„ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკის“ ბავშვთა თერაპევტი ნინა ნემსიწვერიძე - „პროფილაქტიკის მიზნით, ბავშვის სტომატოლოგთან ვიზიტი წელიწადში ორჯერაა რეკომენდებული“
„ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკის“ ბავშვთა თერაპევტი ნინა ნემსიწვერიძე - „პროფილაქტიკის მიზნით, ბავშვის სტომატოლოგთან ვიზიტი წელიწადში ორჯერაა რეკომენდებული“
ბავშვის პირის ღრუსა და კბილების სიჯანსაღე განსაზღვრავს მისი ორგანიზმის ზოგად ჯანმრთელობას. ამიტომ უმნიშვნელოვანესია ვიცოდეთ ბავშვის კბილების მოვლის, ჰიგიენის, დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკისა და პრევენციის გარკვეული ნიუანსები. გვესაუბრება „ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკის“ ბავშვთა თერაპევტი ნინა ნემსიწვერიძე.

- ქალბატონო ნინა, რა ასაკში ამოსდის ბავშვს პირველი კბილები?

- კბილების ამოჭრის ვადები დამოკიდებულია: ბავშვის დაბადების დროზე (ზაფხული ან ზამთარი), სიმწიფეზე, ჯანმრთელობის მდგომარეობაზე - მათ შორის ფოსფორისა და კალციუმის ცვლაზე, ასევე კვების ტიპსა და მრავალ სხვა გარემოებაზე.
ყველა ჯგუფის კბილის ამოჭრა ხდება წყვილად: საჭრელი, საღეჭი
კბილები და შემდეგ ეშვები.
პირველ კბილებს უნდა ველოდოთ 5,5-6 თვის ასაკში - და ეს იქნება ქვედა (ცენტრალური) საჭრელი კბილები. თავდაპირველად, ამოდის ერთი კბილი და შემდეგ, მეორეც საკმაოდ სწრაფად მოსდევს. ქვედა საჭრელი კბილების შემდეგ, ამოდის ზედა საჭრელები (წინა). მათი ამოჭრის დრო 7-დან 8 თვემდეა.
ზედა გვერდითი საჭრელები 9-დან 11 თვემდე პერიოდში ამოდის. ამ ჯგუფის ქვედა კბილები კი 11-13 თვის ასაკში ამოიჭრება.
ამგვარად, პირველად სრულად ამოდის საჭრელი ჯგუფის კბილები. მათი ამოსვლის ვადის ბოლოსთვის ჩვილის პირის ღრუში უნდა იყოს 8 წინა კბილი - ოთხი ზევით და ოთხიც ქვევით.
დაახლოებით 1 წლის ასაკისათვის, როდესაც ბავშვს აქტიური ღეჭვის უნარის განვითარება ესაჭიროება, აუცილებელია უფრო ძლიერი კბილები. ამოჭრას იწყებს საღეჭი კბილები ანუ
მოლარები. მათი ამოჭრის ვადებია 12-დან 16 თვემდე. ისინი თითქმის ერთდროულად ამოდის ზედა და ქვედა ყბაზე, მარჯვნივ და მარცხნივ. ამ კბილების ამოჭრის ბოლოსთვის ბავშვს პირის ღრუში უნდა ჰქონდეს 12 კბილი.
16 თვის ასაკიდან ამოჭრას იწყებს ზედა ეშვები. აღნიშნული კბილები მასიურობის გამო, ყველაზე რთულად ამოდის. 18 თვის ასაკიდან ამოდის ქვედა ეშვები. წლინახევრის ასაკისათვის ბავშვს უნდა ჰქონდეს 16 კბილი. სარძევე თანკბილვაში ყველაზე ბოლოს ამოდის მეორე მოლარები - ისინი ამოიჭრებიან 18-დან 24 თვემდე პერიოდში.
ყველა სარძევე კბილი სრულად მაქსიმუმ 2,5-3 წლისთვის ამოდის.

- რა ასაკში უნდა განხორციელდეს პირველი ვიზიტი და რა სიხშირით უნდა ვატაროთ ბავშვი სტომატოლოგთან?

