დიახ, მას თანამედროვეობის ყველაზე უბედურ პრინცესას უწოდებენ, მისი მართლაც უიღბლო პირადი ცხოვრების გამო. თუმცა ამჯერად კიდევ უფრო უარესად არის საქმე.
მშობლიურ სამხრეთ აფრიკაში მოგზაურობა საკმაოდ ძვირად დაუჯდა - პრინცესა ჰოსპიტალიზებულია, ქმრისა და შვილებისგან იზოლირებულია და ექიმები მისი გადარჩენისთვის იბრძვიან.
ზიმბაბვეში დაბადებული შარლენი ბავშვობის ადგილებში საქველმოქმედო მიზნით ჩავიდა - ბრაკონიერების მიერ დაობლებული მარტორქების მოსანახულებლად, ლიმპოპოში. როგორც ცნობილია, პრინცესა ველური ბუნების შენარჩუნებისთვის იბრძვის და შესაბამის ორგანიზაციებს მხარს უჭერს.
სამწუხაროდ, ამჯერად კეთილი მიზნები ბოროტად შემოუბრუნდა. ჯერ კიდევ მაისში იმყოფებოდა სამხრეთ აფრიკაში ვიზიტით და როგორც ჩანს, მალევე გართულდა მდგომარეობა, თუმცა გასაიდუმლოებული იყო.
რამდენიმე კვირის წინ მონაკოს პრინცი ალბერ მეორე შვილებთან ერთად ჩავიდა სამხრეთ აფრიკაში ცოლის სანახავად. პრესასთან კომენტარი არ გაუკეთებია.
მოგვიანებით ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ პრინცესა ოჯახთან ერთად ვერ დაბრუნდა მონაკოში, ყურის რთული ინფექციის გამო, რომელიც აფრიკაში ვიზიტის დროს შეხვდა.
მხოლოდ ახლა დადასტურდა ოფიციალურად, რომ პრინცესას მდგომარეობა რთულია. "შარლენი ვერ ტოვებს სამხრეთ აფრიკას ინფექციის გამო - მან არაერთი ოპერაცია გადაიტანა რამდენიმე კვირის განმავლობაში", - იუწყება მონაკოს სათავადო.
ინფექციამ დააზიანა ყურის და ცხვირხახის მიდამოები. ექიმები ამბობენ, რომ მისი სხვაგან გადაყვანა და ტრანსპორტირება დამღუპველი იქნება, ამიტომაც ტოვებენ აფრიკაში.
თავად ცოტა ხნის წინ გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ ქმარ-შვილთან ურთიერთობა დიდ ძალას აძლევს. ისინი მისთვის ლოცულობენ.
სამწუხაროდ, შარლენს ამ მდგომარეობამდეც არ ჰქონდა ბედნიერი ცხოვრება. ოლიმპიური ჩემპიონი ცურვაში, რამდენიმე წელია მონაკოს პრინცის ცოლია, თუმცა ეს წლები თითქმის არც ერთ ფოტოზე არ გაუღიმია.
მონაკოს პრინცი ალბერი დაოჯახებამდეც ცნობილი მექალთანე იყო და არც შემდეგ შეუწყვეტია დარდიმანდული ცხოვრება. 2014 წელს წყვილს ტყუპი ქალ-ვაჟი შეეძინა, თუმცა ამანაც ვერ უშველა მათ ქორწინებას. ალბერს შარშანაც ეყოლა მორიგი უკანონო შვილი.
ბოლო პერიოდში შარლენი ძალიან განიცდიდა ამ ყველაფერს. ამბობენ, რომ რადიკალურად შეცვლილი ვარცხნილობაც ამის გამოვლინება იყო და სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობაც, რომ როგორმე დაევიწყებინა პირადი პრობლემები.
სხვათა შორის, შარშან შარლენი საქართველოშიც იმყოფებოდა სტუმრად - პრინცესას ვიზიტი საქველმოქმედო ფონდ „აი იას“ ეგიდით მიმდინარეობდა, რომელიც სმენადარღვეული ბავშვების რეაბილიტაცია-აბილიტაციისათვის შეიქმნა.
იმედს ვიტოვებთ, რომ პრინცესა მალე გამოჯანმრთელდება და ბედნიერიც იქნება.