რა გვხდის კარგ მშობლებად, კარგ დედებად და მამებად, ხომ ყველას გვიფიქრია ამაზე?
შვილს რომ გააჩენ ადამიანი და ხელში აყვანის წამიდან, შენს საკუთრებად რომ თვლი, აი, აქედან იწყება ყველაზე დიდი პრობლემა ჩემი აზრით. რადგან დაბადების წამიდან წართმეული თავისუფლება, ვერ გვაქცევს კარგ ადამიანებად.
მე პირადად, შვილები არ გამიჩენია ნივთებად, რომლებსაც ჩემს ჭკუაზე ვატარებ, რომლებიც ყველაფერში დამემორჩილებიან უსიტყვოდ, თავდახრილები. რადგან ვთვლი, რომ არ უნდა გაიზარდნონ ადვილად მართვად ადამიანებად, რომლებიც ადვილად წამოეგებიან სხვის მანიპულაციებზე. არ მინდა ჩემი შვილებისთვის საკუთარ აზრზე მეტად, ჩემი ან სხვისი აზრი იყოს მნიშვნელოვანი. არ დავუშვებ ამას.
მე შემიძლია დავეხმარო კარგი განათლების მიღებაში და ყველაფერს გავაკეთებ ამისთვის. რაც არ უნდა იყოს მათი არჩევანი, სადაც არ უნდა იყვნენ, ერში, ბერში, კოსმოსში, მე ვიქნები მათ გვერდით. რაშიც არ უნდა დავჭირდე, რკინის ქალამნებს ჩავიცვამ, ფეხშიშველი ვივლი ქარში და წვიმაში, მაგრამ არასდროს, არასდროს არ წავართმევ არჩევანის უფლებას, არც ერთ მათგანს.
მე გავაჩინე ორი მზეჭაბუკი. ამაზე დიდი საჩუქარი სამყაროდან რა უნდა მიმეღო? არც ერთი მათგანია ჩემი საკუთრება. მე მათთან მეგობრობა, მათი მოსმენა და ყველაფერში გვერდით დგომა მევალება მხოლოდ.
მე შვილები ბედნიერებისთვის გავაჩინე. რადგან ჩემი ბედნიერი შვილებით, მეც ვიბედნიერო.
მარიამ სირბილაძე