ცოტა ხნის წინ 19 წლის ჯეინ კრისტენსის ოჯახში სასიხარულო ამბავი მოხდა. მისმა უფროსმა დამ, 34 წლის მოსიმ ვაჟი გააჩინა. ვიდრე ქალს სამშობიაროდან გამოწერდნენ, ნათესავებმა წინასწარ დაიწყეს მზადება. სახლი მორთეს, მიიტანეს უამრავი ბუშტი და აქსესუარი, ფოტოები ჩარჩოში ჩასვეს. ბავშვისთვისაც ყველა საჭირო ნივთი შეიძინეს - საწოლი, ეტლი, მაგიდა და ასე შემდეგ.
ბევრმა ფიქრი დაიწყო, რა უნდა ეჩუქებინათ დედისა და შვილისთვის, როდესაც სამშობიაროდან გამოვიდოდნენ. ჯეინმა გადაწყვიტა, რომ საჩუქარი საკუთარი ხელით გაეკეთებინა, რადგანაც გოგონა სტუდენტია და არც დანაზოგი აქვს მაღალი. გარდა ამისა, ის თვლიდა, რომ საჩუქარი, რომელშიც მთელი სული და გული ჩადო, ბევრად უფრო ღირებული იქნებოდა მისი დისთვის. ჯეინმა საკუთარი ხელით მოქსოვა აბაზანის პირსახოცი ბავშვისთვის და ლამაზად გააფორმა.
კრისტენსმა ახლობლებსაც აჩვენა დისშვილისთვის შექმნილი საჩუქარი და მათ ძალიან მოეწონათ. გოგონამ ვერ მოითმინა, როდის დაბრუნდებოდა მოსი სახლში და გადაწყვიტა, საჩუქარი წინასწარ ეჩვენებინა. პირსახოცს ფოტო გადაუღო და დას ესემესად გაუგზავნა. ხომ წარმოგიდგენიათ, რა სახტად დარჩებოდა ჯეინი, როცა დამ საჩუქრის მიღებაზე უარი განაცხადა.
უფრო მეტიც, მან საჩუქრების სია გაუგზავნა, საიდანაც ერთ-ერთი უნდა აერჩია და ის ეჩუქებინა ბავშვისთვის. როდესაც ჯეინმა სია ნახა, სხვადასხვა საიტზე დაიწყო ნივთების შერჩევა. მათგან ყველაზე იაფი 100 დოლარი ღირდა.
"სიის გამოგზავნის შემდეგ გაოცებული ვიყავი! იქ ათასი რამ ეწერა, მათ შორის, ბრენდული ტანსაცმელები, საწოვარას კრემი, რომელიც 200 დოლარი ღირს ან კიდევ სასაჩუქრე ვაუჩერი ბავშვისთვის, რომლის ღირებულებაც სულ მცირე 100 დოლარი იყო. საიდან უნდა მომეტანა ამდენი ფული?" - დაწერა გოგონამ სოციალურ ქსელში.
ჯეინმა თავი შეურაცხყოფილად იმიტომაც უფრო იგრძნო, რომ დამ უთხრა, რა უბრალო და შეუფერებელი საჩუქარი აგირჩევიაო. როგორც გოგონა ამბობს, მისი მოქსოვილი და შეკერილი ნივთები ყოველთვის აბედნიერებთ მის მეგობრებს და ხარისხიან მასალასაც იყენებს. ვერც იფიქრებდა, რომ და ასე ნეგატიურად მიიღებდა ამ ფაქტს. თუმცა ისიც გასაოცარი ამბავია ალბათ, რომ დაზე განაწყენებულმა ეს ოჯახური ამბავი სოციალურ ქსელში გაასაჯაროა და უამრავ უცხო ადამიანს უამბო.
რა თქმა უნდა, პოსტს გამოხმაურება მოჰყვა. უამრავმა გამომწერმა ურჩია, საერთოდ არაფერი ეჩუქებინა.
უცნობია, გადაწყვიტა თუ არა ჯეინმა დის წვეულებაზე წასვლა, თუმცა ძვირად ღირებული საჩუქარი მაინც არ აურჩევია. და ისიც არაა ცნობილი, როგორ გაგრძელდა დების ურთიერთობა.