დღეს მსოფლიო დაზაფრა კორონავირუსმა, თუმცა ყველას იმედი გვაქვს, რომ კაცობრიობა დაამარცხებს ამ ვერაგ ინფექციასაც. ისტორიაც გვიჩვენებს, რომ როდესაც ადამიანები ერთიანდებოდნენ და შიშსა და პანიკას არ ყვებოდნენ, გაცილებით ადვილად ამარცხებდნენ ბევრ რამეს.
ესეც ერთ-ერთი ისტორიული ფაქტია, ყოფილი საბჭოთა კავშირიდან. მაშინ ვერაგ დაავადებას - ყვავილს, შეეძლო მთელ მსოფლიოში გავრცელებულიყო და მილიონები გაენადგურებინა. მაგრამ ეს არ მოხდა.
1959 წლის დეკემბრის ბოლოს, ომის შემდგომ საბჭოთა კავშირში, წინასაახალწლო განწყობა რომ სუფევდა ყველგან, ძლივს ფეხზე წამომდგარი ქვეყნები შეიძლებოდა ისევ კატასტროფის პირას აღმოჩენილიყვნენ.
23 დეკემბერს მოსკოვში, "ვნუკოვოს" აეროპორტში დაეშვა თვითმფრინავი დელი-მოსკოვი. ინდოეთში ორკვირიანი კულტურული კულტურული მივლინებიდან დაბრუნდა იმ დროის ცნობილი მხატვარი, სტალინის პრემიების ლაურეატი ალექსეი კოკორეკინი.
53 წლის გრაფიკოსი აეროპორტიდან პირდაპირ საყვარელთან გაეშურა. დაგეგმილზე ორი დღით ადრე დაბრუნდა, საჩუქრებითა და შთაბეჭდილებებით დატვირთული, რომ სანამ ცოლთან გამოცხადდებოდა, საყვარელს ხლებოდა. ორი დღე გაატარა ქალთან და მერე სახლში გამოცხადდა - ცოლისა და შვილისთვისაც ჰქონდა საჩუქრები, რასაკვირველია.
რამდენიმე დღეში თავი ცუდად იგრძნო: თავი და წელი ასტკივდა, სიცხემ აუწია, დაეწყო ძლიერი ხველა და ბოლოს ტანზეც გამოაყარა.
27 დეკემბერს მხატვრის ცოლმა სასწრაფო დახმარება გამოიძახა. მხატვარი ბოტკინის საავადმყოფოში გადაიყვანეს გრიპის დიაგნოზით - დეკემბერი იყო, გრიპების სეზონი.
საზოგადოებაში გარკვეული სტატუსის მქონე კოკორეკინი პრივილეგიებით სარგებლობდა: წესების მიუხედავად, საავადმყოფოს თანამშრომლები მის მეგობრებსა და ახლობლებს რთავდნენ ნებას, მასთან პალატაში შესულიყვნენ.
სამწუხაროდ, გრიპის სტანდარტულ მკურნალობას შედეგი არ ჰქონდა. მხატვარი ახლობელი ადამიანების თვალწინ თვალსა და ხელს შუა დნებოდა. 29 დეკემბერს კი გარდაიცვალა.
ისე წავიდა ამ ქვეყნიდან, ვერც გაიგო, რომ ინდოეთიდან მრავალრიცხოვან საჩუქრებთან ერთად თვით სიკვდილი ჩამოიტანა - გამანადგურებელი ინფექცია, ყვავილი. ეს საშიში დაავადება 40% შემთხვევებში ლეტალურად სრულდება. მოზრდილებში ყოველი მეშვიდე კვდება, ბავშვებში კი - ყოველი მესამე. რამდენიმე საუკუნით ადრე ყვავილის აფეთქებას მოსახლეობის დიდი ნაწილი შეეწირა.
დიდხანს ექიმებიც ვერ ხვდებოდნენ, რასთან ჰქონდათ საქმე. იმიტომ, რომ საბჭოთა კავშირში ყვავილის ბოლო შემთხვევა 1936 წელს დაფიქსირდა, მერე კი არსად არ აღმოუჩენიათ. 1960 წლისთვის კი ფაქტობრივად აღარ იყო სპეციალისტი, ვისაც თავისი თვალით ჰქონდა ნანახი ყვავილის გამოვლინებები და მის იდენტიფიცირებას შეძლებდა.
