ერთი წელი გავიდა იმ შემთხვევიდან, რომელზეც ყველა წერდა და ღელავდა - შარშან კომენდანტის საათის დამთავრებიდან მალევე ველოსიპედისტს მანქანა დაეჯახა და ეს „ველოსიპედისტი“ ბევრის დამხმარე, მხსნელი და იმედი, ფსიქოთერაპევტი დავით ანდღულაძე თუ იყო. საკმაოდ მძიმედ იყო ეს პერიოდი, იბრძოდა სიცოცხლისთვის და საბედნიეროდ, ნელ-ნელა უკეთესობისკენ იცვლება მდგომარეობა. ამის შესახებ მან თავად დაწერა სოციალურ ქსელში - დის დახმარებით:
"მოგესალმებით მეგობრებო!
გილოცავთ მეგობრობის საერთაშორისო დღეს!
ვერ შევძელი, რომ დღეს მაინც არაფერი მეთქვა თქვენზე. გადაჭარბების გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ გაოგნებული ვარ ჩემი მეგობრების, ნაცნობების თუ უცნობების ქცევით. ქველმოქმედება თითქოს უცხო არ იყო ჩემთვის, მაგრამ რასაც ერთი წლის განმავლობაში სისტემატურად აკეთებენ ნაცნობი და თითქმის უცნობი ადამიანები, ჩემთვის მართლაც გამაოგნებელია. მათ შორის არიან ადამიანები, რომელთათვისაც აბსოლუტურად არაფერი გამიკეთებია. ვიღაცას მხოლოდ გამარჯობით ვიცნობ და, როგორც მოგახსენეთ, ზოგიერთს საერთოდაც არ ვიცნობ, მაგრამ ისინი დღემდე, წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში, რიცხავენ მათთვის ხელმისაწვდომ თანხას; თუმცა "ხელმისაწვდომი" ძალიან პირობითი ნათქვამია. მათ შორის არიან ადამიანები, ვისაც მატერიალურად უჭირთ. მიუხედავად ამისა, ახერხებენ სისტემატურად გამოყონ გარკვეული თანხა. რამდენიმე ადამიანი ამ ხნის მანძილზე, ყოველდღიურად რიცხავდა მცირე თანხას. ზოგი შემოსავლის პროცენტს, ზოგი კი ერთი და იგივე წინასწარ დათქმულ ოდენობას. ამ ადამიანებისთვის ეს ნამდვილად დიდი ფინანსური ტვირთია, სერიოზული დისკომფორტი და ისინი ნებაყოფლობით რჩებოდნენ ამ დისკომფორტში. ეს სიტუაცია მაგონებს ქართულ მულტფილმს - "წუნა და წრუწუნა". დატყვევებული, ორმოში ჩაგდებული წრუწუნას გადასარჩენად, მეგობრები ერთმანეთს კუდში ჩასჭიდებენ ხელს და ასე ერთმანეთზე გადაბმულები ორმოში ეშვებიან. წრუწუნა ამ მეგობრებს, როგორც ბაგირს, ისე ეჭიდება და ორმოდან ამოდის.
მეგობრებისთვის სერიოზული დისკომფორტი იქნებოდა კუდზე ჩაჭიდებისას დაქაჩვა და ტკივილი, მაგრამ წუნას გადარჩენის სურვილი აძლევთ მათ ამის ძალას. ისინი იქცევიან, როგორც ერთიანი ცოცხალ ორგანიზმი, რომლისთვისაც სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს თითოეული ნაწილის სიჯანსაღეს და სოცოცხლისუნარიანობას, რადგან სხვაგვარი ქცევის შემთხვევაში მთელს ორგანიზმს დაღუპვის საფრთხე ემუქრება.
აქამდე ნამდვილად არ მეგონა, რომ საზოგადოებას შეეძლო ამ დონის თანადგომა. მიუხედავად იმისა, რომ ყველანაირად ვერიდებოდით ხმაურიანი პოსტების დადებას, ხალხისთვის თავის შეცოდებას, ფსიქოლოგიურ ტერორს, რაც ფულის მოსაზიდად ერთ-ერთი მთავარი იარაღია რამდენიმე საქველმოქმედო ფონდისთვის, ხალხის ასეთი მობილიზება და ამ ხანგრძლივობით თანადგომა შოკისმომგვრელია ჩემთვის.
გარდა ფინანსურისა, იყო სხვა სახის თანადგომაც - ზოგი აქციების ორგანიზებით გვეხმარებოდა, ზოგი მორალურად მხარდამჭერ წერილებს გვწერდა, ზოგი კლინიკაში გვაკითხავდა და ა.შ. თითოეულ მათგანზე საუბარს ერთი წერილი ვერ დაიტევს.