- ბავშვის სტომატოლოგთან პირველად მიყვანა რეკომენდირებულია დაახლოებით 6-10 თვის ასაკში ანუ იმ დროს, როდესაც პირველი კბილის ამოჭრა ხდება. სტომატოლოგთან ბავშვის პირველი ვიზიტი უფრო მშობლებისთვისაა გათვალისწინებული, იმდენად რამდენადაც ექიმი უხსნის როგორ უნდა მოხდეს ჩვილის კბილების მოვლა, ასევე როგორ მოქმედებს ბავშვის კვება კბილებისა და პირის ღრუს ჯანმრთელობაზე.
1 და 1,5 წლის ასაკში სტომატოლოგმა შესაძლებელია ნახოს ნადები, „ბოთლის კარიესი“ ან კბილების განვითარების არაკარიესული წარმოშობის სხვა ანომალიები. მაგალითად: ზედა საჭრელების ჰიპოპლაზია- ეს პირველი კბილებია, რომელთა დაზიანებაც შიგნითა მხრიდან იწყება. ამიტომ მშობლებმა რეგულარულად უნდა დაათვალიერონ ბავშვის კბილები ყველა მხრიდან.
პროფილაქტიკის მიზნით, ბავშვის სტომატოლოგთან ვიზიტი წელიწადში ორჯერაა რეკომენდირებული.
2 და 2,5 წლის ასაკში პროფილაქტიკისათვის უნდა ჩატარდეს პირის ღრუს პროფესიული ჰიგიენა და თუ ბავშვი ამის საშუალებას მოგვცემს მოხდეს კბილების ჰერმეტიზაცია.
3 წლის ასაკში ბავშვების უმრავლესობაში, ყველა სარძევე, საერთო ჯამში 20 კბილი ამოსულია. მაშინ როდესაც ბავშვს პირის ღრუში ყველა კბილი აქვს, სტომატოლოგს მათი შეფასებისას შეუძლია განსაზღვროს აქვს თუ არა პატარას თანკბილვასთან დაკავშირებით რაიმე პრობლემა. რაც უფრო ადრე დადგინდება პრობლემური თანკბილვა, მით უფრო სწრაფად განსაზღვრავს სტომატოლოგი, როდის უნდა დაიწყოს თანკბილვის გასწორება და დაიგეგმოს ორთოდონტის კონსულტაცია.

- რა ასაკიდან და რამდენი კბილის ამოსვლის შემდეგ უნდა დაიწყოს ბავშვმა კბილების გამოწმენდა, როგორ შევარჩიოთ კბილის პასტა და რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს კბილის ჯაგრისი?

- პირველი საჭრელი კბილების და მოლარების ამოსვლამდე, ბავშვის პირის ღრუს ჰიგიენა მოიცავს მხოლოდ ღრძილებისა და ენის გაწმენდას. ასე მშობელს შეუძლია სწრაფად მოაშოროს მავნე ნადები და გაასუფთაოს ბავშვის პირის ღრუ ბაქტერიებისაგან.
პირველი კბილის გამოჩენისას, რეკომენდებულია მისი გასუფთავება დოლბანდის ტამპონით ან სპეციალური სველი ხელსახოცით, რადგანაც პატარას არ ესიამოვნება ყველაზე რბილი ჯაგრისიც კი.

სილიკონის ჯაგრისი - სათითე ნამდვილი შვებაა ჩვილების მშობლებისათვის. ადრეულ ასაკში პატარას ჯერ არ შეუძლია დამოუკიდებლად კბილის ჯაგრისის დაჭერა და საჭირო მოძრაობის განხორციელება, ამიტომ კბილების გასუფთავება შესაძლებელია მხოლოდ სპეციალური სათითეს გამოყენებით.

ბავშვის კბილის ჯაგრისს პირველ რიგში, უნდა ჰქონდეს ძალიან რბილი და მოკლე ჯაგრულები, ასევე მოკლე და მოსახერხებელი სახელური, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება ბავშვის კბილების გაწმენდა. პირველი ჯაგრისის გამოყენება შესაძლებელია 1 წლის ასაკიდან.
ბავშვებმა არ უნდა გამოიწმინდონ კბილები უფროსების კბილის პასტით. ჰიგიენის ეს საშუალება უნდა შეირჩეს ბავშვის ასაკის შესაბამისად. ჩვილებისათვის, რომელთაც ჯერ კიდევ არ მიუღიათ დამატებითი საკვები უმჯობესი იქნება გელისმაგვარი პასტა ნეიტრალური ან რძის გემოთი. მნიშვნელოვანია, რომ იგი არ შეიცავდეს სხვადასხვა აბრაზიულ ნივთიერებებს და მისი გემო პატარაში მხოლოდ დადებით ემოციებს იწვევდეს.

- როგორ დავიცვათ ბავშვის კბილები კარიესისაგან?