არადა, ხალხისთვის ცნობილი ადამიანი მოკვდა და მისი გარდაცვალების მიზეზები გამჭვირვალე და გასაგები უნდა ყოფილიყო. კვლევებს შედეგი არ მოჰქონდა. დიაგნოზი უფრო შავი ჭირისკენ მიდიოდა, თუმცა სიმპტომები არ ემთხვეოდა. სხვათა შორის, ექთანმა, რომელმაც ბოტკინის კლინიკაში გააფორმა კოკორეკინი და მისი გამონაყარი ნახა, ივარაუდა, რომ ეს შესაძლოა ყვავილი ყოფილიყო. თუმცა გამოცდილ სპეციალისტებს ეს ვარაუდი სიცილად არ ეყოთ.
იმას ყველა ხვდებოდა, რომ ეს არ იყო ჩვეულებრივი რამ. ამიტომ გვამის კრემაციის გადაწყვეტილება მიიღეს. "მუშებმა, რომლებმაც იცოდნენ, რომ ის საშიში დაავადებით გარდაიცვალა, უარი თქვეს კუბოს ტარებაზე. და ჩვენ სამმა, სამმა მხატვარმა მხრებით ვატარეთ კუბო ღუმელამდე. მუშებმა დიდი ჯოხებით შესწიეს სასახლე კრემაციისთვის", - იხსენებს კოკორეკინის ახლო მეგობარი, მხატვარი რუბენ სურიანინოვი.
ძალიან მალე, მსგავსი სიმპტომებით დაავადდნენ სწორედ ის ექთანი და მხატვრის მკურნალი ექიმი. მოგვიანებით კი ბოტკინის კლინიკის ჩვეულებრივი მუშა, რომელმაც ერთხელ უბრალოდ შემთხვევით გაიარა მხატვრის პალატასთან.
ექთანი გოგონა გამოძვრა, ორივე მამაკაცი კი ტანჯვით გარდაიცვალა.
კატასტროფა რომ ახლოვდებოდა, ყველამ გააცნობიერა. საჭირო იყო სასწრაფო ზომების მიღება. საქმეში ჩართეს მედიცინის ყველა თვალსაჩინო წარმომადგენელი. ზუსტი დიაგნოზი დასვა ვირუსოლოგმა მიხაილ მოროზოვმა.
საშიში ამბები, რა თქმა უნდა, კრემლამდე მივიდა. მთავრობაში გააცნობიერეს, რომ დრო ხელიდან გაექცათ: მხატვრის მოსკოვში დაბრუნების მომენტიდან, მას ათობით ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი, მათ კი თავის მხრივ, კიდევ ათობით ადამიანთან. სიტუაციას ართულებდა ახალი ჩავლილი საახალწლო დღესასწაულები - მოსკოველები მასობრივ გართობებში მონაწილეობდნენ, ერთმანეთთან დადიოდნენ სტუმრად... საკმაოდ საშიში სურათი იხატებოდა.
თავდაპირველად "კაგებეს" დაევალა გარკვევა, საიდან აღმოაჩნდა ეს დაავადება ამ პატივცემულ მოქალაქეს. რა თქმა უნდა, მოვლენათა ჯაჭვი ინდოეთისკენ მიემართებოდა. ამგვარი მგზავრობების წესების მიხედვით, საბჭოთა დელეგაციას ყველგან თან ახლდა სპეციალური ადამიანი, მოგზაურობის მარშრუტი კი წინასწარ იყო ხოლმე შეთანხმებული და უსაფრთხო. თუმცა მაინც გაირკვა, რომ მხატვარი, ინდოელი მეგობრების მიწვევით, ბრძანდებოდა ბრამინის - უმაღლესი კასტის წარმომადგენელი ადამიანის გვამის დაწვის ცერემონიაზე.
