დიმა ტატიშვილი: ”კაცი რომ ცოლს საკუთრებად თვლის, ეს უკვე დაჩაგვრაა”
დიმა ტატიშვილი: ”კაცი რომ ცოლს საკუთრებად თვლის, ეს უკვე დაჩაგვრაა”
მსახიობ დიმა ტატიშვილს საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპული შეხედულებებისა თუ ტრადიციების შესახებ სასაუბროდ ვესტუმრეთ. ქელეხი, თრობა განსხვავებულები, ქალიშვილობა, პატიოსნება, ღალატი - ეს იმ თემების არასრული ჩამონათვალია, რაზეც მსახიობთან ვისაუბრეთ.

- რომელი ტრადიციები იწვევს ნეგატიურ დამოკიდებულებას თქვენში?
- ქელეხი. ტრადიციულად ქელეხს იხდიდნენ მხოლოდ ოჯახის წევრებისა და უახლოესი ადამიანების გარემოცვაში, რომლებიც დაკრძალვის შემდეგ იკრიბებოდნენ და ერთმანეთს ანუგეშებდნენ. არანაირ ტრადიციაში არ ჯდება 300-400-კაციანი ქელეხის გადახდა სეფაში ან საბანკეტო დარბაზში, რომელიც დაახლოებით ნახევარ საათში ქეიფის სახეს იღებს. როცა ადამიანი მოსასამძიმრებლად შორი გზიდან მოდიოდა და მას ოჯახი
ასადილებდა, ეს სხვაა, მაგრამ ამას სასმელი რომ ემატება, მეტისმეტია. ალბათ, არავინ მიწყენს, მაგრამ დასავლეთში ხშირ შემთხვევაში მიცვალებულის დაკრძალვის დროისთვის თითქმის მთელი შემადგენლობა მთვრალია, რაც ლამაზი არაა. ჩემი აზრით, ამის მიზეზი ისაა, რომ კომუნისტებმა წმინდა საეკლესიო წესები გვერდზე გადადეს, ამის გამო კი ხალხმა რაღაც თავისი მოიფიქრა და ჩამოყალიბდა ამ ფორმით. ისიც არ მომწონს, მიცვალებულს სახლში ერთი კვირა და ათი დღე რომ აჩერებენ. მესამე დღეს უნდა დაიკრძალოს.
- გენდერულ თანასწორობაზე მინდა გკითხოთ, ჩვენს რეალობაში არსებობს გენდერული თანასწორობა?
- მე მგონი, არა, უმეტესად ქალი იჩაგრება. კაცი რომ ცოლს საკუთრებად თვლის, ეს უკვე დაჩაგვრაა. კაცობრიობა საკმარისად განვითარდა
იმისათვის, რომ პიროვნება არავის საკუთრებად არ მიიჩნეოდეს. მიყვარს ერთია და ჩემი საკუთრებაა, ეგ - სხვა.
- ოჯახის უფროსის ფენომენზე რას ფიქრობთ?
- ოჯახის უფროსი მაინც მამაკაცია, იქიდან გამომდინარე, რომ მას აქვს მეტი ფიზიკური ძალა და უმეტესწილად ისაა ოჯახის მარჩენალი, თუმცა ბოროტი ენები ამბობენ, რომ მამაკაცი თავია და ქალი კისერი, რომელიც ამ თავს ატრიალებს. კვერცხისა და ქათმის თეორიაა, რომელსაც ვერ ამოხსნი. ღმერთმა გაგვაჩინა კაცებადაც და ქალებადაც, ჩვენ ვავსებთ ერთმანეთს და რატომ უნდა ვექიშპოთ და რატომ უნდა ვამტკიცოთ, ვინაა მთავარი, ვერ ვხვდები. პატარა რომ ვიყავი, მეგონა, თუ არ დაუთმობ, უფრო მეტად ვაჟკაცი ხარ, მაგრამ მერე და მერე მამაჩემის სიტყვები გამახსენდა, მოთმინება უფრო მეტი ვაჟკაცობააო. ახალგაზრდობაში არ ვეთანხმებოდი ამას, 40-ს რომ გადავაბიჯე, ამ სიტყვების ჭეშმარიტებაში დავრწმუნდი.
