რაც უფრო ადრე იწყებენ დაკარგული ადამიანის ძებნას, ცხელ კვალზე უფრო მარტივია მისი პოვნა...
ნიკოლ მორინის დედამ შეიტყო, რომ მისი 8 წლის ქალიშვილი მეგობართან არ მისულა. როცა რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ ბავშვი ვერ იპოვა, პოლიციას შეატყობინა. თუმცა, მის კვალს ვერსად მიაკვლიეს, ვერც ცოცხალი ნახეს და ვერც მკვდარი...
იდუმალი ისტორია, რომლის გამოც კანადური პოლიცია ჯერ კიდევ დაბნეულია, 1985 წლის 30 ივლისს დაიწყო. ორი მეგობარი, ნიკოლი და ჯენიფერი, ერთად უნდა წასულიყო აუზზე. შეთანხმდნენ, რომ 11 საათზე ტორონტოს საცხოვრებელი კომპლექსის ფოიეში შეხვდებოდნენ - იქ სადაც ორივე ცხოვრობდა. ჯენი პირველი მივიდა, 15-წუთიანი ლოდინის შემდეგ ნიკოლის დედას დაურეკა. დედა არც კი ღელავდა, რადგან ეგონა, რომ შვილი მეგობართან ერთად იყო. მას შემდეგ გოგონა აღარავის უნახავს.
ნიკოლის დედას ბინის მცხოვრებლების შვილებისთვის საბავშვო ბაღი ჰქონდა მოწყობილი. 10 საათზე მათ შეხვდა. ნახევარი საათის შემდეგ, გოგონას ფოსტაში წასვლა სთხოვა. როდესაც დაბრუნდა, დედას უთხრა, რომ თავის მეგობარ ჯენიფერთან ერთად საბანაოდ მიდიოდა. დედის თანხმობის შემდეგ ნიკოლმა ატმისფერი საცურაო კოსტიუმი, წითელი ფეხსაცმელები ჩაიცვა და თავზე ღია მწვანე ლენტი გაიკეთა. ჩანთაში სხვა საჭირო ნივთები ჩაალაგა და მეგობარს დაურეკა, დროზეც შეთანხმდნენ.
დაახლოებით 11 საათზე ნიკოლი დედას დაემშვიდობა, კარი გაიხურა და გაქრა. ერთ-ერთმა მცხოვრებმა მოგვიანებით თქვა, რომ გოგონა ლიფტის გვერდით ნახა, თუმცა სადარბაზოში არავის უნახავს. ჯენიფერი დიდხანს ელოდა მეგობარს და შემდეგ დედამისს შეატყობინა. ჟანეტმა ჯენიფერის სიტყვებს არ მიაქცია ყურადღება. იფიქრა, იქვე იქნებაო და მარტო ურჩია აუზზე წასვლა. მხოლოდ 3 საათზე მოიკითხა შვილი. 6 საათამდე ეძებდა. რომ ვერსად ნახა, პოლიციას შეატყობინა.
30 ივლისის შემდეგ პოლიცია ყველგან ეძებდა, გაჩხრიკეს 400-ზე მეტი ბინა, შეიმუშავეს მკვლელობის ვერსიაც, საქმეში გამომძიებელი ჩართეს, დაათვალიერეს ყველა ნაგვის ურნა თუ ნარჩენებისთვის განკუთვნილი ადგილი. წლის განმავლობაში პოლიციამ 500 ათასზე მეტი ადამიანი გამოკითხა, მათ შორის ისინი, ვისაც რამდენიმე წლის წინ სექსუალური ხასიათის დანაშაული ჰქონდათ ჩადენილი. აინტერესებდათ, რა მოხდა მას შემდეგ, რაც ნიკოლმა კარი გაიხურა.
მორინის ძებნა კანადის პოლიციის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ხანგრძლივ პროცესად ითვლება. სამუშაო ჯგუფი 20 ადამიანისაგან შედგებოდა. საერთო ჯამში, პოლიციამ 15 ათასზე მეტი საათი დაუთმო ამ საქმეს. ეს პროცესი იმდენად დამთრგუნველი აღმოჩნდა მათთვის, ფსიქიკურად გაუწონასწორებელ ადამიანებსაც კი უსმენდნენ, ოღონდ რაიმესთვის მიეგნოთ. თუმცა, 9 თვის განმავლობაში ნიკოლის ადგილსამყოფელის დადგენა ვერავინ შეძლო.
1986 წლის მარტში სამუშაო ჯგუფი დაიშალა, თუმცა გოგონას ძებნა არ შეწყვეტილა. წლის ბოლოს პოლიციამ ბინის ყველა მცხოვრები ისევ თავიდან გამოკითხა, მაგრამ უშედეგოდ. სხვათა შორის, 2010 წელს ოფიციალურ გამოძიებას ნიკოლის სკოლის მეგობარი შეუერთდა, რომელიც წლებია საქმით დაინტერესებულია. პოლიციამ 2001 წელს კომპიუტერული პროგრამის დახმარებით გოგონას ფოტორობოტი შექმნა, როგორი იქნებოდა ის მას შემდეგ, რაც დაიკარგა. პლაკატები ქუჩაში გამოაკრეს, მაგრამ არც ამან გამოიღო შედეგი.