ინდოეთში გვამებს საუკუნეებია წვავენ. ვარანასისს, სადაც აღმოჩნდა კოკორეკინი, სიკვდილის ქალაქს უწოდებენ: იქ ყოველდღიურად მთელი ქვეყნიდან მიეშურებიან ადამიანები, რომ წმინდა მდინარე განგის ნაპირებზე გარდაიცვალონ. ინდუსებს სჯერათ, რომ ამის შემდეგ პირდაპირ სამოთხეში მოხვდებიან. განგის სანაპიროზე უწყვეტად ანთია კოცონები. სიკვდილი და სიცოცხლე იქ ისეა გადაჯაჭვული, არავის აოცებს მდინარეში ცოცხალ ადამიანებთან ერთად მოცურავე გვამები თუ გვამის ნარჩენები. "მხატვარი ისე მოიცვა ამ შთაბეჭდილებებმა და ისე აინტერესებდა ყველაფერი, ინდოელებმა მისცეს ნება, ახლოს მისულიყო გვამთან, აეღო იმ ქსოვილის ნაკუწი, რომელშიც გვამი იყო გახვეული. მან ეს ნაკუწი მოსკოვში წამოიღო და თავის საყვარელს აჩუქა. ხოლო ის ამბავი, რომ ბრამინი ყვავილით გარდაიცვალა, მაშინ ჯერ ინდოეთშიც არ იცოდნენ", - ყვება ბიოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი ფიოდორ ლისიცინი.
სულ მალე დადგინდა, ვისთან ჰქონდა კონტაქტი მხატვარს გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე. აქვე მოეფინა ნათელი მის პირად ცოვრებას. სხვათა შორის, იმ მომენტისთვის, მხატვრის საყვარელს ინდური საჩუქრები უკვე საკომისიოში ჰქონდა ჩაბარებული და ამით კიდევ უფრო გააგრძელა დასნებოვნების ჯაჭვი.
"კაგებეს" თანამშრომლებმა ყველას იდენტიფიცირება მოახდინეს - ახლობლებიდან შემთხვევით ნაცნობებამდე. სწრაფადვე გადაიყვანეს ჰოსპიტალში და გამოიკვლიეს ადამიანები არა მხოლოდ მხატვრის უახლოესი გარემოცვიდან, არამედ თვითმფრინავის ეკიპაჟის წევრები და მგზავრები, ტაქსისტი, მეზობლები, კოლეგები, მაღაზიების გამყიდველები, შემთხვევითი ადამიანებიც კი, ვისთანაც რამდენიმე სატყვა გაცვალა.
სასწავლებლიდან, სადაც მხატვრის ქალიშვილი სწავლობდა, მთელი კურსი მოხსნეს და ასევე გამოიყვანეს ხალხი საერთო საცხოვრებლიდან, სადაც მხატვრის ქალიშვილის საქმრო ცხოვრობდა.
მათ შორის, ვინც კოკორეკინს სტუმრობდა კლინიკაში, იყო ზემოხსენებული რუბენ სურიანინოვი. მალე ის და მისი მეუღლე შეუძლოდ გახდნენ, თუმცა ცოლმა მაინც გადაწყვიტა რიგაში გამგზავრება, სადაც გამოცდა ჰქონდა.
რიგაში მან უფრო ცუდად იგრძნო თავი, რუბენმა ჩააკითხა და ერთად დაბრუნდნენ სახლში. სპეცსამსახურებმა იპოვეს სამივე რეისის მგზავრები, ასევე ტერმინალების თანამშრომლები და ყველა კარანტინში გადაიყვანეს.
ერთ-ერთ პოტენციურ დაავადებულზე მაშინ გაიგეს, როცა მამაკაცი თვითმფრინავის ბორტზე იყო და პარიზში მიემართებოდა. მფრინავებს მაშინვე უბრძანეს თვითმფრინავის მოტრიალება. თვითმფრინავის ყველა მგზავრი, ყოველგვარი ახსნაგანმარტების გარეშე, მაშინვე იზოლაციაში გადაიყვანეს.
ამ სწრაფი სპეცოპერაციის წყალობით, ათობით დაავადებული გამოავლინეს, კიდევ 11 ათასი მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იყო. თუმცა პოტენციურ დაავადებულთა ჯაჭვი მაინც იზრდებოდა. მალე გასაგები გახდა, რომ მთლიანად მოსკოვი იყო საფრთხის ქვეშ, ეს კი მაშინდელი მონაცემებით, დაახლოებით 7 მილიონი ადამიანი გახლდათ.
მოსკოვი ჩაკეტეს. არავითარი ოფიციალური განცხადება ამასთან დაკავშირებით არ ყოფილა. უეცრად გაქრა გაყიდვიდან საერთაშორისო ბილეთები, ყველა სახის ტრანსპორტზე. ხოლო მოქალაქეებს რეკომენდაციას აძლევდნენ, სახლი დიდხანს არ დაეტოვებინათ.
