ქვეყნის ყველაზე წარმატებული კულინარიული პროექტის „მასტერშეფის“ მეხუთე სეზონის გამარჯვებული დიმიტრი (დიტრიხა) შარაშიძე გახდა! აღსანიშნავია, რომ ქართული „მასტერშეფის“ ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როცა მოყვარულმა მზარეულმა გაიმარჯვა. ისევე როგორც, პირველი შემთხვევა, როცა დაწყებული ფინალი შეწყდა და მეორედ გაიმართა.
გზა ფინალამდე უამრავი გამოწვევითა და სირთულით იყო სავსე, მაგრამ ფინალისტებმა სხვა კონკურსანტებთან შედარებით ყველაზე კარგად გამოავლინეს ის უნარები, რომლებსაც ჟიურის წევრები აფასებენ. დაძაბული ფინალის კულმინაცია გამარჯვებულის გამოვლენა იყო, ჟიურის სამ ყველაზე ძლიერ კონკურსანტს შორის უნდა გაეკეთებინა არჩევანი. საბოლოოდ, გაიმარჯვა შემოქმედებითობამ, გამბედაობამ და სითამამემ. როგორც დიტრიხა ჟურნალ „გემრიელიასთან“ ინტერვიუში ამბობს, ფინალში ვაბანკზე წავიდა და გამარჯვებაც სწორედ ამ სითამამის დამსახურებაა:
„ჩემი კონცეფცია იყო შინაგანი სამყაროს გახსნა და ალტერ-ეგოს დამარცხება. ეს კონცეფცია იმიტომ ავირჩიე, რომ ყველა ადამიანს აქვს ბრძოლა საკუთარ თავთან და ალტერ ეგო ყოველთვის ხელს უშლის, ეუბნება, რომ ხვალ გადადოს, ეუბნება, რომ რაღაც არ შეუძლია, ვერ გააკეთებს და ამიტომ, მინდოდა, ამ კონცეფციით სხვა ადამიანებისთვის მეთქვა, დამენახებინა, რომ ყველაფერია შესაძლებელი.
ახალი ინგრედიენტების სხვადასხვაგვარი შერწყმა მოვიფიქრე, ისეთი, რაც მე თვითონაც ძალიან მომეწონებოდა და რადგან ფინალი იყო, ვაბანკზე წავედი. ისედაც, ვინაიდან, მე აკადემიური განათლება არ მაქვს, ჩემთვის ეგ პრობლემა არ არსებობს, რომ მე ექსპერიმენტებზე უარი ვთქვა. ამიტომ, ის ყველაფერი, რაც ძალიან მიყვარს, ერთ თეფშზე მოვათავსე და მგონია, რომ ამ სითამამემ გამამარჯვებინა.“ განაგრძეთ კითხვა