"გიორგი რომ პრეზიდენტი გახდა, იმ პერიოდში ჩემი მეგობარი სპექტაკლს დგამდა და მთხოვა, ტანსაცმლისა და ფეხსაცმელების შერჩევაში დავხმარებოდი. წავედით სადგურზე, სადაც ღია ცის ქვეშ ჰქონდათ მეორადების დახლები გაშლილი. ხალხი არ იჯერებდა და ერთმანეთს ეკითხებოდნენ, ეს მაკა ჩიჩუააო?.." - იხსენებს მაკა ჩიჩუა ჩვენთან საუბრისას.
- ადამიანის გემოვნების ჩამოყალიბებაში ვფიქრობ, დიდ გავლენას გარემო ახდენს... თუმცა, გემოვნებაც ინდივიდუალურია. შეიძლება ცუდ პირობებშიც კი ადამიანს ძალიან დახვეწილი გემოვნება ჩამოუყალიბდეს! ამიტომ ერთმნიშვნელოვნად ვერ ვიტყვი, თუ რა ფაქტორი ახდენს გავლენას. ადამიანის ხედვაზე, წარმოსახვაზე ბევრი რამაა დამოკიდებული. რა თქმა უნდა, გარემოც ინფორმაციის წყაროა... ვფიქრობ, ჩემი გემოვნების ფორმირება ჩემი დაკვირვებებიდან, წარმოსახვიდან მოხდა! შემოქმედებითად უნდა აზროვნებდე და ძალიან ინდივიდუალური იყო, შენი სტილი რომ შექმნა!
- პროფესიით მხატვარი ხართ, ამან იქონია გავლენა?
- რა თქმა უნდა! ამით ხომ ჩემი გემოვნების გარეთ გამოტანა, სადღაც ასახვა მოხდა... საერთოდ, მოდას ცოტა ფილოსოფიურად რომ შევხედოთ, სასაცილოც არის, როცა ერთი ჩაიცვამს ვთქვათ პლატფორმებს და მერე ყველამ მას ჰბაძავს... ამ დროს, მე პირიქით ვაკეთებ: როგორც კი რაღაც მასობრივად შემოდის, უკვე აღარ მაინტერესებს მისი ჩაცმა და ახალს ვეძებ! მუდამ მსურდა, ჩემი სტილი განსხვავებული ყოფილიყო და სხვას არ დავმსგავსებოდი. ადამიანს როგორც აცვია, როგორც გამოიყურება, იმის მიხედვით შეგიძლია მიხვდე, როგორი პიროვნებაა. შინაგანი სამყარო გამოდის გარეთ და ყველაფერს განსაზღვრავს... ვიღაცის სახლშიც რომ შედიხარ, როგორც აქვს სახლი მოწყობილი, იმის მიხედვით ხვდები, როგორი ტიპაჟია, რა უხარია და როგორია მისი შინაგანი სამყარო...
- ამბობენ, თბილისური მოდა დაიკარგაო...
- არაფერიც არ დაიკარგა! თბილისში რაც დაიკარგა, ეს ქალაქის სახეა, იმდენად ჩააბეტონეს და დააუშნოვეს ყველაფერი... რაც შეეხება მოდას, სულ ძიებაში არიან ჩვენი დიზაინერები. ქართველებს გემოვნება ნამდვილად აქვთ!
ჩემთვის ყველაზე ახლოს იაპონური ჩაცმულობაა... ვგიჟდები იაპონელ დიზაინერებზე! განსაცვიფრებელი და შეუცვლელია იოჯი იამომოტო, რომელსაც უშრეტი ფანტაზია აქვს, სასწაულებს ქმნის... პარიზი ხომ არის დახვეწილობის და სინატიფის პიკი, მაგრამ ჩემთვის უახლოესი იაპონური მოდაა...
- როდესაც პირველი ლედი იყავით, ოპონენტებიც კი თქვენს ძალიან დახვეწილ გემოვნებას აღიარებდნენ...