- ბავშვის დაავადებების პროფილაქტიკის დაწყება აუცილებელია ანტენატალურ, მუცლადყოფნის პერიოდში. ემბრიონის განვითარების დროს, იქმნება მისი კბილების სტრუქტურა. უკვე ამ ეტაპზე ის ივსება მინერალური მარილებით. ამ
  • სწორად უნდა იკვებებოდეს: ღებულობდეს კალციუმით, მაგნიუმით და სხვა მიკროელემენტებით მდიდარ საკვებს;
  • ზუსტად იცავდეს პირის ღრუს ჰიგიენას: იწმენდდეს კბილებს, იყენებდეს კბილის ძაფს, სავლებსა და ირიგატორებს;
  • იტარებდეს სამედიცინო კვლევებს, მათ შორის სტომატოლოგიურს. ბავშვის ჩასახვამდე ან ორსულობის დროს იმკურნალოს კარიესი და სხვა სტომატოლოგიური დაავადებები.

- რას გულისხმობს სკოლამდელი ასაკის ბავშვებში კარიესის პროფილაქტიკა?

- სარძევე კბილების ამოსვლის შემდეგ, ბავშვს შესაძლებელია განუვითარდეს „ბოთლის კარიესი.“ ის აღმოცენდება ჰიგიენის წესების უგულებელყოფის შედეგად. დედის რძე ბევრ შაქარს შეიცავს. სათანადოდ თუ არ გავრეცხავთ ბოთლსა და საწოვარას ან დავუტოვებთ ახალშობილს პირის ღრუში საწოვარას მთელი ღამის განმავლობაში, პირის ღრუში სწრაფად გამრავლდება ბაქტერიები, რის შედეგადაც პირველ დროებით კბილებზე განვითარდება კარიესი. ამის თავიდან ასაცილებლად ასევე აუცილებელია ბავშვის ღრძილებისა და კბილების გაწმენდა სპეციალური სილიკონის სათითით. 1 წლის ასაკისთვის კი შესაძლებელია პატარას შევუძინოთ რბილი ჯაგრულებიანი კბილის ჯაგრისი. დაახლოებით 1,5-2 წლისთვის უნდა დავიწყოთ კბილის პასტის გამოყენება. 3-4 თვეში ერთხელ ბავშვი სასურველია გასინჯოს სტომატოლოგმა. ამ საშუალებებით თავიდან ავიცილებთ კარიესის განვითარებას ან აღმოვაჩენთ მას ადრეულ სტადიაზე.

- როგორ მოვახდინოთ სასკოლო ასაკის ბავშვებში კარიესის პროფილაქტიკა?

- სასკოლო ასაკის ბავშვებისათვის კარიესის პროფილაქტიკა მიმართულია მინანქრის გაძლიერებისაკენ. ამ მიზნით ბავშვებში ტარდება ფისურების ჰერმეტიზაცია - ბუნებრივი ჩაღრმავება კბილების საღეჭ ზედაპირზე.
კბილის ჰერმეტიზაციის საშუალებები წარმოადგენს მინერალების, უპირატესად ფტორის შემცველ სპეციალურ ნაერთს. ექიმი ასუფთავებს ბავშვის კბილის მინანქარს ნადებისაგან, ახდენს ანტიბაქტერიულ დამუშავებას, უსვამს ჰერმეტიკს და ნივთიერების ნარჩენებს აშორებს ბორმანქანის საშუალებით. პროცედურა გრძელდება 10-30 წუთის განმავლობაში.
მეორეული პროფილაქტიკა გულისხმობს კარიესული დაზიანების ადრეულ ანუ პირველ ან მეორე სტადიაზე მკურნალობას, როდესაც კარიესი ჯერ კიდევ არ აღწევს დენტინში. მკურნალობა ხდება მინანქრის რემინერალიზაციის გზით. პროცედურა დაახლოებით ჰერმეტიზაციის მსგავსია. ამ ეტაპზე დაავადების გამოსავლენად საჭიროა სტომატოლოგთან წელიწადში 2-ჯერ ვიზიტი. ბავშვს ენიშნება ფტორის შემცველი საბავშვო კბილის პასტა.
კარიესის პროფილაქტიკაში უმნიშვნელოვანესია კვების რეჟიმი. უნდა შეიზღუდოს ტკბილეული, საკვების ყოველი მიღების შემდეგ, საჭიროა პირის ღრუს გამოვლება ან კბილების გამოწმენდა, რათა არ დარჩეს საკვების ნარჩენები.

