თაიგულზე გამოსახული ანიმეს პერსონაჟი რომ დავინახე, გამახსენდა, რომ ჩვენი ჩემპიონიც "ანიმეს ბიჭია" - ნარუტოზე აფანატებს და ვიფიქრე, რომ იღბალი დეტალებშია.
მერე იმაზე დავფიქრდი, რომ იაპონელები, რომლებიც უმცირეს დეტალებშიც კი სიმბოლოებს დებენ, ოლიმპიურ თაიგულშიც აუცილებლად ჩადებდნენ კონკრეტულ სიმბოლოებს.
ჩვენი ძიუდოისტების ერთი ოქროს და სამი ვერცხლის მერე ჩემს თავს პირობა დავუდე, რომ რამე ძალიან ლამაზი დამეწერა ამ ოლიმპიადაზე. ჰოდა, ვწერ ახლა ოლიმპიურ თაიგულზე _ მინიმალისტური სტილის უმშვენიერეს გზავნილზე იაპონიიდან.
მაინც, რას ამბობენ ოლიმპიური ყვავილები?
ხსოვნას და მომავლის მარადისობას. მირაიტოვა - ასე ჰქვია თაიგულზე გამოსახულ ანიმე-თილისმას, სადაც მირაი მომავალია, ტოვა კი - მარადისობა.
თაიგული კი იაპონიის იმ ადგილებში დაკრეფილი ყვავილებისგან შედგება, რომლებიც 2011 წელს ჯერ მიწისძვრამ და მერე ფუკუშიმას ბირთვულმა აფეთქებამ გაასწორა მიწასთან. ამ ადგილებიდან დღეს ოლიმპიადაზე ყოველდღიურად გაგზავნილ ათასობით ყვავილს იმ ადამიანების ხსოვნაც ახლავს თან, ვინც სტიქიამ შეიწირა.
თაიგულში შემავალი ეუსტომები და ე.წ. სოლომონის ბეჭდები სწორედ ფუკუშიმას პრეფექტურიდანაა, სადაც, რადიაციული დაბინძურების გამო, სოფლის მეურნეობის პროდუქტების მოყვანა დღემდე სარისკოა. პრეფექტურამ არაკომერციული ორგანიზაცია დააარსა, რომელსაც, ფუკუშიმას მიწის საბოლოო გამოჯანმრთელებამდე, აქ მილიონობით ყვავილი გამოჰყავს.
თაიგულის მზესუმზირები მიაგის პრეფექტურიდანაა და ისტორია ძალიან სევდიანია: მზესუმზირების პლანტაცია იმ მაღლობზეა გაშენებული, რომელსაც თავს აფარებდნენ სტიქიასგამოქცეული ადამიანები, მაგრამ ცუნამმა იქამდეც მიაღწია და ათიათასამდე ადამიანი იმსხვერპლა. მოგვიანებით მზესუმზირები იქ დაღუპული ბავშვების მშობლებმა გააშენეს.
ინდიგო ფერის ჯენტელები, რომელთა ფერიც ტოკიო 2020 ოლიმპიური თამაშების ემბლემის ფერს ემთხვევა, ივატეს რეგიონში მოდის, რომელიც ასევე მთლიანად გაანადგურა მიწისძვრამ და ცუნამმა.
გარდა იმისა, რომ ხსოვნას ინახავენ, ამ ყვავილებმა აგრარულ კოლაფსს გადაარჩინა ეს რეგიონები.
თაიგულში შემავალი მეხუთე ყვავილი ასპიდისტრა ტოკიოში მოჰყავთ და ის ოლიმპიადის მასპინძელი ქალაქის სიმბოლოა.
ანიმეს პერსონაჟი მირაიტოვა, რომელიც ოლიმპიელების თაიგულზეა დატანილი, სპეციალურად ოლიმპიადისთვის შეიქმნა და იაპონიის წარსულის და მომავლის ერთიანობის სიმბოლოა.
პარაოლიმპიელების თაიგულისთვის კი ასევე სპეციალურად შეიქმნა ანიმეს პერსონაჟი სომეიოშინო, რაც იაპონურ ალუბალს ნიშნავს - საკურას ყველაზე გავრცელებულ სახეობას.
და კიდევ ერთი უპრეცედენტო გზავნილი ოლიმპიადიდან:
მედლები!!
დაახლოებით 5000-მდე ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედალი, პირველად ოლიმპიადების ისტორიაში, იაპონელებმა მოსახლეობისგან ჩაბარებული მეორადი ელექტრო მოწყობილობების (სამომხმარებლო ელტექნიკის) გადამუშავების გზით შექმნეს - როგორც ეკოლოგიურად სუფთა, ნარჩენებისგან დაუბინძურებელ გარემოზე ერთობლივად ზრუნვის პრეცედენტი.
მეორადი ელტექნიკის შესყიდვის გარდა, ოლიმპიადამდე გამოცხადებული ჰქონდათ მედლის დიზაინის კონკურსი და მასში ყველა იაპონელს შეეძლო მონაწილეობის მიღება.
ასე აქციეს იაპონელებმა ოლიმპიადა საერთო სახალხო პროექტად და ერთ თაიგულად შეკრეს ხსოვნა, მომავალი და მარადისობა.
P.S. ამ ტექსტს ვუძღვნი ჩემს შვილს ნიკოლოზს, რომელიც "მაიძულებს", არ გამოვტოვო მნიშვნელოვანი სპორტული ამბები.
ნანა აკობიძე