- დიდი მადლობა! სხვათა შორის, სხვა ქვეყნებშიც რომ ჩავდიოდით, ჩვენი საელჩოების, საკონსულოების წარმომადგენლები აღნიშნავდნენ, - გვიხარია, ასეთი გემოვნებით შემოსილი რომ წარმოაჩენ ჩვენს ქვეყანასო... გემოვნებიანი ჩაცმულობისთვის დიდი ძალისხმევა და ფული არასოდეს დამიხარჯავს. ალბათ ერთი-ორჯერ თუ შევიძინე სამოსი ისეთ მაღაზიაში, სადაც ძალიან ძვირი არ ღირდა. არასოდეს მქონდა შესაძლებლობა, განსაკუთრებულად ძვირფასი ბრენდები მეყიდა... მე და დათუნა სულიკაშვილი ვქმნიდით ყველაფერს ან მე ცალკე. რაღაცას უცებ მოვხაზავდი და მკერავთან მივიტანდი. საერთოდ, რთულია ზუსტად ის გაგიკეთონ, რაც გინდა, მაგრამ რაღაც გამოდიოდა. შესაბამისი ქსოვილის შოვნაც რთული იყო, მაგრამ საბოლოო ჯამში ვახერხებდი, სამოსი იმისთვის მიმემსგავსებინა, რაც მსურდა.
- სოფლის რთულ პირობებში როგორ ახერხებთ მუდმივად ასეთ არაჩვეულებრივ ფორმაში იყოთ?
- მე ახლა არაჩვეულებრივ ფორმაში ვარ? - არ ვიცი... თუ ასეა, ამისთვის საერთოდ არაფერს ვაკეთებ! არანაირი სალონები, არც არასოდეს ვყოფილვარ სალონის მომხმარებელი. 15 წუთით თუ შევსულვარ, როდესაც თმა მქონია ცოტა შესამოკლებელი... ახლა გადავწყვიტე, თმა აღარასოდეს გავიზარდო და გიორგის თმის საპარსით ვიპარსავ რაღაც დონემდე. ადრეც ხშირად ვიპარსავდი და მაშინ რატომღაც, ეს ბევრისთვის შოკი იყო. ისეთ გარემოში ვარ, სადაც არანაირად არ მჭირდება და მეზარება კიდეც თმაზე დიდი აქცენტის გაკეთება. ის არ უკვირთ, ადამიანები ტუჩებს რომ იბერავენ, ამდენ ინიექციას იკეთებენ და გადაპარსულ თმაზე რეაქცია აქვთ - ეს გაუგებარია, მაგრამ უკვე დიდი გოგო ვარ და შევეგუე...
ყველაფერი იმდენად ბუნებრივად გამომდის, ჩემთვის არაფერია პრობლემა... ახლაც მახსოვს ის მომენტი, პირველად რომ შევედი სილამაზის სალონში და ვუთხარი, თავი გადამპარსეთ-მეთქი. ეგონათ ავად ვიყავი ან ტილები დამესია (იცინის)...
- რას ურჩევდით ქალბატონებს, მწირი ფინანსებისა და რთული პირობების მიუხედავად სულ ფორმაში რომ იყვნენ და არ დაითრგუნონ?
- აი, ზუსტად მაგას ვურჩევდი, რომ არ დაითრგუნონ! არ უნდა დაიძაბონ იმის გამო, თუ როგორ გამოიყურებიან. რაც უფრო ბუნებრივი ხარ, მით მეტად საინტერესოა შენი გარეგნობა! როგორც კი გარეგნობაზე ბევრ ფიქრს იწყებ, ისეთი ხელოვნური და მოგონილი ხდები, აღარაფერი გამოგარჩევს სხვებისგან!
ჩემი დაკვირვებით, ის ადამიანები, რომლებიც ცდილობენ ინიექციებით სხვანაირად გამოიყურებოდნენ, იმდენად ერთნაირები ხდებიან, გეგონება, ინკუბატორიდან გამოვიდნენ.
სულ ვფიქრობ, რამდენად საინტერესოა ადამიანი თავისი ინდივიდულიზმით. რაც ხარ, იმას უნდა მოარგო შენი სტილი და ჩაცმულობა! რატომ უნდა შეეცადო იმის გამოსწორებას, რაც შენია, შენი ნაწილია?! ვთქვათ, დიდი ცხვირი თუ გაქვს და მოკლე ფეხები, ზუსტად ეგ უნდა მიაწოდო საზოგადოებას ლამაზად. ვერ ვხვდები, სტანდარტი რატომ უნდა შექმნა?! ჩაცმულობაშიც ასეა: ვიღაც ერთი ჩაიცვამს რაღაც უცხოს და, - ეს კარგი ტიპია, ჩვენც ასე ჩავიცვათო, ჰბაძავენ... მგონია, ძალიან უინტერესოა, როცა ყველა ერთმანეთს ჰგავს! განაგრძეთ კითხვა