კიდევ ერთი ლამაზი ამბავი ოლიმპიადიდან: თაიგულების არ იყოს, იაპონელები ისე როგორ იზამდნენ, რომ ეროვნული სამოსი - კიმონო განსაკუთრებულად არ გამოებრწყინებინათ ასეთი მასშტაბის ღონისძიებაზე.
იაპონელი დიზაინერების ჯგუფმა მოიძიეს ოლიმპიადაში მონაწილე თითოეული ქვეყნის კულტურის, იდენტობის შესახებ ინფორმაცია, შემდეგ - დაფინანსება და 6 წლის განმავლობაში შექმნეს 206 სახელობითი კიმონო, მიზნით: წარუდგინონ მსოფლიოს ოლიმპიადაში მონაწილე 206 ქვეყანა იაპონიიდან ამ ქვეყნის სიმბოლოს - კიმონოს საშუალებით.
თითოეული ქვეყნის კიმონოზე ამ სამოსისთვის დამახასიათებელი სკურპულოზურობით და სიფაქიზით არის დატანილი კონკრეტული ქვეყნის კულტურის, იდენტობის, ლეგენდის, ხელოვნების, მეცნიერების და ა.შ. შესახებ ნიშნები.
კიმონო, სახელად საქართველო 2015 წელს შეუქმნიათ დიზაინერებს მარი ნაკაკიტას და კობო მასოჰოს. ქართულ თემას სპონსორად იაპონური ღვინის კომპანია გამოჩენია (სრულიად ლოგიკურად). გზავნილი, რაც იაპონელმა დიზაინერებმა ჩადეს საქართველოს ამსახველ კიმონოში, ტექსტადაა განთავსებული კიმონო პროექტის საიტზე. მის მოქართულებაში ჩემი შვილის იაპონურის მასწავლებელი, ნინო გლოველი დამეხმარა (ათასი არიგატო მას):
„მოტივია/თემაა ღვინის „ყურძენი," რომელიც ჩაუნაცვლებელია ქართულ კულტურაში; საქართველოში ქრისტიანობის გამავრცელებელი წმინდა ნინო; ცნობილი გენიოსი მხატვარი ფიროსმანი, რომელზეც პიკასომ თქვა, რომ მას ვერ შეედრებოდა.... სიყვარულის ისტორია, რომელიც შევიტანე "ვარდის ყვავილში" - ავიღე სიმღერიდან "მილიონი წითელი ვარდი." ასევე დავხატე კავკასიონის ულამაზესი მთები მოლივლივე მთვარის ფონზე. “
მოკლედ: ღვინო, ვაზი, წმინდა ნინო, ჯვარი, ფიროსმანი, მილიონი წითელი ვარდი და მთვარის შუქზე მოლივლივე კავკასიონი - ეს ვართ ჩვენ, იაპონური „კიმონო-ჰაიკუს“ მიხედვით.
ლამაზი კიმონო გვაქვს, საკმაოდ, თუმცა „მე უფრო ლამაზი მინდა“ - ქართული ანბანით, მაგალითად, რუსთაველით... მაგრამ რითაც გამოგვსახეს, ალბათ იმით უფრო ვჩანვართ მათ თვალში.
პიკასო რომ აღფრთოვანებული იყო ფიროსმანით, ეს კი ვიცოდი, მაგრამ „ფიროსმანს ვერც კი შევედრებიო“, ეს სად თქვა და როდის, ვერ გავარკვიე, სიმართლე გითხრათ - არც მირკვევია: თუ თქვა, კაი უქნია ძალიან. კიდევ ის ვერ გავარკვიე, ამ კიმონოს გამოგვიგზავნიან საჩუქრად ჩვენ და სხვა ქვეყნებს, თუ დარჩება ისევ ამომავალი მზის ქვეყანაში. ალბათ, ამას ოლიმპიადის დახურვისას შევიტყობთ.
მანამდე კი შეგვიძლია, ტოკიო 2020 ოლიმპიადაში მონაწილე 206 ქვეყნის ამბავი აბრეშუმის უმშვენიერესი კიმონოებიდან აქ ამოვიკითხოთ.
პ.ს. დაბლა, კიმონოს მარჯვენა კუთხეში, ჯვრია გასწვრივ ქართულად წერია ორი სიტყვა: სიყვარული და, სავარაუდოდ, მშვიდობა?? სამწუხაროდ, ვერ ვკითხულობ. თუ ამოიკითხავთ, მეც გამიზიარეთ. თუ არადა, მივწერ კიმონოს ავტორებს და მეტყვიან, ალბათ, რა გვაქვს სიყვარულთან ერთად.
ნანა აკობიძე