კორონავირუსის ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ ადამიანის ორგანოთა სისტემებში იწყება პროცესები, რომლებიც შეიძლება ვირუსისგან გამოჯანმრთელების შემდეგაც გაგრძელდეს. ამიტომაცაა, რომ კოვიდის გადატანის შემდეგ გარკვეული სიმპტომები ადამიანებს ხანგრძლივად გაჰყვებათ ხოლმე.
რა ჩივილები რჩებათ ყველაზე ხშირად კოვიდგადატანილ პაციენტებს?
უძილობა
რთული ინფექციებით ავადობისას ორგანიზმი თავის სასიცოცხლო რეზერვს ხარჯავს, პირველ რიგში კი საკვებ ნივთიერებებს: ცილებს, ამინომჟავებს, ვიტამინებსა და მიკროელემენტებს. ყველა ეს ნივთიერება საჭიროა, რომ ორგანიზმმა ქსოვილების აღდგენის ფუნქცია შეინარჩუნოს.
ორგანიზმის სხვა მოთხოვნილებები უფრო დაყოვნებულია და მათი აღდგენა მოგვიანებით ხდება. მაგალითად ნეირომედიატორების ბალანსი თავის ტვინში. განსაკუთრებით ზარალდება ის ნეირომედიატორები, რომლებიც დამშვიდებასა და მოდუნებას უზრუნველყოფენ. ამიტომაც ძლიერი სტრესის ან ავადობის შემდეგ უძილობა ვლინდება.
ეს ჩივილი განსაკუთრებით აწუხებთ კოვიდგადატანილ პაციენტებს. დახმარება შეუძლიათ ნევროლოგებსა და სომნოლოგებს.
ფილტვის პრობლემები - ქოშინი, ჰაერის უკმარისობა
ვიცით, რომ კორონავირუსი ფილტვებში ფიბროზულ ცვლილებებს იწვევს. ჯანმრთელი ქსოვილი სქელდება და მკვივდება, რაც ხელს უშლის ჟანგბადის შეღწევას ფილტვში. ფიბროზის გადატანის შემდეგ რესპირატორული სისტემის აღდგენას დრო სჭირდება. ასევე დაგჭირდებათ სუნთქვითი ვარჯიშები და ექიმის მეთვალყურეობა. ქოშინი და ჰაერის უკმარისო რჩება მანამ, სანამ ქსოვილები ბოლომდე არ აღდგება, რასაც ზოგჯერ თვეები სჭირდება.
მეხსიერების პრობლემები
დაბნეულობა, კონცენტრაციის პრობლემები, ყურადღების დაქვეითება - ეს კორონავირუსის შემდგომი კოგნიტური დარღვევებია. ამის ერთ-ერთი მიზეზი ჟანგბადის ნაკლებობაა, ჰოპოქსია. არასაკმარისი ჟანგბადის პირობებში ტვინის მუშაობა ნელდება. მეორე მიზეზი ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანებაა. კიდევ ერთი მიზეზია ფსიქოსომატური მდგომარეობა, რომელიც სტრესითა და შიშითაა გამოწვეული.
მეხსიერებასა და კონცენტრაციის დაქვეითებასთან დაკავშირებული პრობლემები შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში დარჩეს და მის აღდგენას წლები დასჭირდეს.
კანის დაზიანება
კანის პრობლემებს კორონავირუსის დროს წვრილი სისხლძარღვების კედლების დაზიანება იწვევს. გამონაყარი ჩნდება როგორც უშუალოდ ინფექციის მიმდინარეობისას, ასევე მისი დასრულების შემდეგაც. გამონაყარი და დერმატოლოგიური პრობლემები კოვიდის შემდეგ ძალიან მრავალფეროვანია და ხშირად, შემაწუხებელი, რადგან ქავილს და წვას იწვევს. ჩვეულებრივ, კოვიდისეული გამონაყარი 10-14 დღეში ქრება, თუმცა შესაძლებელია, თვეობით დარჩეს.
თმის ცვენა
კოვიდგადატანილი პაციენტების 49% თმის ცვენის ჩივილით მიმართავს ექიმს. ცვენა შესაძლოა 6 თვის განმავლობაშიც გაგრძელდეს და შემდეგ კვლავ დაუბრუნდეს წინანდელ ფორმას.
თუმცა თუ თმის ცვენას ახლავს თავის კანის წვა, გამონაყარი თმიან საფარველზე, აუცილებლად მიმართეთ დერმატოლოგს ან ტრიქოლოგს, რადგან ეს ჩივილები შესაძლოა სოკოვანი დაავადებებით იყოს განპირობებული ან სხვა ორგანოთა სისტემების დაზიანებით.
ხშირი ავადობა
იმუნიტეტი დასუსტებულია როგორც კორონავირუსის მიერ უჯრედების დაზიანების გამო, ასევე მკურნალობის პროცესის გამოც. ბევრი პრეპარატი, რომელიც მკურნალობის დროს გამოიყენება, თუ ერთ სასიცოცხლო ფუნქციას აუმჯობესებს, მაგრამ სხვა ფუნქციებზე უარყოფით ზეგავლენას ახდენს.
ამ ყველაფრის გამო, კორონავირუსის გადატანის შემდეგ დიდი ყურადღება უნდა დაუთმოთ რეაბილიტაციის პროცესს. აკონტროლეთ დღიური რაციონი, ფიზიკური დატვირთვა და შეასრულეთ ექიმების მითითებები. ექიმები ამბ ობენ, რომ საბოლოოდ ყველაფერი აღდგება, თუმცა შესაძლოა ცდა დიდხანს მოგიხდეთ.