პედიატრი თემურ მიქელაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და საზოგადოებას უყვება, როგორ მისწერა 13 წლის მოზარდმა კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციის სურვილით. პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
"ამაღელვებელი მესიჯი უცნობი ბავშვისგან რომელსაც ყურადღების გარეშე ვერ დატოვებ . (13წლის მოზარდი) გამარჯობათ, ბატონო თემურ, მე ვარ ბავშვი, რომელიც აქტიურადაა ჩართული კოვივაქცინაციის მხარდაჭერის პროპაგანდაში, ინფორმირებაში და მოსახლეობის დარეგისტრირებაში. დედა მყავს ინსულტგადატანილი, ვაქცინირებულიც სინოფარმის 1 დოზით, მაგრამ მეშინია, რამე არ მივიტანო სახლში. გთხოვთ, იქნებ დაუშვათ გამონაკლისი და იმ თქვენს მიერ ფაიზერით ვაქცინირებული მოზარდივით, მეც ავიცრები, ესეც გახდება ერთ-ერთი რეკლამა საზოგადოებისთვის...თქვენი დიდი იმედი მაქვს. პატივისცემით, მადლობა!"
წერილის ავტორს დავუკავშირდით. მას სახელისა და გვარის დაწერა არ სურს, თუმცა, ამბობს, რომ ვაქცინაცია პანდემიის დამარცხების ერთადერთი გზაა. სოციალური ქსელით თავადაც უზიარებს მეგობრებს საჭირო ინფორმაციას.
"მედიცინა მაინტერესებს და ძალიან ბევრს ვკითხულობ ამ მიმართულებით. რა ინფორმაციასაც ვიღებ, ვაჯამებ და პოსტის სახით ვაქვეყნებ. ძალიან მინდა, ვინც ჯერ ვერ მიიღო აცრის გადაწყვეტილება, სურვილი გაუჩნდეს, ხოლო ვინც იცრება, უფრო მყარად იყოს დარწმუნებული საკუთარ გადაწყვეტილებაში. მეც მინდა, ავიცრა. 2 პირბადით დავდივარ და ძალიან მიჭირს. ყველა წესსა და რეგულაციას ვიცავ. ვფიქრობ, ჩემი ვაქცინაციით არა მარტო საკუთარ თავს, არამედ ოჯახის წევრებსაც დავიცავ. ვაქცინაცია ერთადერთი გზაა პანდემიის დასამარცხებლად. ვინც არ აპირებს ამ პროცესში ჩართვას, ვურჩევ, რომ უფრო მეტ ინფორმაციას გაეცნონ და არ მოუსმინონ საეჭვო წარმომავლობის ინფორმაციასა და ექიმებს."- ამბობს ის.