Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ს დამფუძნებელი და ორგანიზატორი, "კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი სოფო ჭყონია თავისი ბავშვობის რთულ პერიოდს გადაცემაში "გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე" იხსენებს.
"რთული შვილი ვიყავი და სასწაულ ცეცხლში გამოვატარე ჩემი მშობლები... თუმცა, ამ ყველაფრის ფონზე ძალიან მეგობრული ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა, რჩევებსაც ვაძლევთ ერთმანეთს და ა.შ. მე უფრო ვაძლევ რჩევებს [თემურ ჭყონიას], ვიდრე ის მე.
...რთული პერიოდი დაემთხვა ჩემს თინეიჯერობას და ამის გამო, 14 წლის ასაკში, ბნელ 90-იანებში გამიშვეს ამერიკაში. ჩემს მშობლებს კარგი უნდოდათ ჩემთვის, მაგრამ ამერიკაში ძალიან რთულ ასაკში აღმოვჩნდი - მარტო უცხო ქვეყანაში, სკოლაში, სადაც გავიარე ცხოვრების ყველაზე დიდი გაკვეთილი. ალბათ ეს იყო ყველაზე რთული ჩემს პერიოდი ცხოვრებაში.
მე ვიყავი საშინელი ბულინგის მსხვერპლი. მიზეზი იყო ის, რომ ისინიც 14 წლისები იყვნენ და უცებ აბსოლუტურად უცხო ადამიანი, უცხო ქვეყნიდან ჩამოვიდა მათთან, მათ ესმოდათ მხოლოდ საბჭოთა კავშირი."ბოროტების იმპერიიდან" ჩამოვიდა გოგო, ზის ჩვენს კლასში და ის უნდა დავჩაგროთ - აი, ეს იყო მიზეზი. მარტო ბავშვები არ მაბულინგებდნენ, ვცხოვრობდი ამერიკელების ოჯახში და ბევრი ოჯახი გამოვიცვალე, ზოგიერთი მაგდებდა სახლიდან...
ჩემი ხასიათიდან გამომდინარე მშობლებს არ ვეუბნებოდი, ვფიქრობდი, რადგან ჩამოვედი ბოლომდე უნდა დავრჩე. არ მინდოდა ენერვიულათ, თან ვფიქრობდი, რომ ეს იქნებოდა ჩემი სისუსტე, რომ მარტივად დავნებდი - ჩავედი და რამდენიმე კვირაში უკან წამოვედი, ეს არ მინდოდა... ეს იყო ცხოვრების ძალიან დიდი გაკვეთილი, ახლა რა უნდა მოხდეს, რომ ვინმემ შეძლოს ჩემი დაჩაგვრა?!" - საუბრობს სოფო ჭყონია გადაცემაში "გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე".