ამ ორიგინალურ გაკვეთილს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ყოველთვის სასიხარულოა, როცა პედაგოგები სხვადასხვა სახალისო და საინტერესო ხერხს იგონებენ, ბავშვებს რომ საგანი შეაყვარონ.
ეს სახალისო გაკვეთილი-ფლეშმობი მუსიკის პედაგოგმა ნინო რამაზაშვილმა დაგეგმა და მოსწავლეებთან და კოლეგებთან ერთად განახორციელა. ბეთჰოვენის მე-5 სიმფონია, ამგვარად შესრულებული, ნამდვილად არასოდეს დაავიწყდებათ მის მოსწავლეებს და ასევე დანარჩენ ბავშვებს, რომლებიც სანახაობას ადევნებდნენ თვალს.
ნინო რამაზაშვილი ამბობს, რომ როდესაც ბეთჰოვენის მე-5 სიმფონია უნდა ესწავლებინა ბავშვებისთვის და იუთუბზე ეძებდა ვარიანტებს სხვადასხვა შესრულებით. იქ ნახა მსგავსი ტიპის ვიდეო, უცხოელი ბავშვების მიერ შესრულებული, დრონით გადაღებული, თუმცა სხვაგვარი მოძრაობებით და გაუჩნდა იდეა, განსხვავებულად გაეკეთებინა და თავად მოარგო მოძრაობები მუსიკის მელოდიას და რიტმს.
- ზუსტად ერთ კვირაში გავაკეთეთ, თითო გაკვეთილს ვუთმობდით... მინდოდა, ეს რთული 2021 სასწავლო წელი ცოტა განსხვავებულად და მხიარულად დაგვემთავრებინა. ასეც გამოვიდა. მიხარია, თუ ეს სხვებსაც მოეწონათ.