პოპულარულ სერიალში ამჯერად მკაცრი, საქმეზე ორიენტირებული და ზედმეტად წესრიგის მოყვარული ქალის როლი შესთავაზეს. ისიც დასთანხმდა, რადგან რაც უფრო არ ჰგავს მას პერსონაჟი, მით უფრო სიამოვნებს ასეთ როლზე მუშაობა... დღეს ნიჭიერი მსახიობის ნანა ბუთხუზის გმირი "ჩცდ"-ს "კომენდანტია" და მის გარშემო ცდილობს, საკუთარი წესები დაამკვიდროს.
რას ამბობს თავის პერსონაჟზე, მისი რა თვისება აქვს, რით განსხვავდება ამ ქალბატონისგან - ამ და სხვა კითხვებზე AMBEBI.GE-ს მსახიობი თავად პასუხობს.
- ეს ქალი ისეთი კატეგორიის ადამიანია, რომელიც ან ძალიან გიყვარს და მოგწონს, ან კატეგორიულად არ მოგწონს და ვერ იტან. შუალედური აზრი შეიძლება არსებობდეს, მაგრამ ძირითადად, მგონია, რომ აზრი მხოლოდ ორად იყოფა... მოეწონება მას, ვისაც უყვარს ძლიერი, მკაცრი თუ საშიში ქალები, ზოგი ძალიან გაღიზიანდება და მისთვის ის აუტანელი იქნება.
მაგრამ, მგონი, თავად ასეთი ადამიანები იმაზე არ ფიქრობენ, ვინმეს უყვართ ისინი, თუ არა. მათთვის მნიშვნელოვანია მიზანი - ემსახურებიან კონკრეტულ საქმეს, რომელიც მნიშვნელოვნად მიაჩნიათ და ამ მიზნისთვის ყველაფერს აკეთებენ. მთავარია, შედეგს მიაღწიონ. მთავარია, გააკეთონ ის, რაც უნდათ, რომ გამოუვიდეთ.
- ამ ფსიქოტიპის ქალის თამაში, მისი "ძერწვა" ჩემთვის ძალიან საინტერესო შემოთავაზება იყო. ჩემგან რადიკალურად განსხვავებული უნარ-ჩვევების ადამიანია. ასეთ დროს ბევრად საინტერესოა პერსონების ძიება, მათი გაგება და გამართლება, რომელთა თვისებები, ერთი შეხედვით, უარყოფითია. არადა, გმირს თუ არ გაუგე და არ გაამართლე, მას ვერ ითამაშებ. აქედან გამომდინარე, დავიწყე ჩემი გმირის თხზვა...
სცენარისტი ისე საინტერესოდ წერს, რომ იმის საშუალებას მაძლევს, უფრო საინტერესოდ შევქმნა. ეს ერთობლივი სამუშაო პროცესია. თუმცა მე ამ ქალს ვხედავ, ვგრძნობ, მესმის, როგორ ლაპარაკობს, როგორი ტემპი აქვს, როგორ მოძრაობს. როცა მსახიობი ამ ყველაფერს აცოცხლებს, სცენარისტს მეტი სურვილი უჩნდება, პერსონაჟი საინტერესოდ განავითაროს. ეს კი, როგორც ვთქვი, ერთობლივი მუშაობის შედეგია. მოკლედ, მასზე მეც დამოუკიდებლად ვმუშაობ და უკვე შემიყვარდა კიდეც...