გიორგი ჭუმბურიძის სისუსტე და პირველი სიყვარული
მსახიობი გიორგი ჭუმბურიძე ფართო საზოგადოებამ სერიალიდან - "ჩემი ცოლის დაქალები", მდივანი ბიჭის პერსონაჟით გაიცნო. ვინ არის ის, როგორ მოხვდა სერიალში, არის თუ არა შეყვარებული, რას თვლის თავის ყველაზე დიდ სისუსტედ, რა ისწავლა საკუთარ შეცდომებზე, რა დროს იბნევა და ვინ ენატრება ყველაზე მეტად? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.
- დაბადების თარიღი...
- ...1995 წლის 23 ივლისი.
- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...
- ...მსახიობი. ფილმებს რომ ვუყურებდი, ამ სფეროსადმი ინტერესი ბუნებრივად გამიჩნდა.
- ჩემზე ამბობენ...
- ...საყვარელიაო, უმეტესად ხაზგასმას ამაზე ახდენენ.
- ჩემი პირველი წარმატება იყო...
- ...ჩინეთში, როცა ჩინურ სერიალში გადამიღეს. ამ ქვეყანაში თეატრალურიდან გაცვლითი სტუდენტური პროგრამით წავედი. იქ ცხოვრებისა და მუშაობის პროცესი გამორჩეულად საინტერესო იყო. პროფესიონალიზმია ძალიან მაღალი ხარისხით. ჩინეთში 4 წლით წავედი, მაგრამ კოვიდპანდემიის გამო, 2 წლისა და 6 თვის შემდეგ დავბრუნდი. ჩინეთმა, ამ ძალიან დიდი კულტურის მქონე ქვეყანამ მთლიანად შემცვალა, შოკი მივიღე, სრულიად სხვა სამყაროა, მათ თავიანთი დედამიწა აქვთ.
- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვით...
- ...ვერ ვიტყვი, რომ ახლა ძალიან წარმატებული ვარ, მაგრამ იმ მიღწევებში, რომელიც მქონდა, დიდი წვლილი, პირველ რიგში, თავად მიმიძღვის, შემდეგ მშობლებს, ჩემს უნივერსიტეტს, თამარ ცაგარელს და გოგი მარგველაშვილს.
- ბედნიერი ვარ, რომ...
- ...ბედნიერი ვარ? არ ვიცი, ამჟამად ჩემი ბედნიერებაა, როცა დასაქმებული ვარ, ვმუშაობ, საკუთარი თავის რეალიზების შესაძლებლობა მეძლევა.
- ახლა შეყვარებული...
- ...ვარ თუ არა? მეც არ ვიცი, რაღაცნაირად ვარ, ერთი გოგო მომწონს, კარგად გაცნობის პროცესში ვარ.
- პირველად რომ შემიყვარდა...
- ...მივედი და ვუთხარი, მაგრამ იმ დროს ძალიან სასაცილო ვიყავი, ერთი ნახვით შეყვარებასავით იყო. სხვათა შორის, ამის მართლა მჯერა. შემდეგ მე და ის გოგო შეყვარებულები ვიყავით, მაგრამ მერე გული გამიტეხა და... ახლა ვიტირებ.
- ხშირად მსაყვედურობენ...
- ...დაუმსახურებლად. საყვედურები უმეტესად, ოჯახის წევრებისგან არ მსიამოვნებს, როცა საყვედურებს ჩემს ცხოვრებასთან დაკავშირებით მეუბნებიან. სულ ვფიქრობ, გონებაში ყველაფერი გაწერილი მაქვს და მგონია, ეს ჩემზე უკეთესად არავინ იცის. ზოგს ჰგონია, რომ არ ვფიქრობ. რაც ჩინეთიდან ჩამოვედი, ძალიან უსაქმური ვიყავი, მომავალზე ვფიქრობდი, ჩემი ომები მქონდა, ოჯახის წევრები ნერვიულობდნენ, მე კი ვეუბნებოდი, რომ მეც ვნერვიულობდი და ისინი თავიანთ განცდებს ნუღარ მიმატებდნენ. საერთოდ, საყვედურის მოსმენა ძალიან არ მიყვარს. შეიძლება ის რაღაც მერე სპეციალურად არ გავაკეთო. ამ დროს გაჯიუტება მჩვევია.
- საკუთარ თავთან ომი...
- ...ვფიქრობ, პერიოდულად ყველა ადამიანს აქვს, გამონაკლისი მეც არ ვარ. არის რაღაც, რაც არ მომწონს და შესაბამისად ვცდილობ მოვიშორო ის, რაც არ მჭირდება, თუმცა ეს რთულია.
- თავისუფლება არის...
- ...რაც წამოვიზარდე, სულ ვცდილობდი, წამეკითხა, ცნობილი ხელოვანები, მეცნიერები, პოლიტიკოსები, თავიანთ საქმეში წარმატებული ადამიანები როგორ ხსნიდნენ თავისუფლებას. ეს ცნება ყველას თავისებურად ესმის. თავისუფლება ჩემთვის არჩევნის თავისუფლებაა და ამავდროულად - საკუთარ თავთან უდიდესი პასუხისმგებლობაც. მგონი, კარგად კიდევ ვერ ავხსენი. დიდი და ამოუწურავი თემაა, დაუსრულებლად ლაპარაკი შეიძლება. ბოლომდე თავისუფლები ვერ ვართ. ზოგი მატერიალური საგნის, ზოგი ჩვენივე ფიქრის მონა ვართ. სრულად თავისუფლები ის ადამიანები მგონია, სადღაც ველურ ბუნებაში, სიმწვანეში მარტო რომ ცხოვრობენ. ისე, მეც მინდა, ეგრე ვიცხოვრო, მაგრამ მარტო - არა.
- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...
- ...ბევრ ადამიანს დავეხმარებოდი. ბევრ ოცნებას ავიხდენდი, მაგალითად, ჩემი ტანსაცმლის ხაზს გავაკეთებდი. განაგრძეთ კითხვა