შემთხვევა ფლორიდაში მოხდა. ოჯახი რესტორანში მაგიდასთან ელოდა შეკვეთას. უფროსებს ვახშამი მიართვეს, ბიჭუნას თეფში ცარიელი იყო. ბიჭი მდუმარედ იჯდა. "სახლში შეჭამ!" - მოკლედ მოუჭრა კაცმა, რომელიც მოგვიანებით მამინაცვალი აღმოჩნდა.
ოფიციანტი შეეჭვდა, რომ რაღაც ვერ იყო რიგზე. "დავინახე საკმაოდ დიდი ნაკაწრი წარბებს შორის, ცოტა ხანში - თვალის ქვეშაც სილურჯე. მივხვდი, რომ ბავშვი განსაცდელში იყო", - ყვება ოფიციანრი ფლავინ კარვალიო.
მან გადაწყვიტა, ბიჭისთვის ბარათი დაეწერა ქაღალდის ნაგლეჯზე: "დაგეხმარო?" ეს ბარათი მაშინ აჩვენა ბავშვს, როცა კვლავ მივიდა მაგიდასთან და მშობლებისკენ ზურგით მოექცა.
ბავშვს თავდაპირველად არ ჰქონდა რეაქცია, ხოლო მეორედ რომ უჩვენა ბარათი, თავი დააქნია თანხმობის ნიშნად.
ოფიციანტმა სულ მალე პოლიციაში დარეკა. "ძალიან ვღელავ, არ ვიცი რა ვქნა. ბიჭუნა დალურჯებულია და არ ჭამს, დანარჩენები მიირთმევენ".
პოლიციაც მალე მოვიდა. მათ მშობლები და ბიჭუნა გამოკითხეს. როცა ბავშვს სთხოვეს, პერანგის სახელოები აეწია, თვითმხილველები ყვებიან, რომ ბიჭს ტკივილისგან სახე დაემანჭა: აღმოჩნდა, რომ ხელებიც მთლად დალურჯებული ჰქონდა. მოგვიანებით, როცა ბავშვი ექიმებმა გასინჯეს, გაირკვა, რომ მას ხშირად ცემდნენ და აშიმშილებდნენ. როგორც ძიებამ დაადგინა, უილსონ და კრისტენ სუონები - ბიჭუნას მამინაცვალი და ბიოლოგიური დედა, მას ხშირად აბამდნენ ქამრებით, ცემდნენ, თავით ქვემოთ კიდებდნენ.
ფაქტობრივად, ყურადღებიანმა ოფიციანტმა ის სიკვდილისგან იხსნა.
საქმის ძიება დაიწყო და ბიჭი 4 წლის დაიკოსთან ერთად ფლორიდის ოჯახურ საქმეთა დეპარტამენტის მეურვეობის ქვეშ გადაიყვანეს. ახლა მშვილებელი ოჯახის მოლოდინში იქნებიან.
34 წლის ტიმოთი უილსონი და მისი 31 წლის მეუღლე დააპატიმრეს და ორივეს ელის სასჯელი.
ამ ამბის შესახებ მალევე შეიტყვეს ადგილობრივმა მცხოვრებლებმა. გოგონა უამრავ სამადლობელ გზავნულს იღებდა, რესტორნის მენეჯერს კი სთხოვეს, დაეჯილდოებინა მამაცი ოფიციანტი. რესტორნის მენეჯერმა შემოწირულობების ყუთი დადგა, რომ გოგონასთვის თანხა შეეგროვებინათ მადლობის ნიშნად - ყუთში უკვე 27 ათას დოლარზე მეტია.
თავად კარვალიო ამბობს, რომ არც უფიქრია არანაირ მადლობაზე თუ ჯილდოზე, უბრალოდ ადამიანური თანაგრძნობა გაუჩნდა ბავშვის მიმართ და ეცადა, ეშველა მისთვის.
ასევე გაიხსნა ანგარიში პატარა და-ძმის დასახმარებლად.