ლიკა ჩაჩიბაია საკმაოდ ახალგაზრდაა, თუმცა ცხოვრებაში ბევრი სირთულის დაძლევა მოუხდა. თითოეული დაბრკოლება წარმატებით გადალახა და ამაყობს ამით.
ლიკამ ცხრა წლის წინ სერიოზული ტრავმა მიიღო - მეცხრე სართულიდან გადმოვარდა. გადარჩენის ძალიან დაბალი შანსი არსებობდა. საბედნიეროდ, გადარჩა, მაგრამ მარჯვენა ხელი დაკარგა. სამი დღე კომაში იყო და სწორედ ამ დროს დასჭირდა ხელის ამპუტაცია.
იმდენად ძვირფასი იყო ლიკასთვის სიცოცხლე, რომ, როგორც თვითონ ამბობს, დიდი მნიშვნელობა არ მიუნიჭებია, ერთი ხელი ექნებოდა თუ ორი. მთავარი იყო, რომ გადარჩა და კვლავ მიეცა შანსი სიცოცხლით დამტკბარიყო.
რეაბილიტაციის შემდეგ ლიკამ დაიწყო ცეკვა და საკმაოდ კარგად გამოსდიოდა. მონაწილეობა მიიღო პროექტ „ნიჭიერში“, რომელიც წარმატებული აღმოჩნდა მისთვის. პროექტის დასრულების შემდეგ ჰქონდა უამრავი საინტერესო შემოთავაზება. ამის შემდეგ ისწავლა ცურვა და პროფესიულად მიუდგა ამ საკითხს. ცურვის დაწყებიდან რამდენიმე თვეში წავიდა პირველ შეჯიბრზე პორტუგალიაში. სწორედ ამ შეჯიბრის შემდეგ აცნობეს, რომ გახდა „რიო 2016“-ის ლიცენზირებული პარაოლიმპიელი მოცურავე, რაც მისთვის მოულოდნელი და დიდად სასიხარულო იყო.
თუმცა, რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, ლიკა დღემდე აწყდება და ებრძვის იმ სტერეოტიპებს, რომელიც საზოგადოებაშია დამკვირებული.
„ცხოვრებაში ხშირად ვაწყდები საბჭოთა კავშირის დროინდელ მენტალობას, ვცდილობ გავუმკლავდე, მაგრამ უკვე იმდენად დამღლელია, ასე საჯაროდ გადავწყვიტე გამოვსულიყავი და მიმემართა ამ უსულო ხალხისთვის. მინდოდა ხმამაღლა მეთქვა, რომ ჩვენც გვაქვს უფლება სრულფასოვანი ცხობრება გვქონდეს“, - ამბობს ლიკა ჩვენთან საუბრისას.