2021 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეულიდან ორი თბილისის წმ. გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლის მასწავლებელია
2021 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეულიდან ორი თბილისის წმ. გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლის მასწავლებელია
„მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ კონკურსის ფარგლებში მასწავლებლების საუკეთესო ათეული ცნობილია. მასწავლებელთა ათეულის გამოვლენა განათლების კოალიციის ინიციატივით და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან პარტნიორობით ხდება. შერჩეული ათეულიდან ერთ-ერთი კი 5 ოქტომბერს მასწავლებლის საერთაშორისო დღეს, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდება.

ათეულში მოხვედრა მასწავლებლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ათეულის ერთ-ერთი წარმომადგენელი თბილისის წმ. გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი ხათუნა რაზმაძე ამ ამბავს ადარებს „ნაპერწკალს“, რომელიც სხვა მასწავლებლებშიც გამოიწვევს ამ პროფესიის დაფასება-აღიარებას.
თბილისის წმ. გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი ხათუნა რაზმაძე: „საოცრად ამაღელვებელი და გამორჩეული
განცდა დამეუფლა, როდესაც მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულთა შორის ჩემი გვარი მოვისმინე. პირველი ემოციები მინდა შევადარო უჩვეულო „ტროპიკულ კოქტეილს“, რომელშიც სიხარულის, ბედნიერების, მადლიერების, გამარჯვების, შრომის დაფასების, მოლოდინის დასრულების და ჩემი პროფესიის სიყვარულის განმტკიცების ემოციები ერთმანეთს ცვლიდა. ეს ის წამია, რომელიც გინდა, რომ შეაჩერო და ხმამაღლა წამოიძახო: ’შეჩერდი წამო, რა მშვენიერ ხარ“. ჩემთვის ამ კონკურსში მონაწილეობა და ათეულში მოხვედრა უდიდესი ძალის მომნიჭებელი განცდაა, რომელიც გაჟღენთილია პროფესიისადმი სიყვარულით, იმედებით, წინსვლით... ეს ის „ნაპერწკალია“, რომელიც სხვა მასწავლებლებში გამოიწვევს ამ პროფესიის დაფასება-აღიარებას, რაც შესაძლოა უფრო დიდ და სასიამოვნო ენერგიად იქცეს მომავლი თაობისთვის.“

თბილისის წმ. გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი მაკა ხელაძე: „როცა დამირეკეს და მაცნობეს ათეულის წევრობა, თითქოს
სუნთქვა შემეკრა, სიხარულისგან ვხტოდი. ვერაფრით ვიაზრებდი, ამდენ პედაგოგში როგორ გამომარჩიეს, როგორ შემარჩიეს და ამხელა პატივი, ბედნიერება მხვდა წილად. მახსოვს, როგორ მეხვეოდნ ჩემი ბავშვები და ამ სიხარულის მიზეზის გასაგებად უთვალავ შეკითხვას მისვამდნენ. ცრემლნარევი და აკანკალებული ხმით ვპასუხობდი, რომ ოცნებები ხდება და ამის უნდა სჯეროდეთ.“

2021 წლის საუკეთესო ათეული კი ასე გამოიყურება:

  • სოფიო ბაჩილავა – თბილისის კერძო სკოლა ოპიზას მოქალაქეობის, სამოქალაქო განათლების და მე და საზოგადოების მასწავლებელი
  • ლამარა ბოლქვაძე – მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადისისა და კასუმლოს საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
  • გიტა თვალაბეიშვილი – თბილისის N168 საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი
  • ზეინაბ კაკალაშვილი – თელავის N5 საჯარო სკოლის მე და საზოგადოების და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი
  • ხათუნა რაზმაძე – თბილისის წმ. გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი
  • ქეთევან სეფიაშვილი – თბილისის N10 საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელი
  • გიორგი ტერუნაშვილი – მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ კალის საჯარო სკოლის ისტორიის, გეოგრაფიის, სამოქალაქო განათლების, ჩვენი საქართველოს და ქართულის მასწავლებელი
  • აზა ხანგოშვილი – ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისის საჯარო სკოლის ფიზიკის, ბუნებისმეტყველების, მეწარმეობის საფუძვლების და სპორტის მასწავლებელი
  • მარინა ხარიტონაშვილი – თბილისის სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-ჯესსის გეოგრაფიის და ბუნებისმეტყველების მასწავლებელი
  • მაკა ხელაძე – თბილისის წმ. გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი
მასწავლებლის ეროვნული ჯილდო განათლების კოალიციის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, 2017 წლის 13 მაისს დაწესდა. აღნიშნული ინიციატივა საქართველოში უკვე მეხუთედ ხორციელდება და ის მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის – „The Global Teacher Prize“ ნაწილია.
R
218
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
სასარგებლო ინფორმაცია