საქართველოში კორონავირუსით გამოწვეული გართულებების შედეგად კიდევ ერთი ორსული, თეონა აბაშიძე გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, ქალი შვიდი თვის ორსული იყო. ის ბოკერიას სახელობის კლინიკაში გადიოდა მკურნალობის კურსს.
„სამწუხაროდ, ქალბატონი არ იყო აცრილი და ამან თავისი საქმე გააკეთა. თავდაპირველად, შემოსვლისას, შეფასდა როგორც სტაბილური მიმდინარეობა, მაგრამ დელტა შტამი აგრესიულობით გამოირჩევა ფეხმძიმეებში. რაღაც დროის განმავლობაში შეინიშნა, რომ მას გაუჭირდა სუნთქვა და გახდა ჟანგბადდამოკიდებული. 12 აგვისტოს რეალურად დაგვიდგა საჭიროება, რომ გოგონას დავხმარებოდით ხელოვნური ვენტილატორით. რამდენიმე დღე მოხდა დასტაბილურება, მაგრამ სამწუხაროდ, 13 აგვისტოს გადავიდა რეანიმაციაში და ვერანაირად ვერ მოხერხდა მისი სტაბილურობის გამყარება", - განაცხადა ბოკერიას კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა ალექსი ვაჩაძემ.
გარდაცვლილი ლაგოდეხიდან, კერძოდ სოფელ ჰერეთისკარიდან იყო და ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დანისპარულში იყო გათხოვილი.
როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, თეონა აბაშიძეს რამდენიმე დღის წინ კორონავირუსით მამა დაეღუპა. ის კვირას დაკრძალეს.