პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მშობლებს მიმართავს, გამოიჩინონ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, რადგან ბოლო პერიოდში იმატა შემთხვევებმა ბავშვებში.
მისი თქმით, მოსახლეობის ვაქცინაცია მთავრობის ერთადერთი ბერკეტია და არ სურს კვლავ შეზღუდვები დაწესდეს.
"ბოლო პერიოდში იმატა შემთხვევებმა ბავშვებში. როგორც მშობელმა, მინდა, მივმართო მოსახლეობას, რომ გამოვიჩინოთ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა. მთავრობას არ აქვს სხვა ბერკეტი, გარდა იმისა, რომ მოსახლეობას შესთავაზოს ფართო ვაქცინაცია, რომელიც დავიწყეთ. გუშინ იყო რეკორდული რაოდენობა, 10 ათასი აცრა ჩავატარეთ. ეს არ არის საკმარისი. ჩვენ უნდა ავიდეთ სულ მცირე 20-30 ათასამდე, რომ თვეში დაახლოებით ჩვენი მოქალაქეების ნახევარი მილიონი ავცრათ.
ამის გარდა, სხვა გამოსავალი არ გვაქვს. მე არ მინდა, გავიმეორო სიტყვა შეზღუდვების დაწესება ხელახლა, რაც არის შემაწუხებელი მოქალაქეებისთვის, ბიზნესისთვის და ამას ჩვენი ქვეყანა ვერ გაუძლებს.
მინდა, ყველამ კარგად გავიაზროთ, კერძო სექტორმა და თითოეულმა მოქალაქემ, რომ მთავრობას ახლა სჭირდება თანადგომა. ჩვენ გვჭირდება ერთობლივი ძალისხმევით ფართო ვაქცინაციის წარმატებით დასრულება" - აღნიშნა ღარიბაშვილმა.