჩაკეტილ სივრცეში და არავინ არ იცოდა მათი არსებობის შესახებ. უკვე დავიწყეთ ამ ესკიზების მაყურებლამდე მიტანა და ახლო მომავლში ყველას ექნება შესაძლებლობა, რომ ეს საგანძური დაათვალიეროს.

- თეატრმა ძალიან ბევრი შენობა გამოიცვალა, ამასთან აღნიშნეთ, რომ ეს თოჯინები იყო ჩაკეტილ სივრცეში. ამან უარყოფითი გავლენა ხომ არ იქონია მათზე, ხომ არ დაზიანდა თოჯინები?

- არაჩვეულებრივი ქალბატონი, მანანა აბრამიშვილი კურირებდა თოჯინებს და სწორედ მან მოიტანა უვნებლად ჩვენამდე. მაქსიმალურად უფრთხილდებოდა და ინახავდა მათ. დღეს ქალბატონი მანანა ჩვენთან აღარ მუშაობს. ახლა ჩვენ ვუვლით და ვუფრთხილდებით მათ.
mshoblebi

- უკვე აქტიურად მიმდინარეობს რეპეტიციები. ახლა რა სპექტაკლებზე მუშაობთ, რას სთავაზობთ მაყურებელს?

- ახალი სცენა გავხსენით „უსახურით“, რომელიც განკუთვნილია უფროსი თაობის მაყურებლისთვის. შემდეგი პრემიერა ვითამაშეთ უკვე ახალგაზრდა რეჟისორის, მარიამ გაგლოშვილის „საგზაო ნიშნები“, რომელიც საბავშვო რეპერტუარიდანაა. 5 და 6 ივნისს გაიმართა ჩემი სპექტაკლის - „დედა ენა" საპრემიერო ჩვენებები, რომელიც პანდემიამდე გავაკეთეთ, მაგრამ ვერ მოვასწარით მაყურებლამდე მიტანა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ „დედა ენა“ შემეცნებითი ხასიათის სპექტაკლია. სიუჟეტი პატარა ბიჭუნას ირგვლივ ვითარდება, რომელიც სკოლაში პირველად წასვლის წინ ღელავს და ვერ იძინებს. დაძინების შემდეგ კი იწყება ჯადოსნური სიზმარი - გაცოცხლებული „დედა ენა“ აფრქვევს და აფრქვევს ანბანს. ეს არის ერთგვარი თავგადასავალი დედა ენის ჯადოსნურ სამყაროში, რომელიც სკოლამდელი ასაკის ბავშვებს ანბანის სწავლის ინტერესს გაუღვივებს, ხოლო სკოლის მოსწავლეებს დაეხმარება უკვე ნასწავლის უკეთესად აღქმაში.
mshoblebi
ერთ კვირაში ვითამაშებთ ახალ სპექტაკლს - „მიფრინავენ წეროები“, რომელიც ჩვენი მთავარი რეჟისორის, თამაზ იმნაძის სპექტაკლი გახლავთ. ამის შემდეგ გამოვა ჩემი სპექტაკლი „ცირკი პანდემიის დროს“. მეორე სეზონს კი გავხსნით ახალი სპექტაკლით „საგნების თეატრი“.

- როგორც ვიცი, გეგმავთ ჩვენებები შშმ ბავშვებზეც იყოს გათვლილი.

- ჩვენ გავდივართ ფსიქოლოგებთან კონსულტაციას. ძალიან საინტერესო აღმოჩნდა ამ თემაზე მუშაობა. ზაფხულის პერიოდშიც ვიმუშავებთ და ვფიქრობ, ახალი სეზონიდან შევძლებთ ამ იდეის განხორციელებას. ძალიან მინდა, რომ ეს ბავშვები ჩავრთოთ ჩვენებებში. ამ ბავშვებთან მიმართებაში ფერებს, განათებას, ხმას, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ამიტომ ყველა დეტალი გასათვალისწინებელია. ზოგჯერ გგონია, რომ ბავშვს ზეიმს უწყობ, მაგრამ შესაძლებელია ყველაფერი პირიქით მოხდეს, რაღაც არასწორად გააკეთო და კი არ გააბედნიერო ბავშვი, ისეთ შოკში ჩააგდო, ისე ცუდად მოეპყრა მის ფსიქიკას, რომ ეს მის ცხოვრებაზე შავ ლაქად აღიბეჭდოს.
mshoblebi

- პანდემიის პირობებში რა რეგულაციების დაცვა გიწევთ, რომ ბავშვებმა უსაფრთხო გარემოში შეძლონ სპექტაკლის ყურება?

- ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემაა, მით უმეტეს, როცა საქმე ეხება ბავშვების ჯანმრთელობას. აგვისტოს ჩათვლით ვიმუშავებთ და ღია სივრცეშიც იქნება სპექტაკლები. მიმაჩნია, რომ პანდემიის პირობებში ბევრად უსაფრთხოა ღია სივრცეში გამართული ჩვენებები. რაც შეეხება დახურულ სივრცეს, ნიავდება ძალიან ხშირად. ყოველი ჩვენების შემდეგ ვატარებთ სადეზინფექციო სამუშაოებს. ადგილებს შორის დაცულია დისტანცია. ასე რომ, თამამად შეუძლიათ მშობლებს ჩვენთან სტუმრობა. იმედია მალე უკეთესობისკენ შეიცვლება სიტუაცია და თეატრი სრული დატვირთვით უმასპინძლებს მაყურებლებს.
mshoblebi
მერი ბლიაძე
441
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები