10 აქტივობა, რომელსაც მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეულის წარმომადგენელი მაკა ხელაძე საზაფხულოდ გვირჩევს
თანამედროვე ბავშვისთვის ზაფხულის საინტერესოდ გატარება მარტივი ნამდვილად არაა, რადგან გაჯეტების ეპოქაში მათი გული უმეტესად ეკრანისკენ მიიწევს და არც ეზოში თამაში სურთ და არც ახალი აღმოჩენების გაკეთება. მშობლებს კი უნდათ, არდადეგები მაქსიმალურად ნაყოფიერად გამოიყენონ და ბავშვებს სკოლაში მიღებული ცოდნა არ დაავიწყდეთ. სად არის ოქროს შუალედი და როგორ უნდა მოვიქცეთ არდადეგების პერიოდში? – ამ კითხვაზე 2021 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეულის წარმომადგენელი, თბილისის წმ. გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი მაკა ხელაძე გვპასუხობს.
„ვფიქრობ, თანამედროვე ცხოვრების აჩქარებულ რიტმში მოყოლილ ბავშვებს განსაკუთრებულად სჭირდებათ ხარისხიანი საზაფხულო თერაპია, რომელიც უამრავ სახალისო აქტივობას გულისხმობს. ეს შეიძლება იყოს საინტერესო წიგნების წაკითხვა, თევზაობა, ახალი სირთულეების და გამოწვევების დაძლევა, დასალაშქრი ადგილების სია, კარვებით ხეტიალი და ცეცხლში კარტოფილების შეწვა. სიტყვა ,,საზაფხულო“ ზაფხულს გვახსენებს, მზესთან და თავისუფლებასთან ასოცირდება. აი, ,,დავალებები“ კი დამეთანხმებით, რომ თავისუფლების განცდას ეწინააღმდეგება და თითქოს ყველაფერს აფუჭებს. სწორედ ამიტომ სასურველია, არდადეგების პერიოდში მშობლებმა ორგანიზება გაუწიონ ბავშვების შეხვედრას თანატოლებთან, მათთან ურთიერთობას, თამაშს. ამით ისინი დიდად შეუწყობენ ხელს შვილის სოციალურ განვითრებას, რაც მას მომავალში ბევრ სირთულეს ააცილებს თავიდან,“ – აღნიშნავს მაკა ხელაძე.
ახლა კი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეულის წარმომადგენელი მასწავლებელი გვირჩევს 10 აქტივობას, რომელიც დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისა, და არამარტო მათთვის, ძალიან საინტერესო იქნება:
დაფიქრდი, შექმენი ახალი და საინტერესო სათამაშო. მიეცი ძველ ნივთებს ახალი სიცოცხლე. დაამზადე გასართობი ნივთები, გახდი გამომგონებელი და კოლექციონერი. შეგიძლია მოაწყო გამოფენა-გაყიდვა. გახდი ჟურნალისტი. მეგობრებთან ან დამოუკიდებლად აღმოაჩინე საინტერესო ადამიანები შენს გარშემო, რომლებიც, შენი აზრით, ბევრს შრომობენ, მოაგროვე მათზე ინფორმაცია, ჩაწერე მათთან ინტერვიუ ან მოამზადე სიუჟეტი და წარმოადგინე. იზრუნე შენს სამშობლოზე. მეგობრებთან, უფროსებთან ერთად დაასუფთავე გარემო, დაამზადე და გაავრცელე საინფორმაციო ბუკლეტები. დაამაგრე გამაფრთხილებელი წარწერები, რომ ადამიანებმა დაიცვან გარემო. დაამზადე, გადაიღე ფოტოები ან მოამზადე სიუჟეტი. გახდი უცნაური კოლექციის მფლობელი. ადამიანებს სხვადასხვა გატაცება აქვთ. ხშირად ისინი ნივთების კოლექციებს აგროვებენ. შენც ხომ შეგიძლია გახდე კოლექციონერი. მაგალითად, შეაგროვე და ჩაიწერე ყველა კარგი საქციელი, რომლის მომსწრეც შენ იქნები. ჩანაწერებს დაურთე ნახატი. თუ გინდა, ეს ამბები ფურცლებზე დაწერე და ყულაბაში ჩაყარე, ბოლოს გახსნი ყულაბა და გააცანი სხვებს. დარწმუნებული ვარ, საკუთარი კოლექციით თავადაც გაოცდები. მოიძიე მინდვრის ყვავილების სახელები და შეადგინე კატალოგი. შეგიძლია, გააფორმო ნახატებითა და ფოტოებით. გამოძერწო ან დაამზადო ყვავილები სხვადასხვა მასალით. კატალოგს აუცილებლად გააცნობ კლასელებს არდადაგების შემდეგ. მოიძიე ინფორმაცია, როგორ ზრუნავენ ცხოველები საკუთარ ნაშიერზე. დაიხმარე უფროსები და ინტერნეტში მოიძიე საინტერესო ფაქტები, ფოტოები. შეგიძლია ეს ყველაფერი ერთ დიდ ფორმატზე მოათავსო ან წიგნად აკინძო. შეისწავლე შენი ქალაქის ან სოფლის ისტორიული ძეგლები. მოაწყვე ექსკურსია ამ ადგილებში. გადაუღე ფოტოები. შეგიძლია დაამზადო სარეკლამო ბუკლეტები და გაავრცელო, რათა სხვებმაც დაათვალიერონ ეს ადგილები. ყველა ადგილსა და ძეგლს საინტერესო ისტორია აქვს. მათ შესახებ უამრავი ლეგენდა თუ თქმულება არსებობს. დაიწყე ჩვენი ქვეყნის ისტორიული ძეგლების შესწავლა. შეარჩიე შენთვის ყველაზე საინტერესო. ზაფხულში უამრავ ახალ თანატოლს გაიცნობ. შეკრიბე მეგობრები და მოაწყვე ,,მკითხველთა თეატრი“ ან ,,ჩრდილების თეატრი“. გაინაწილეთ როლები, დაამზადეთ აფიშა და მოსაწვევები. შეურჩიეთ სათანადო მელოდია. დაპატიჟეთ უფროსები. შექმენი ონლაინ სამკითხველო კლუბი. დაუკავშირდი მეგობრებს და ერთად იკითხეთ წიგნები. გამოთქვით მოსაზრებები, იმსჯელეთ, იკამათეთ, ისაუბრეთ. დახატეთ ეპიზოდები, შეგიძლიათ ტანსაცმელი წაკითხული ტექსტის ეპიზოდებით, პერსონაჟებითა და თქვენთვის დაუვიწყარ ფრაზებით დაამშვენებთ.