ყველას ამოწმებდნენ სადგურებზე და პატარა აეროპორტებზე. ბოტკინის საავადმყოფო ყაზარმულ მდგომარეობაზე გადავიდა, შენობაში არავის უშვებდნენ. უმოკლეს დროში დაამატეს საწოლები და მატრასები. თუმცა თეთრეული საკმარისი არ აღმოჩნდა - 3 ათასამდე პაციენტს და 5 ათასამდე მედპერსონალს არ ეყო. სპეციალური გადაწყვეტილებით, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის თეთრეულის ხელშეუხებელი მარაგი გახსნეს. მთავრობას შეეძლო, მაღაზიებიდან ამოეღო თეთრეული, მაგრამ ეს ჭორებს და პანიკას გააჩენდა და ამას მოერიდნენ.
სპეცოპერაციას საბჭოთა კავშირის მაშინდელი მეთაური ნიკიტა ხრუშჩოვი პირადად აკონტროლებდა.
მან ბრძანა, არ დაეშვათ ინფორმაციის გაჟონვა. ქალაქში არავინ არაფერი იცოდა. თუმცა ხედავდნენ ადამიანებს ნიღბებში და ანტიბაქტერიულ კოსტიუმებში და უჩნდებოდათ ეჭვი, რომ რაღაც ხდებოდა.
მიუხედავად ამისა, პანიკა არ ყოფილა. ომგამოვლილ ხალხს უკვე აღარაფერი აკვირვებდა და წყნარად ელოდნენ მოვლენების განვითარებას ან იმას, რომ ვინმე აუხსნიდათ, რა ხდებოდა.
მთავრობას სხვა გზა არ რჩებოდა - მოსახლეობის ტოტალური ვაქცინაცია უნდა ჩაეტარებინა. თანაც, ძალიან სწრაფად. გადაწყვიტეს, აეცრათ არა მხოლოდ მოსკოვის, არამედ მის სიახლოვეს მცხოვრები ადამიანები - დაახლოებით 10 მილიონამდე. ამდენი ვაქცინა ქვეყანას არ აღმოაჩნდა. გამოიწვიეს სახელმწიფო რეზერვები ახლო აღმოსავლეთიდან, თუმცა უამინდობა დაემთხვა და თვითმფრინავები არ დაფრინავდნენ. მატარებლის ვარიანტი არც განიხილებოდა - დრო არ იცდიდა. ამიტომ საქმეში სამხედრო ძალები ჩართეს და მოსკოვში ვაქცინა რეაქტიული თვითმფრინავებით შემოიტანეს.
ტოტალური ვაქცინაციის შესახებ ადამიანებს რადიოთი ამცნეს. უარის თქმა არ შეიძლებოდა - აცრის შესაბამისი ცნობის გარეშე არც შესვლა შეიძლებოდა ქალაქში და არც გამოსვლა. მატარებლის ბილეთსაც კი ვერ იყიდდნენ ამ ცნობის გარეშე.
ცრიდნენ ყველას - ახალშობილებს, ბავშვებს, მოზარდებს, უფროსებს, მოხუცებს, ავადმყოფებს და მომაკვდავებსაც კი. ყველგან - სახლებში, სპეციალურ პუნქტებში, სადგურებზე, საავადმყოფოებში. სულ რაღაც ერთ კვირაში სრულად მოხდა ვაქცინაცია. ინფექციის ლიკვიდაციას 44 დღე დასჭირდა, უფრო ზუსტად კი - ორგანიზებული ბრძოლა 19 დღე გრძელდებოდა მხოლოდ. თანაც, ოპერაცია ჩატარდა მინიმალური დანაკარგებით - სულ სამი ადამიანი გარდაიცვალა, კოკორეკინის ჩათვლით.
სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა, რომლებმაც ბოლომდე იბრძოლეს, საიდუმლოც ბოლომდე შეინახეს ან მომაკვდინებელი ინფექციის გავრცელების საშიშროებაზე.
ამბავი ქალისა, რომელმაც ასამდე ადამიანი დაასნებოვნა - ისტორიაში პირველი ნულოვანი პაციენტი