ამერიკული ვებსტერის უნივერსიტეტის კამპუსი საქართველოში, რომელიც გასახსნელად უკვე მზადაა, პროფესორებით დაკომპლექტდა. საქართველოში პროგრამების განვითარებაში მსოფლიოს ყველა ფილიალიდან 57 პროფესორია ჩართული. პარალელურად, აგრეთვე იგეგმება საქართველოში გამოცხადებული აკადემიური კონკურსის შედეგად არჩეული პერსონალის ჩართვა პროგრამების განხორციელებასა და განვითარებაში.
ვებსტერის უნივერსიტეტის საქართველოს კამპუსში საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სასწავლო პროგრამები განხოციელდება. საბაკალავრო საფეხურზე იგეგმება პროგრამების განხორციელება საერთაშორისო ურთიერთობების, ბიზნესის ადმინისტრირება მენეჯმენტის, მასკომუნიკაციების მიმართულებით; სამაგისტრო საფეხურზე კი - საერთაშორისო ურთიერთობების, ბიზნესის ადმინისტრირებისა და მედიის კვლევების მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ ვებსტერის უნივერსიტეტი აკრედიტებულია აშშ-ს The Higher Learning Commission (HLC) - ის მიერ, აკრედიტაცია ფარავს საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს მსოფლიოს ყველა კამპუსში, საქართველოს ჩათვლით. ბიზნესისა და მენეჯმენტის მიმართულებით პროგრამები აკრედიტებულია მსოფლიოს ერთ-ერთი უმაღლესი რანგის აკრედიტაციის ორგანოს, Accreditation Council for Business Schools and Programs (ACBSP)-ს მიერ.
გარდა ამისა, ვებსტერის უნივერსიტეტმა უკვე აამოქმედა აშშ-ს საერთაშორისო საბიბლიოთეკო ქსელი საქართველოს ფილიალისთვის, რომლის ფარგლებში სტუდენტებს უახლეს ლიტერატურასთან და მაღალი კლასის კვლევებთან ექნებათ წვდომა.
ვებსტერის უნივერსიტეტის საქართველოს კამპუსის დაფუძნების შესახებ ინფორმაცია 2020 წელს გაჟღერდა. პრეზენტაციას უნივერსიტეტის პრეზიდენტი აშშ-დან, ჯულიან შუსტერი აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში, ელიზაბეთ რუდი ესწრებოდნენ.
მნიშვნელოვანია, რომ კამპუსი ხელს შეუწყობს საქართველოში განათლების რეგიონალური ჰაბის ფორმირების პროცესს. ვებსტერ საქართველოში სწავლის გაგრძელებით დაინტერესებული არიან სტუდენტები უკრაინიდან, თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან.
R