10 თვის გურამიკო გიორგაძეს დედამ მხიარული ფოტოები გადაუღო, სოციალურ ქსელში ატვირთა და უამრავი ადამიანის მოწონება დაიმსახურა. როგორც სოფიო ბუცხრიკიძე გვეუბნება, ეს შესანიშნავი საშუალებაა შვილებთან დროის სასიამოვნოდ გასატარებლად და ბედნიერი მოგონებების შესაქმნელად. Mshoblebi.ge-ს მკითხველი უკვე იცნობს გურამიკოს დას, ბარბარე გიორგაძეს, რომელიც პოზიტიური ვიდეოებით ასევე ბევრმა ადამიანმა გაიცნო და შეიყვარა. სოფიო თავად გვიამბობს იდეასა და გამოხმაურებაზე:
- სამი შვილი მყავს, ბარბარე, ლილე და გურამიკო. ფოტოების იდეა მე მეკუთვნის. ყველა ერთად ვხალისობთ. როგორც აღმოჩნდა, სხვა ადამიანებსაც მოსწონთ, რადგან სოციალურ ქსელში ბევრი დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. ბავშვებსაც მოსწონთ და კარგად ვერთობით. თუ ჭირვეულობს, რა თქმა უნდა, აღარ ვაგრძელებთ. ვიდრე გურამიკო გაჩნდებოდა, მე, ბარბარე და ლილე ერთნაირ ტანსაცმელს ვიცვამდით და ესე მომწონდა. ახლა გადავწყვიტე, ოთხივემ ერთნაირად ჩავიცვათ. იმ ფონზე, რომ ძალიან ვიღლები, ზოგჯერ დეპრესიული მომენტებიც მქონია, ვცდილობ, რომ შვილებთან ერთად დროის სახალისოდ გატარებით და სხვადასხვა თამაშის მოფიქრებით, განვიტვირთო. ჩემი შვილი დიდი რომ გაიზრდება და ფოტოებს ნახავს, თავადაც მოეწონება. თითქოს, ისტორია იქმნება და ჩემთვის, როგორც მშობლისთვის, ეს ძალიან სასიამოვნოა.
თამარ იაკობაშვილი