პაციენტი ონლაინ კლინიკებთან ერთად მომსახურებას იმ ოჯახის ექიმისგანაც მიიღებს, რომელთანაც რეგისტრირებულია, რაც გარკვეულწილად ბინაზე მართვის ხარისხში დაგვეხმარება
კოვიდინფიცირებულ პაციენებს ონლაინ კლინიკებთან ერთად ის ოჯახის ექიმებიც მოემსახურებიან, რომლებთანაც რეგისტრირებულნი არიან, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ეს გადაწყვეტილება კოვიდიფიცირებულთა აქტიური შემთხვევების დიდმა რაოდენობამ განაპირობა, რომელიც 57 000-სს აჭარბებს და მეტ რესურსს მოითხოვს.
„აქტიური მობილიზება გრძელდება პირველადი ჯანდაცვის ქსელის. ოჯახის ექიმები მეტად ჩაერთვებიან პაციენტების მართვაზე ბინაში. დღეს აქტიური შემთხვევების რაოდენობა აჭარბებს უკვე 57 000-ს და ასეთი ნაკადის მართვას, ბუნებრივია სჭირდება მეტი რესურსი, ამდენად, როგორც სოფლად ასევე ქალაქებში ოჯახის ექიმები მოემსახურებიან მათთან მიმაგრებულ მოსახლეობას. პაციენტი ონლაინ კლინიკასთან ერთად მომსახურებას მიიღებს მასთან რეგისტრირებული, ანუ იმ ოჯახის ექიმისგან, რომელთანაც ის რეგისტრირებულია, რაც გარკვეულწილად დაგვეხმარება ბინაზე მართვის ხარისხის გაუმჯობესებაში,“ - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
მისი თქმით, დღეს კლინიკებში არის 7400 პაციენტი და მათი დიდი ნაწილი, დაახლოებით 70% ჟანგბადდამოკიდებულია. მინისტრის მოადგილის განმარტებით, კლინიკებთან აქტიურად მუშაობს როგორც ეკონომიკის სამინისტრო, ისე საგარეო საქმეთა სამინისტრო, რათა ჟანგბადის მოწოდება სხვადასხვა ქვეყნიდან მოხდეს. მისი ინფორმაციით, ამ მხრივ საქართველოს აზერბაიჯანი და თურქეთი ეხმარებიან.
„ასევე, რამდენიმე კლინიკამ ავტონომიური ქარხანა დაიმატა და ამ მიმართულებით სრულიად დამოუკიდებლად მუშაობენ. კლინიკებს ყოველთვის ვაფრთხილებთ, ისე არ მოხდეს, რომ ჟანგბადის წყარო იყოს გახსნილი და ის ტყუილად იკარგებოდეს. სამწუხაროდ, ასეთი შემთხვევებიც გვქონდა.
საგანგაშო ვითარება ნამდვილად არ არის. რამდენიმე წყაროდან ვიღებთ ჟანგბადს, რათა გადაზღვევა მოხდეს და ერთი წყაროს დაკარგვის შემთხვევაში, დეფიციტი არ შეიქმნას. ბუნებრივია, ამის მნიშვნელობა ყველას ესმის და ძალები მაქსიმალურად არის მობილიზებული, რათა კლინიკებს ეს პრობლება არ შეექმნათ. იმისთვის, რომ ჟანგბადის მიწოდება უზრუნველყოფილ იქნას, მუშაობის რეჟიმი საკმაოდ დატვირთულია“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.