შეუძლებელია ამ ყველაფრის გადახდა პირდაპირი გაგებით, მაგრამ თქვენი, ჩემთვის სამაგალითო ქმედება, ძალას მაძლევს გავხდე ბევრად უკეთესი, ცოცხალი ორგანიზმის უფრო ცოცხალი წევრი.
უღრმესი მადლობა თითოეულ თქვენგანს ამისთვის.
P. S.: წერილს კარნახით ვაწერინებ ჩემს დას".
რამდენიმე საათის წინ კიდევ ერთი პოსტი გავრცელდა მის ფეისბუქგვერდზე:
"მოგესალმებით მეგობრებო,
უამრავი მესიჯი მომდის და მათი წაკითხვა ახლა არაფრით შემიძლია. გადავწყვიტე აქ გავცე პასუხი იმ შეკითხვებს, რომლებიც ყველაზე უფრო ხშირად ისმის, როცა ჩემს ოჯახს უკავშირდებიან.
1. ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა:
ისევ ინტენსიურ განყოფილებაში ვწევარ. ფეხის მოძრაობა არ შეინიშნება. ხელებს მხოლოდ მხრის და იდაყვის სახსრებში ვამოძრავებ, საკმაოდ შეზღუდულად. ფილტვების პრობლემა ფაქტობრივად აღარ მაქვს. ნაწოლები ბევრად უკეთ არის. ვსუნთქავ დამოუკიდებლად, სუნთქვის აპარატის გარეშე, ტრაქეოსტომის საშუალებით. როცა ხმოვან სტომას მიკეთებენ, საუბარსაც ვახერხებ. ნერწყვის ყლაპვა ისევ არ შემიძლია, რადგან კისრის მალები არასტანდარტულ პოზიციაშია. ტრავმას არანაირი გავლენა არ მოუხდენია თავის ტვინის ფუნქციებზე, აზროვნება, მეხსიერება და სხვა. თვის ბოლოს დანიშნული ოპერაციის დროს გაასწორებენ მალებს, რაც სავარაუდოდ ყლაპვის ფუნქციასაც აღადგენს. ექიმები მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებენ ინტენსიური რეაბილიტაციის სრულყოფილად დაგეგმვას. ფეხზე დადგომასთან დაკავშირებით ჯერ ვერაფერს მეუბნებიან. სულ ეს არის, დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს.
2. ბევრს აინტერესებს რას ვაპირებთ ოფისთან დაკავშირებით. დასაკარგად ენანებათ სივრცე, რომელიც მათთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს და აღმოჩენებს უკავშირდება. რა თქმა უნდა, ჩემთვისაც ძვირფასია ადგილი, სადაც ღრმა ადამიანური ურთიერთობებით მუდმივად ვიზრდებოდი. უამრავი ადამიანი გავიცანი და ბევრი მეგობარი შევიძინე. თუმცა, ამის მიუხედავად, ვერაფრით დავუშვებდი ქველმოქმედებით შეგროვებული თანხა მისი შენარჩუნებისთვის დამეხარჯა.
ამ ეტაპზე ეს საკითხი მოგვარებულია. სამმა მეგობარმა გაინაწილა გადასახადი და სისტემატიურად გადაიხდიან, ვიდრე მე შევძლებ მუშაობის დაწყებას. ამის შემდეგ ნაწილ-ნაწილ დავუბრუნებ, მათ მიერ გადახდილ თანხას.
3. კითხულობენ, რამდენად დიდია დავალიანება და ხერხდება თუ არა საჭირო თანხების მობილიზება. მოგახსენებთ, რომ დავალიანება ძალიან დიდია. ამ კლინიკაში 9 სექტემბრიდან ვარ. დღიური გადასახადი პირველი სამი თვე 1400 ევრო იყო. მას შემდეგ კი 1000 ევრომდე ჯდება დღე. გადახდილი პირველი სამი თვეც არ არის სრულად. დავალიანების დაფარვას არ გვაჩქარებენ, გადახდა ეტაპობრივად იქნება შესაძლებელი. ამჯერად ოპერაციის ხარჯებს სადაზღვევო კომპანია დაფარავს.
და ბოლოს, გთხოვთ, არ წაშალოთ რაც უკვე მოწერილი გაქვთ. მოგვიანებით ყოველ წერილს აუცილებლად წავიკითხავ. რაც ისევ აქტუალური იქნება გიპასუხებთ, თუ არა, მაშინ კიდევ ერთხელ გამიხარდება თქვენი ყურადღება. მადლობას ვუხდი მათაც, ვინც თავს იკავებდა მოწერისგან, ზედმეტად, რომ არ გადავეტვირთე. ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ.
დათო".