„მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ კონკურსის ფარგლებში მასწავლებლების საუკეთესო ათეული ცნობილია. მასწავლებელთა ათეულის გამოვლენა განათლების კოალიციის ინიციატივით და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან პარტნიორობით ხდება. შერჩეული ათეულიდან ერთ-ერთი კი 5 ოქტომბერს მასწავლებლის საერთაშორისო დღეს, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდება.
ათეულში მოხვედრა მასწავლებლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ათეულის ერთ-ერთი წარმომადგენელი თბილისის წმ. გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი ხათუნა რაზმაძე ამ ამბავს ადარებს „ნაპერწკალს“, რომელიც სხვა მასწავლებლებშიც გამოიწვევს ამ პროფესიის დაფასება-აღიარებას.
თბილისის წმ. გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი ხათუნა რაზმაძე: „საოცრად ამაღელვებელი და გამორჩეული განცდა დამეუფლა, როდესაც მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულთა შორის ჩემი გვარი მოვისმინე. პირველი ემოციები მინდა შევადარო უჩვეულო „ტროპიკულ კოქტეილს“, რომელშიც სიხარულის, ბედნიერების, მადლიერების, გამარჯვების, შრომის დაფასების, მოლოდინის დასრულების და ჩემი პროფესიის სიყვარულის განმტკიცების ემოციები ერთმანეთს ცვლიდა. ეს ის წამია, რომელიც გინდა, რომ შეაჩერო და ხმამაღლა წამოიძახო: ’შეჩერდი წამო, რა მშვენიერ ხარ“. ჩემთვის ამ კონკურსში მონაწილეობა და ათეულში მოხვედრა უდიდესი ძალის მომნიჭებელი განცდაა, რომელიც გაჟღენთილია პროფესიისადმი სიყვარულით, იმედებით, წინსვლით... ეს ის „ნაპერწკალია“, რომელიც სხვა მასწავლებლებში გამოიწვევს ამ პროფესიის დაფასება-აღიარებას, რაც შესაძლოა უფრო დიდ და სასიამოვნო ენერგიად იქცეს მომავლი თაობისთვის.“
თბილისის წმ. გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი მაკა ხელაძე: „როცა დამირეკეს და მაცნობეს ათეულის წევრობა, თითქოს სუნთქვა შემეკრა, სიხარულისგან ვხტოდი. ვერაფრით ვიაზრებდი, ამდენ პედაგოგში როგორ გამომარჩიეს, როგორ შემარჩიეს და ამხელა პატივი, ბედნიერება მხვდა წილად. მახსოვს, როგორ მეხვეოდნ ჩემი ბავშვები და ამ სიხარულის მიზეზის გასაგებად უთვალავ შეკითხვას მისვამდნენ. ცრემლნარევი და აკანკალებული ხმით ვპასუხობდი, რომ ოცნებები ხდება და ამის უნდა სჯეროდეთ.“
R