ქართველი მოდელი, რუსა ჩაჩუა 4 შვილის დედაა. ერთი შეხედვით, სულ ვერ შეატყობთ რომ დიდი ოჯახის დიასახლისია, დედობას, მოდელობას და სულ ფორმაში ყოფნას ახერხებს, მუდამ ანათებს და თავისი დახვეწილობით ყველას ყურადღებას იქცევს. რუსა დიდი ხანია პრესაში არ გამოჩენილა, ბომონდს კი თავის მოვლაზე, ზაფხულსა და მოდაზე ესაუბრა.
- მთელი ოჯახი აგარაკზე ვართ და ვფიქრობთ, ამ ზაფხულში სხვადსხვა ადგილს მოვინახულებთ. საზღვარგარეთ წასვლას არ ვგეგმავთ, ვუფრთხილდებით თავს. უკვე ყველამ გავიკეთეთ აცრა და ყოჩაღად ვართ. ვაპირებთ ერთი კვირით კახეთში და შემდეგ ზღვაზე წავიდეთ, ამ წელს საქართველოს მოვივლით, იმ ადგილებსაც ვნახავთ, სადაც აქამდე არ ვყოფილვართ.
- ვცდილობ ვივარჯიშო, ბევრი ვიმოძრაო, სულ რომ არ ვივარჯიშო, დღეში 5-6 კილომეტრი უნდა გავიარო და თუ თან ტელეფონიც მაქვს, მარტივად ვახერხებ კილომეტრების დათვლას. ასევე ვცდილობ 6 საათის შემდეგ საკვები არ მივირთვა, თუ ძალიან გამიჭირდება დაბალ პროცენტიან მაწონს ვჭამ და დილაობით 12 საათამდე ხილს მივირთმევ. ახლა საზამთროსა და ნესვის პერიოდია, ეს სეზონი ამიტომ მიყვარს, ხილსაც და ბოსტნეულსაც ისე ვიღებ, როგორც ცალკე კვება, არასდროს ვაყოლებ სადილს ან საუზმეს. რაც უფრო ვიზრდებით უფრო მარტივად გვემატება წონა და მეც ვცდილობ ვაკონტროლო ის.
- ვიქნებოდი ბევრი პროფესიის ადამიანი, პირველ რიგში არქეოლოგი, ბავშვობის ოცნებაა. შეიძლება მსახიობიც ვყოფილიყავი. დღესდღეობით შეთავსებული მაქვს ჩემი მთელი ცხოვრების საოცნებო პროფესია, ვარ დედა, დიასახლისი და მზრუნველი ადამიანი ჩემი საყვარელი ხალხისთვის. ყველაზე დიდ სიამოვნებას მანიჭებს სხვაზე ზრუნვა, როდესაც ყველა ბედნიერია და მათი სურვლებიც სრულდება. ეს ბევრად უფრო კარგ განწყობაზე მაყენებს. დედობა და დიასახლისობა საკმაოდ შრომატევადია, თუმცა ეს შრომა ჩემი ოჯახის წევრებისგან მიფასდება.