- დიმა, ქორწინებამდე წყვილის თანაცხოვრებასა და ზოგადად, გერლფრენდ-ბოიფრენდის თემაზე რას ფიქრობთ?
- ყველამ ინდივიდუალურად უნდა გააკეთოს არჩევანი, მაგრამ მე დიდ ტრაგედიას ვერ ვხედავ გერლფრენდ-ბოიფრენდის ინსტიტუტში, მეტიც, უმეტესწილად ეს უფრო ამართლებს. რითი განსხვავდება ჩვეულებრივი მეგობრობა ცოლ-ქმრის მეგობრობისგან? სექსით. როცა სექსი აკავშირებს ადამიანებს, ეს სულ სხვა ურთიერთობაა, ამიტომ ადამიანს უნდა იცნობდე ყველა ასპექტში, რომ მერე მასთან გააგრძელო ცხოვრება. თუმცა ბევრი შეიძლება არ დამეთანხმოს და თქვას, კდემამოსილება და პატიოსნება იკარგებაო. მორალურად რამდენად გამართლებულია ორი ადამიანის იძულებითი თანაცხოვრება, რომელთაც ერთმანეთი აღარ უყვართ? ზოგადად, სექსს ძალიან მძიმედ აღიქვამენ, თითქოს რაღაც კოშმარია. ნუ, რას ნიშნავს ეს? სექსი არის ერთ-ერთი მთავარი ბუნებრივი მოთხოვნილება. ვისაც ვისთან უნდა, იმასთან უნდა დაამყაროს სქესობრივი კავშირი. თუ ადამიანს არ ჰყავს ქმარი ან ცოლი და ჰყავს ადამიანი, რომელთანაც აქვს სქესობრივი კავშირი, რა მოხდა მერე?!. ატყდება ხოლმე ერთი ამბავი, დედა, ეს იმასთან არის თურმეო,… და მერე რა? ეს იგივეა, ადამიანი მეგობრებთან ქეიფის გამო რომ გაკიცხო, ესეც გართობაა და ისიც. ადამიანი, რომელსაც სურს სექსი და ამ მხრივ დაკმაყოფილებულიცაა, სხვანაირად აზროვნებს და უფრო ადეკვატურია სამყაროს მიმართ.
- ღალატი სქესის მიხედვით რატომ ფასდება?
- რეალურად ღალატი სქესის მიხედვით არ იყოფა, მაგრამ საზოგადოება ფიქრობს ასე, რომ კაცია და ''გაიარა''... კიდევ არსებობს ასეთი მოსაზრება, ოჯახი წმინდაა, ეს კიდევ ღალატი კი არა, გართობაა. თუ მამაკაცს არ უნდა მეუღლესთან სექსი და უნდა სხვასთან, ესაა ყველაზე ცუდი და არასწორი და არა ის, რომ სხვა ქალთან წავიდა.
- და თუ ცოლთანაც უნდა და ''სხვაგანაც''?
- სხვასთან არ უნდა უჩნდებოდეს სურვილი, ე.ი. ეს ქალი მისთვის ბოლომდე სასურველი არ არის და ურთიერთობაშია პრობლემა. სქესობრივი ლტოლვა ადამიანებში არის ძალიან მნიშვნელოვანი და ეს განსაზღვრავს ბევრ რამეს. როდესაც პარტნიორები ერთმანეთისკენ მიილტვიან, ესაა კარგი და ასეთი ადამიანების ერთობაა კარგი, სუფთა და ძლიერი ოჯახი.
იხილეთ სრულად
1208
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რამდენ ლარს შეადგენს თქვენი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი?
```