ავსტრალიელი ტურისტი ქალი, რომელიც გუშინ გაუჩინარდა, დღეს გარდაცვლილი იპოვეს. როგორც აღმოჩნდა, ის პედაგოგი იყო, რომელიც ქართველ ბავშვებს ინგლისურს უანგაროდ ასწავლიდა.
"მასწავლებელი მოკლეს, მასწავლებელი, რომელიც ქართველ ბავშვებს ასწავლიდა და ამზადებდა მომავალი გამოწვევებისთვის. მადლობა მას ამისთვის და გვაპატიე, მასწავლებელო , რომ იმ ქვეყანაში მოხვდი, რომელშიც უკვე არავინ არის დაცული. გვაპატიონ შენმა მეგობრებმა, ოჯახის წევრებმა, მოსწავლეებმა, თანამშრომლებმა.
ეს საქმე აუცილებლად უნდა გამოვიძიოთ და დაისაჯოს დამნაშავე.
მასწავლებელი მოკლეს, გვაპატიეთ მასწავლებელო..." - წერს ცნობილი პედაგოგი, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი ლადო აფხაზავა.
"ადამიანი ჩამოვიდა სხვა ქვეყნიდან. ორი წელია ცხოვრობს ჩვენს სამშობლოში. ცხადია უყვარს კიდეც ჩვენი ადათიც, წესიც, ტრადიციაც, ხალხიც, აბა ისე აქ რა გააჩერებდა? აბა, ისე უანგაროდ და უფულოდ, მოხალისეობრივად რატომ გასწავლიდა ინგლისურს. უყვარდა ეს ქვეყანა, მოვწონდით ჩვენ.
მერე რაც მოხდა ყველა ვწერთ. არა, არა, ეს გაუგონარი ამბავია. ეს ძალიან ცუდი ამბავია (გარდა იმისა რომ ადამიანის მკვლელობა ისედაც ცუდი ამბავია).
როგორმე უნდა შევაჩეროთ ეს ისტერია" - წერს ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე.
გარდაცვლილი ქალბატონი შანაე ბრუკი ინგლისურის მასწავლებელი იყო და საქართველოში წელიწადნახევრის წინ ჩამოვიდა. ამ დრომდე დაუდგენელია, რა ვითარებაში გარდაიცვალა ახალგაზრდა ქალი.
ავსტრალიელი ქალის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა. ის სალაშქროდ წავიდა და მისი კვალი გუშინდელი დღიდან იკარგება. როგორც მეგობრები ჰყვებიან, გოგონა მთაწმინდის ტერიტოიაზე გადაადგილდებოდა. ბოლოს მისი ტელეფონიდან ზარი შევიდა მეგობართან ამერიკაში, სადაც ისმოდა ხმები: "ძალიან გთხოვთ, გაწიეთ ხელები". ავსტრალიელი შანაე ბრუკი ინგლისურის მასწავლებელი იყო და საქართველოში წელიწადნახევრის წინ ჩამოვიდა. შსს-ს ინფორმაციით, ძიება 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.