1987 წლისთვის არტი და ჟანეტი ისევ განქორწინდნენ. მამაკაცმა საკუთარი შტაბი დააარსა, რომელიც ნიკოლის ძებნის პროცესში ჩაერთვებოდა. მორენმა მთელი თავისი ცხოვრება დაკარგული ქალიშვილის ძებნას დაუთმო. მთელი მსოფლიოს მასშტაბით გააგზავნა გოგონას ფოტოები, თუმცა უშედეგოდ.
მოხალისეები ყვავულებსაც კი ყიდდნენ, რომ ოჯახისთვის ფული შეეგროვებინათ. 15 ათასი დოლარი პლაკატების დაბეჭდვისა და კერძო დეტექტივისათვის გადასახდელად გადასცეს.
ნიკოლის დედა, ჟანეტი, 2007 წელს ისე გარდაიცვალა, ვერ გაიგო, რა დაემართა მის ერთადერთ ქალიშვილს. თუმცა, გოგონას მამა დღემდე არ კარგავს იმედს. ინახავს ყველა ნივთს. 2010 წელს ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ 25 წლის უნახავი შვილი კვლავ ცოცხალი ჰგონია და ისევ უნდა მისი მოძებნა. დეტექტივები დღემდე თვლიან, რომ გოგონა არ მოუკლავთ. ისინი ფიქრობენ, რომ ის ცოცხალია, მაგრამ საკუთარ თავზე არაფერი იცის.
უამრავი ჩახლართული ვერსია გაჟღერდა. ზოგიერთი თვლის, რომ გოგონას მშობლების განქორწინების გამო პროტესტი ჰქონდა და გაიქცა. ამ ვერსიას ამყარებს მის ოთახში აღმოჩენილი ჩანაწერი: "მე გავქრები".
არსებობდა ვერსია, რომ გოგონა მოიტაცეს, რის შემდეგაც მეხსიერება დაკარგა. ამ თეორიის თანახმად, სტრესმა იმდენად იმოქმედა მასზე, რომ საკუთარ ფოტოსაც კი ვეღარ ცნობს და არც იცის, რომ 30 წელზე მეტია ეძებენ. ზოგიერთი ადამიანი თავადაც მიმართავდა პოლიციას, რომ გაუჩინარებული ნიკოლი იყო, თუმცა არაფერი გამოვიდა.
პრესაში აქტიურად განიხილებოდა კიდევ ერთი დეტალი. ერთ-ერთი მოწმის თქმით, ბინაში, სადაც ყველა ყველას იცნობდა, იმყოფებოდა ერთი უცნობი ქერა ქალი, მას ხელში რვეული ეჭირა და რაღაცას ყურადღებით კითხულობდა. ზედმეტი ყურადღება არავის მიუქცევია. ეს უცნობი ქალი, რომლის ფოტორობოტი ყველა გაზეთში გამოქვეყნდა, შესაძლოა უშუალოდ ყოფილიყო ფაქტის თვითმხილველი და სცოდნოდა, რეალურად, სად გაქრა ბავშვი. თუმცა, მრავალი წლის განმავლობაში ის პოლიციასთან არ კონტაქტობდა და ბოლოს მისი ამოცნობაც შეუძლებელი გახდა.
მკვლელობის ვერსია 2014 წელს დაბრუნდა გამოძიებაში. პოლიცია იმ შენობასთან კვლავ ატარებდა ღონისძიებებს, რა დროსაც ყურადღება ბილი ჯო პლეიერს მიაქციეს, რომელიც გოგონას გაქრობის დროს 11 წლის იყო. მან ბავშვის დაკარგვიდან რამდენიმე დღის შემდეგ გაიხსენა, რომ გოგონას ყვირილის ხმა გაიგო და მეზობლებს პოლიციაში დარეკვა სთხოვა. პოლიცია, რა თქმა უნდა, მივიდა, მაგრამ კვალი ვერსად ნახეს. 2014 წელს კვლავ განახლდა ძიება სწორედ იმ ადგილას, თუმცა ამჯერადაც უშედეგოდ.
უკვე 36 წელი გავიდა, რაც პატარა ნიკოლი გაუჩინარდა. არ დარჩენილა არც ერთი საშუალება თუ ხერხი, რომელიც პოლიციას წლების განმავლობაში არ გამოუყენებია, თუმცა ის ვერსად ნახეს. ახლობლები დღემდე არ კარგავენ იმედს და ნიკოლს კვლავ ელოდებიან.