"დიახ, ნაოჭები მაქვს და ამით ძალიან ვამაყობ!" - როგორ უვლის თავს და როგორ ინარჩუნებს გარეგნობას დედა და ბებია ნანა ნებიერიძე
"დიახ, ნაოჭები მაქვს და ამით ძალიან ვამაყობ!" - როგორ უვლის თავს და როგორ ინარჩუნებს გარეგნობას დედა და ბებია ნანა ნებიერიძე
"ფსიქოლოგიური მომენტია, რომ შენი წლოვანება სწორად აღიქვა და ბოლოს და ბოლოს მიხვდე, რამდენი წლის ხარ! ნაოჭი არ არის ტრაგედია... მეც მაქვს ნაოჭი ყელის არეში, თვალთან და ამით ვამაყობ! ძალიან არასწორია 40-ს პლუს ასაკში აბსოლუტურად პლასტმასის სახე გქონდეს!" - ამბობს ევროპის ჩემპიონი და სიდნეის ოლიმპიადის მონაწილე წყალში ხტომაში, ულამაზესი ნანა ნებიერიძე. იგი საზოგადოებას ყველაზე მეტად პროექტიდან "ცეკვავენ ვარსკვლავები" დაამახსოვრდა... ყოფილი სპორტსმენი მუდმივად არაჩვეულებრივად გამოიყურება.

- როგორ ფიქრობთ, რა არის უმთავრესი რამ დახვეწილი გემოვნების გამოსავლენად?

- პირველ რიგში, საქციელი, მანერები, სწორი აღზრდა...

-
თქვენზე რამ მოახდინა ყველაზე დიდი გავლენა?

- დიდი მადლობა, თუ ფიქრობთ, რომ დახვეწილი ვარ... საბედნიეროდ, ძალიან გამიმართლა იმ მხრივ, რომ ბებიაჩემი გახლდათ პოლონელი გრაფინია - ამა რაუმოვსკაია, რომელმაც ძალიან ბევრი რამ მასწავლა...
მახსოვს, როდესაც ოლიმპიურ თამაშებზე წასასვლელად ვემზადებოდით, იმ პერიოდში პრეზიდენტი იყო ედუარდ შევარდნაძე და წასვლის წინ კანცელარიაში, პრეზიდენტთან შეხვედრა უნდა გვქონოდა. საგანგებო გამოსასვლელი კოსტიუმი და ქვედაბოლოები გვეცვა, შლაპებიც - ულამაზესი ფორმის იყო... ბებიამ გამოწყობილი რომ დამინახა, მითხრა, "ჩულოჩკები" ჩაიცვიო. იგი რუსულენოვანი გახლდათ და ვერც მივხვდი, რისი ჩაცმა მირჩია... თურმე, კოლჰოტს გულისხმობდა და გადავირიე, 40 გრადუსი სიცხე იყო, იწვოდა თბილისი და კოლჰოტს რა ჩამაცმევდა?!. ჩემს აღშფოთებას ბებიას საყვედური მოჰყვა: როგორ შეიძლება ამ დონის მიღებაზე ქალი შიშველი
ფეხებით მიხვიდეო...
მისგან ნასწავლი მეორე უმთავრესი რამ დღემდე წესად მაქვს! სადაც უნდა წავიდე - ქორწილში, დაბადების დღეზე, პრეზენტაციაზე, ჯერ აუცილებლად გემრიელად უნდა ვისადილო! სულ მეუბნებოდა, ასეთ ადგილებზე ჭამა არ შეიძლება, მხოლოდ რამე უნდა გასინჯოო... გამორიცხულია, სადმე მივიდე და წინასწარ გემრიელად დანაყრებული არ ვიყო! ალბათ ახლა ამას რომ წაიკითხავენ, დაიწყება ჩემი დაბულინგება, მაგრამ რა ვქნა, ბებიამ ბავშვობიდან ასე მიმაჩვია.

- უკვე მოზრდილი შვილიშვილი გყავთ, თავად კი ისე გამოიყურებით, შოკში აგდებთ უცნობებს, ვინც ბებიის ამპლუაში გაგიცნობთ... რა არის თქვენი ასეთი გარეგნობის საიდუმლო?

- დიდი მადლობა, თუ ასე თვლით... არსებობს ბევრი რამ, რასაც ასე ვთქვათ, ვერ ვიკადრებ... მაქსიმალურად ვაკონტროლებ, ზედმეტი წონა არ მქონდეს. კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ ამის და ჩემთვის სიტყვა "დიეტა" არც არსებობს! ჯანსაღი კვება, ჯანსაღი ცხოვრების წესი - ეს არის ჩემი ყოველდღიურობა.
მერწმუნეთ, სახეზე საერთოდ არაფერი გამიკეთებია. ჩემთვის მთავარია სრულფასოვანი ძილი! ყოველთვის ვიძინებ საღამოს ცხრა ან ათ საათზე, ჩემი დილა კი ექვსზე იწყება... არავინ თქვას, რომ გამოუძინებელ სახეს ინიექციები ან რამე შველის! თუ შინაგანად დასვენებული არ ვარ, ნამდვილად ვიცი, გარეგნობაზე ეს ცუდად აისახება.

- ჯანსაღი კვება ახსენეთ... უფრო დეტალურად რომ გვითხრათ თქვენი კვების რაციონის შესახებ...

- ყველაფერს ვიღებ, მაგრამ ვერიდები ისეთ პროდუქტებს, რომელსაც ჩემი ორგანიზმი ვერ იღებს. მაგალითად, ცომეულს და ამიტომაც, მაქსიმალურად ვერიდები. ერთადერთი, ხინკალს თუ შევჭამ. ვგიჟდები ხინკალზე და უარის თქმა არაფრით შემიძლია!

- რას ურჩევდით ქალბატონებს იმისთვის, რომ ყოველთვის კარგად გამოიყურებოდნენ?

- პირველ რიგში, ქალმა თავის სახე არ უნდა დაკარგოს! რაც უნდა რთული სიტუაცია იყოს, გამოსავალი ყოველთვის არსებობს და პრობლემებში ღრმად არ უნდა "ჩავიდეთ"!
თავის მოვლის მხრივ ყველაზე აუცილებელი ძლიერი ნებისყოფაა! დღეს ყველაფერი იმდენად გამარტივებულია, ყოველდღიურ რუტინას მაქსიმუმ სამი წუთი სჭირდება! შენ თუ შენი სხეულის და სახის მოვლისთვის სამ წუთს ვერ გამონახავ, მაშინ საერთოდ რაზეა საუბარი?! უნდა გიყვარდეს საკუთარი თავი და ყველაფერი გამოგივა! იხილეთ სრულად
865
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი