პრინცი ჰარი და მეგან მარკლი ყველანაირად ცდილობნ, თავიანთი ცნობადობა რაც შეიძლება მეტი შემოსავლის მისაღებად გამოიყენონ. ეს გასაკვირი არ არის, რადგან ფული სჭირდებათ - ჰარის მამა დაემუქრა, რომ ოჯახის ბიუჯეტს მთლიანად ჩამოაშორებს და მემკვიდრეობის გარეშე დატოვებს. ფულის შოვნა კი წყვილს მართლაც კარგად გამოსდის - მათ უკვე რამდენიმე ძვირადღირებული კონტრაქტი აქვთ მულტიმედია კომპანიებთან, სასექსელი წყვილის საჯარო გამოსვლებიც დიდი ფული ღირს. ცოტა ხნის წინ კი გამჟღავნდა, რომ ჰარისა და მეგანს საქველმოქმედო ორგანიზაციაც ფულს გადაუხდის.
თანხის რაოდენობა საკმაოდ მოკრძალებულია, სულ რაღაც 500 ფუნტი. ის სიმბოლური ჟესტი უფროა, ვიდრე ფულადი ჯილდო. სამაგიერიდ, მისი დანიშნულებაა აღსანიშნავი - მეგანი და ჰარი ფულს იღებენ იმის სანაცვლოდ, რომ მეტ შვილს აღარ გააჩენენ.
„ამ ჯილდოს მათ გადავცემთ დიდსულოვანი გადაწყვეტილებისთვის, რომ პატარა ოჯახი ეყოლებათ. გვინდა ეს გადაწყვეტილება მისაბაძი გახდეს. მსგავსი გადაწყვეტილებებით პლანეტაზე კაცობრიობის ნეგატიური გავლენა შემცირდება და ჩვენს შთამომავლობას მეტი შანსი დარჩება, რომ ჯანსაღ პლანეტაზე იცხოვროს“ - აცხადებენ საქველმოქმედო ორგანიზაცია Population Matters-ში.
მათი წარმომადგენლების განმარტებით, სამეფო წყვილმა დაადასტურა, რომ ბედნიერება ბევრი შვილის გარეშეც შესაძლებელია. მიღებულ 500 ფუნტს კვლავ ქველმოქმედებას მოახმარენ, მათი ჰონორარები ხომ ძირითადად, საქველმოქმედო მიზნებს ხმარდება.
სხვათა შორის, ჰარიმ ჯერ კიდევ პირველი შვილის, არჩის გაჩენამდე განაცხადა, რომ ის და მეგანი ორი შვილზე მეტის ყოლას არ აპირებდნენ. მისი თქმით, დედამიწა ისედაც გადატვირთულია მოსახლეობით და ეკოლოგიაზე ზრუნვა ყველას მართებს. მის ამ განცხადებას კრიტიკის ნამდვილი ქარცეცხლი მოჰყვა: სანამ შენ ეკოლოგიაზე ქადაგებ, შენი ცოლი კერძო თვითმფრინავით დაფრინავს, რომელიც უზარმარი ოდენობის ჟანგბადს ანადგურებსო. ამიტომ დღესაც არ სჯერათ, რომ ჰარის და მეგანს პლანეტის ბედი აღელვებთ. თანაც მეგანი ხომ უკვე 39 წლისაა, 40 წლის შემდეგ მშობიარობა კი, მედიცინის წინსვლის მიუხედავად, მაინც გარკვეულ რისკებს უკავშირდება.
„სავარაუდოდ, ისედაც აღარ აპირებდნენ შვილების გაჩენას და ბარემ ეს ფაქტიც პიარისთვის გამოიყენეს“ - ასეთია ინტერნეტმომხმარებლების შეფასება.