- უნდა ვუმკურნალოთ თუ არა სარძევე კბილებს?

- სარძევე კბილებს მთელი რიგი მიზეზების გამო, აუცილებლად უნდა ვუმკურნალოთ.
ცალკეული კბილების ნაადრევი დაშლის გამო, აღინიშნება თანკბილვის ნეგატიური ცვლილებები, მუდმივი ერთეულების განთავსების დარღვევა. ამის შედეგად მოზარდობის ასაკში ბავშვს მოუწევს ბრეკეტების ტარება, რაც მრავალ ფიზიკურ უხერხულობას და ფსიქოლოგიურ კომპლექსებს იწვევს.
დიდია რისკი სარძევე კბილიდან ინფექციის მუდმივი კბილის ჩანასახზე გადასვლის. აღნიშნული გართულება შესაძლებელია პულპიტის, კისტის და პერიოდონტიტის დროს. ბაქტერიები ასევე შეიძლება მოხვდნენ ძვლის ქსოვილში - ეს კი ჯანმრთელობისთვის ძალიან საშიშია.
სარძევე კბილების დაავადებებისას შესაძლებელია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების განვითარება. კბილის გვირგვინის ნაადრევი დაშლის გამო, ბავშვისთვის საკვების დაღეჭვა გართულებულია. თუ კუჭში საკვების დიდი ნაჭრები ხვდება, საკვების მონელების პროცესი დაირღვევა. ვითარდება დიქციასთან და ბგერის წარმოქმნასთან დაკავშირებული პრობლემები.
აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს ტკივილი, რომელსაც განიცდის ბავშვი, როდესაც სტომატოლოგიური დაავადება პროგრესირებს. ამის თავიდან აცილება მარტივადაა შესაძლებელი: დროებითი ეშვების, საჭრელებისა და მოლარების დროული მკურნალობისას.

- შეიძლება თუ არა ბავშვის კბილების პროფესიული წმენდა?

- აუცილებელიცაა. პირის ღრუს პროფესიული ჰიგიენის დაწყება შესაძლებელია უკვე 2,5 წლის ასაკიდან, როდესაც ფორმირებულია სარძევე თანკბილვა. რამდენად სჭირდება ბავშვს კბილების პროფესიული წმენდა გადაწყვეტილებას იღებს ექიმი კონკრეტული ბავშვის კბილების მდგომარეობის სრული ანალიზის საფუძველზე. აღსანიშნავია, რომ სტომატოლოგთან კბილების წმენდა უნდა იყოს რეგულარული პროცედურა, რომელიც უნდა შესრულდეს 1-1,5 წელიწადში ერთხელ.

- თქვენ ზემოთ ფისურების ჰერმეტიზაცია ახსენეთ. რა ასაკიდანაა რეკომენდებული ეს პროცედურა?

- დასაწყისისათვის ფისურების ჰერმეტიზაცია რეკომენდებულია 2,5-3 წლის ასაკში, როდესაც კბილები საბოლოოდ ამოსულია. ჰერმეტიკით ხდება სარძევე კბილების შევსება. 5-6 წლის ასაკში ამოდის პირველი მუდმივი კბილები და ეს პროცესი გრძელდება 14 წლამდე ასაკში. მათი ამოსვლის მიხედვით, საჭიროა ღრუების ამოვსება სპეციალური შემადგენლობით, რათა პირის ღრუს დაავადებების განვითარების რისკი მინიმუმამდე დავიყვანოთ.
კვლევები აჩვენებს, რომ მსგავსი პროცედურა კარიესის განვითარების რისკს 90%-ით ამცირებს, თუმცა აუცილებელია ბავშვის მხრიდან პირის ღრუს ჰიგიენის წესების მკაცრი დაცვა.
ფისურების ჰერმეტიზაცია ინვაზიური და არაინვაზიური მეთოდით ხდება. პირველ შემთხვევაში ხდება ფისურების გაფართოვება. ამგვარი მეთოდი გამოიყენება, თუ კბილის ღრუები ძნელად მისადგომია ან რთული ფორმისაა, მეორე შემთხვევაში დამატებითი ჩარევა საჭირო არ არის.
ფისურების ჰერმეტიზაციისას, არ უნდა იყოს კარიესი ღრუს ფსკერზე. წინააღმდეგ შემთხვევაში ინფექცია განვითარდება ჰერმეტიკის ქვეშ, რამაც სერიოზული გართულებები და შესაძლებელია კბილის დაკარგვაც გამოიწვიოს.

R
398
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი